ახალი ამბები

პატიმრის გარდაცვალებამ იუსტიციის მინისტრის კრიტიკა გაამწვავა







იუსტიციის სამინისტრო უარყოფს კოტე კემულარიას
გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი კოტე კემულარია ბოლო დროს ადამიანის უფლებათა დამცველთა კრიტიკის ობიექტი გახდა ციხეებში არსებული კორუფციისა და ავადმყოფი პატიმრებისადმი ცუდი მოპყრობის გამო.


თბილისის N1 საპყრობილის პატიმრის, 24 წლის ნუგზარ ქსოვრელის გარდაცავალებას კემულარიას წინააღმდეგ კრიტიკის ახალი ტალღა მოყვა. ნუგზარ ქსოვრელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ციხის საავადმყოფოდან 11 სექტემბერს გადაიყვანეს, თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, მისი სიცოცხლის გადარჩენა უკვე დაგვიანებული იყო. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ვირუსული დაავადებით პატიმრის გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა. იმავე საპყრობილის პატიმარი კახაბერ შათირიშვილი 31 აგვისტოს გარდაიცვალა.


საპყრობილეებში არსებული ვითარების მონიტორინგის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შექმნილი საბჭოს განცხადებით, ავადმყოფ პატიმარს სულ ცოტა 500 აშშ დოლარი სჭირდება, რომ ციხის საავადმყოფოდან ქალაქის საავადმყოფოში გადასაყვანად ციხის მაღალჩინოსანს ქრთამი მისცეს.


“ციხეები გადატვირთულია. 15 პატიმრისთვის გათვალისწინებულ საკანში ორჯერ მეტი პატიმარია. ბიუჯეტიდან თვეში 23 ლარია გამოყოფილი პატიმრის კვებაზე, თუმცა იმის გამო, რომ პატიმართა რაოდენობა გაიზარდა, ეს თანხა რეალურად მხოლოდ 14-15 ლარს შეადგენს. ხოლო მკურნალობისთვის თითო პატიმარზე მხოლოდ 3 თეთრია გათვალისწინებული“, – განუცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ “სივილ ჯორჯიას“. იგი ასევე ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტროს 19-წევრიან მონიტორინგის საბჭოს.


“სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს კორუფცია. თუ პატიმარი ჯანმრთელია, მაგრამ 500 დოლარს ან მეტს გადაიხდის,  იგი შესაძლოა გადაიყვანონ საავადმყოფოში, სადაც პირობები, რა თქმა უნდა, უკეთესია, ვიდრე საკნებში“,– დასძინა მან.


სახალხო დამცველის მოადგილე ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ ომბუდსმენის ოფისს ასევე გააჩნია ციხეებში კორუფციის არსებობის ფაქტები. “ნუგზარ ქსოვრელის დედამ განაცხადა, რომ მან ფული გადაიხადა იმისთვის, რომ  შვილი საავადმყოფოში გადაეყვანა“,– განაცხადა ახალაიამ.


“მინისტრ კემულარიას ან არ აღელვებს რა ხდება პენიტენციალურ სისტემაში, ან უბრალოდ სისტემაში არსებული კორუფციის მონაწილეა“,– აცხადებს თეა თუთბერიძემ. 


იუსტიციის სამინისტრომ უარყო ბრალდებები და სანაცვლოდ ომბუდსმენის ოფისს და იუსტიციის სამინისტროს მონიტორინგის საბჭოს  წევრებს “კორუფციულ გარიგებებში“ მონაწილეობა დასდო ბრალად.


“ბოლო დღეებში მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ [იუსტიციის სამინისტროს მიერ] გაირკვა, რომ ჯანმრთელი პატიმრების სამკურნალო დაწესებულებაში მოხვედრაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრი მარიამ ჯიშკარიანი, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ლანა გალდავაც მონაწილეობდნენ. [იუსტიციის სამინისტროს მიერ მოპოვებული] დოკუმენტებით დასტურდება ადამიანის უფლებათა ეგრეთწოდებულ დამცველთა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ 16 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.


მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელი არასამთავრობო ორგანიზაცია “ემფატიას“ ხელმძღვანელია, იუსტიციის მინისტრის კოტე კემულარიას წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სარჩელის შეტანას გეგმავს. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ასევე უარყო მისი წარმომადგენლის მონაწილეობა უკანონო ქმედებებში. 


მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა გენერალურ პროკურატურას მიმართეს 24 წლის პატიმრის გარდაცვალების მიზეზების გამოძიების დასაწყებად.


იუსტიციის სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს შორის არსებულმა დაპირისპირებამ უკვე გამოიწვია ვარაუდები კოტე კემულარიას შესაძლო გადადგომის თაობაზე. თუმცა, იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურმა 20 სექტემბერს კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები.


კოტე კემულარიას 90-იანი წლების დასაწყისშიც ეკავა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა. კემულარია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მოკავშირე იყო და 1999 წლის მოწვევის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას თავმჯდომარეობდა. 2004 წლის დასაწყისში კემულარია რუსეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა, ხოლო 2004 წლის ივნისში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე იგი 2005 წლის თებერვალში დაინიშნა.  

მსგავსი/Related

Back to top button