
კანონმდებლები დეპუტატის ბიზნესინტერესებს გამოიძიებენ
მმართველი პარტიის დეპუტატების გადაწყვეტილებით, შეიქმნება სპეციალური საპარლამენტო კომისია, რომელიც დეპუტატ კობა ბექაურის წინააღმდეგ გამოთქმულ იმ ბრალდებებს გამოიძიებს, რომლებიც სტუდია “რეპორტიორის“ მიერ გადაღებულ საგამოძიებო ფილმშია გაჟღერებული. თუმცა, პარტიის ლიდერებმა უკვე გამოხატეს ბექაურისადმი მხარდაჭერა, განაცხადეს რა, რომ საგამოძიებო ფილმმა, რომელიც ასევე უკავშირდება ჟურნალისტის დაკავების სკანდალს, ვერ დაამტკიცა ბექაურის უკანონო საქმიანობა.
გადაწყვეტილება კომისიის შექმნის თაობაზე, რასაც ასევე ითხოვდნენ ოპოზიციონერი პარლამენტარები, საპარლამენტო უმრავლესობის 14 სექტემბრის სხდომაზე იქნა მიღებული. დეპუტატმა ბექაურმა სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ იგი გადადგება “ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან, რათა არ გამოიწვიოს ეჭვები მის მიერ საპარლამენტო გამოძიებაზე შესაძლო ზეწოლის თაობაზე.
საქმე ეხება დეპუტატ ბექაურის საბაჟო ტერმინალ “ოპიზასთან“ კავშირს. ფილმი, რომელიც ბექაურს საბაჟო ტერმინალ “ოპიზას“ წილის უკანონო შესყიდვაში ამხელს, საფუძველი გახდა იმ სკანდალისა, რომელიც ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის დაპატიმრებას უკავშირდება. ბექაური აცხადებს, რომ რამიშვილი მას ფულს სძალავდა ფილმის დაბლოკვის სანაცვლოდ. რამიშვილის თქმით, ბექაურმა გამოძალვის საქმე შეთითხნა.
საპარლამენტო კომისია, რომელშიც უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატები დაიკავებენ, გამოიძიებს მონაწილეობდა თუ არა ბექაური საბაჟო ტერმინალის მართვაში, ასევე გაარკვევს ჰქონდა თუ არა დეპუტატს უფლება აეღო უპროცენტო ვალი ბიზნესმენისგან ტერმინალის 20%–იანი წილის შესყიდვის მიზნით.
30-წუთიანი ფილმი დამოუკიდებელმა სტუდია”რეპორტიორმა“ გადაიღო, რომელიც 13 სექტემბერს ტელეკომპანია “202“-ის ეთერით გავიდა. სტუდია “რეპორტიორი“, რომელიც ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ და “ევრაზიის“ ფინანსური მხარდაჭერით აწარმოებს ჟურნალისტურ გამოძიებას, კონტრაქტი აქვს გაფორმებული ტელეკომპანია “202“-სთან ჟურნალისტური გამოძიების სიუჟეტების გაშვებასთან დაკავშირებით.
დეპუტატ ბექაურის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტი სახელწოდებით –”დეპუტატის ვალი“ 14 სექტემბერს ასევე გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეთერით, რამაც საშულება მისცა უფრო ფართო აუდიტორიას ენახა ფილმი, რადგანაც “202“-ის მაუწყებლობა მხოლოდ თბილისში ვრცელდება.
სიუჟეტის თანახმად, დეპუტატ კობა ბექაურის კაპიტალი 294,000 ლარით გაიზარდა მას შემდეგ, რაც იგი ერთი წლის წინ პარლამენტარი გახდა. ინტერვიუში, რომელიც ამ ფილმის ნაწილია, კობა ბექაური აღიარებს, რომ მან ისრაელში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენისგან 150 000 აშშ დოლარის ოდენობის უპროცენტო სესხი აიღო.
სტუდია “რეპორტიორის“ ჟურნალისტებმა ინტერვიუები ჩამოართვეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს ანა დოლიძეს და ადვოკატ არჩილ კბილაშვილს, რომელთა განცხადებითაც უპროცენტო სესხის აღებით ბექაურმა დაარღვია კანონი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება აქვს მიიღოს საჩუქარი, თუ ერთი წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრის საერთო ღირებულება არ აღემატება საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობას – 150,000 აშშ დოლარის შესაძლო საპროცენტო განაკვეთი კი ბევრად აღემატება ამ თანხას.
იურიდიული ექსპერტები დოლიძე და კბილაშვილი აცხადებენ, რომ საჯარო მოხელისთვის მიცემული უპროცენტო სესხი საჩუქრად უნდა ჩაითვალოს.
თუმცა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ კანონი ინტერესტთა კონფლიქტის შესახებ არ იძლევა ზუსტ განსაზღვრას არის თუ არა უპროცენრო სესხი საჩუქარი.
“საერთო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ სიუჟეტში გამოთქმული პრეტენზიები იურიდიული თვალსაზრისით უსაფუძვლოა… ამგვარად, ეს სიუჟეტი არ იძლევა რაიმე მიზეზს, რომ ბექაურის წინააღმდეგ საქმე აღიძრას. მაგრამ, თუ მართლაც ჰქონდა ადგილი კანონდარღვევებს, ამას საპარლამენტო კომისია გამოიძიებს“, – განუცხადა ბეჟაშვილმა “სივილ ჯორჯიას”.
კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც კობა ბექაურს უკანონო საქმიანობაში ამხელს, უკავშირდება მის საბაჟო ტერმინალ “ოპიზას“ მართვაში მონაწილეობას. ფარული კამერით გადაღებულ ფილმში დეპუტატი ბექაური ტელეფონით ესაუბრება ტერმინალის ერთ-ერთ თანამშრომელს და მბრძანებლური ტონით მოითხოვს მისგან საწარმოს საქმიანობის თაობაზე რაღაც დოკუმენტების მოტანას. ჟურნალისტებმა ეს ფაქტი გამოიყენეს, როგორც არგუმენტი ბექაურის ტერმინალის მართვაში მონაწილეობის სასარგებლოდ.
გავლენიანმა დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ გიგა ბოკერიამ 14 სექტემბერს განაცხადა, რომ საპარლამენტო კომისია შეიქმნება მხოლოდ ერთი მიზნით: “გამოიძიოს მონაწილეობდა თუ არა ბექაური ტერმინალის მართვაში“.
“ვფიქრობ, ბექაურმა თავად გაფანტა ეჭვები [მართვაში მონაწილეობის თაობაზე], მაგრამ საზოგადოებას შესაძლოა ჯერ კიდევ აქვს ეჭვები და კომისია ამას გამოიძიებს“,– განაცხადა დეპუტატმა ბოკერიამ და აქვე დასძინა, რომ უპროცენტო სესხთან დაკავშირებული საკითხი ნათელია და გამოძიებას არ საჭიროებს.
თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ სკანდალი, რომელმაც მმართველი პარტიის დისკრედიტაცია მოახდინა, საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ბექაურს დეპუტატის მანდატი ჩამოერთვას.