ახალი ამბები

თბილისი მოსკოვს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაში ადანაშაულებს

22 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც რუსეთს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის დაუფარავ მხარდაჭერაში და იარაღის მიწოდებაში, საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის მცდელობაში,  საქართველოს სავიზო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. ოფიციალური თბილისი ასევე პროტესტს გამოთქვამს ქართულ–ოსური კონფლიქტის სამშვიდობო პროცესის საბაზისო შეთანხმებების დარღვევისა და რუსი სამშვიდობოების უმოქმედობის გამო. 


ქართული მხარე 20–21 სექტემბერს ცხინვალის რეგიონში მომხდარი ინციდენტების ეუთოს მონაწილეობით გამოძიებას მოითხოვს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია:


“მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ქ.ცხინვალში ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ჩატარდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის “დამოუკიდებლობის დღის” აღსანიშნავი დღესასწაული, მათ შორის სამხედრო აღლუმი.


სამხედრო აღლუმზე საჯარისო ქვედანაყოფებთან ერთად გამოყვანილი იქნა მძიმე ტექნიკა, მათ შორის სამი თვითმავალი საარტელერიო დანადგარი, ოთხი ტანკი Т-55, სამი ჯავშანტრანსპორტიორი БТР-70, სამი ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2, სამი 120 მილიმეტრიანი ნაღმსატყორცნი და სამი საზენიტო დანადგარი ЗУ-23-2.


აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სამშვიდობო პროცესის საბაზისო დოკუმენტის, სოჭის 1992 წლის შეთანხმების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზ. ჟვანიასა და რეგიონის დე-ფაქტო ლიდერის ე. კოკოითის 2004 წლის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების, შერეული საკონტროლო კომისიის დადგენილებების უხეშ დარღვევას. ეს ფაქტი ასევე უარყოფითად შეაფასა საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელობამაც.


ამავე დროს, უკონტროლო ტერიტორიაზე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით შეზღუდული შეიარაღებისა და ტექნიკის დემონსტრირება, აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების ძირითად დებულებებთან და პრინციპებთან, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე.


“საზეიმო” ღონისძიებებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ, საზღვრის დარღვევით შემოსული რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის, ძირითადად მმართველი პარტიის, დეპუტატები, ცენტრალური და რეგიონული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ფედერალური სუბიექტების ხელმძღვანელები, რუსეთის მაღალი სასულიერო პირები.


მაშინ როდესაც რუსეთის ფედერაციას ნაკისრი აქვს საქართველოს ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ძირითადი შუამავლის და შეთანხმებების გარანტის ფუნქცია, რუსეთის წარმომადგენლების ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გვერდზე გამოჩენა, აშკარად მიუთითებს სეპარასტისტული რეჟიმის დაუფარავ მხარდაჭერაზე. ამ მხარდაჭერის დასტურია ასევე მძიმე შეიარაღების მიწოდება სეპარატისტებისთვის, რაზეც არაერთხელ განუცხადებია ქართულ მხარეს.


მსგავსი ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, აღებული მრავალმხრივი და ორმხრივი ვალდებულებების უხეშ დარღვევას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის ხელყოფას.


ამასთანავე, განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობის უმოქმედობა, როდესაც მათ თვალწინ, კონფლიქტის ზონაში, დაუფარავად გადაადგილდება მძიმე ტექნიკა. სამშვიდობო კონტინგენტი, მსგავსი ქმედებების აღკვეთის ნაცვლად, დაკავებულია საზეიმო ღონისძიებებზე მიმავალი “სტუმრების” უსაფრთხოების უზრუნველყოფითა და გაცილებით. სწორედ მათი ხელშეწყობით იარაღდება სეპარატისტული ხელისუფლება, ადგილი აქვს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, კრიმინალებისა და კონტრაბანდის დაუფარავ მოძრაობას კინფლიქტის ზონაში, ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცებისა და სხვა მძიმე დანაშაულის ფაქტები. ყოველივე ეს წარმოადგენს სამშვიდობო ძალების მიერ მათი მოქმედების მანდატის უხეშ დარღვევას, რაც კითხვის ქვეშ აყენებს კონფლიქტის ზონაში მათი ყოფნის მიზანშეწონილობას.


სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა აკეთებს ყოვლად უპასუხისმგებლო, განცხადებებს და უმიზეზოდ ადანაშაულებს ქართულ მხარეს.


თავის მხრივ ქართულ მხარეს არაერთხელ განუცხადებია, რომ კონფლიქტის ზონებში პროვოკაციების ძირითად მიზეზს უკონტროლო შეიარაღების არსებობა წარმოადგენს და აუცილებელია ამ მიმართებით საერთაშორისო კონტროლის გაძლიერება. ხოლო, ცხინვალის რეგიონში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ინციდენტებთან დაკავშირებით კი, ქართული მხარე დაჟინებით ითხოვს ეუთო-ს მონაწილეობით, მათ ობიექტურ გამოძიებას.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოითხოვს რუსეთის მხარისაგან დაუყოვნებლივ აღკვეთოს ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ზემოაღნიშნული დესტრუქციული ქმედება და ასევე იარაღის მიწოდება სეპარატისტული რეჟიმებისათვის.


ამავე დროს მივმართავთ მსოფლიო თანამეგობრობას, რათა სათანადოდ შეფასდეს რუსეთის ფედერაციის მცდელობა შელახოს საქართველოს სუვერენული უფლებები, ჩაერიოს საშინაო საქმეებში და ხელყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა”.

Back to top button