ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება მოსკოვის განცხადებას პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 13 სექტემბრის საინფორმაციო შეტყობინებასთან  დაკავშირებით, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული ნატოს წევრი ქვეყნების, კერძოდ ჩეხეთის მიერ საქართველოსთვის იარაღის უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხდებით, “ამგვარი კომენტარები [რუსეთის მხრიდან] გაკვირვებას იწვევს და ხელს არ უწყობს ბოლო პერიოდში ორი ქვეყნის ურთიერთობაში გამოკვეთილი დადებითი ტენდეციების განვითარებას“.


“შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია, ბრძოლისუნარიანობის ამაღლება, ისევე როგორც ქვეყნის დემოკრატიულ აღმშენებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა, საქართველოს სუვერენული უფლებაა და ეს პროცესი გაგრძელდება, მოსწონს თუ არა ეს რომელიმე სხვა მხარეს“, – ნათქვამია განცხადებაში.


ჩეხეთის რადიო 1-ის ცნობით, ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა 500,000 ჩეხური კრონის (21,000 აშშ დოლარი) ღირებულების საბრძოლო მასალა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით,  ჩეხეთის მთავრობის მიერ გადმოცემული სამხედრო აღჭურვილობა “აშშ-ს დახმარებით “სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების პროგრამის“ ფარგლებში მომზადებულ ქართველ ქვედანაყოფებს მოხმარდება“.


რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში გამოთქმულ “შეშფოთებაზე“ ჩეხეთის მთავრობის მიერ გადმოცემული საბრძოლო მასალის სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ შესაძლო გამოყენებასა ან ტერორისტების ხელში შესაძლო მოხვედრის შესახებ, საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სეპარატისტული რეჟიმის მილიტარიზაციის ზრდასთან დაკავშირებულ საშიშროებაზე ქართული მხარე დღემდე ამახვილებს მსოფილო საზოგადოების, მათ შორის რუსეთის ყურადღებას.


“აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გადამდგარი და საკადრო მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობენ და წვრთნიან კონფლიქტურ რეგიონებში სეპარატისტული ხელისუფლების “შეიარაღებულ ძალებს“, – ნათქვამია განცხადებაში.


საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველომ ასევე არაერთხელ მიმართა რუსეთის მხარეს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მონაკვეთების ერთობლივი კონტროლის თაობაზე, თუმცა “უშედეგოდ“. 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 14 სექტემბერს ასევე დაგმო რუსეთის საგარეო უწყების განცხადება, და აღნიშნა, რომ “ეს არ არის რუსეთის საქმე საქართველო სად საჩუქრად მიიღებს და სად შეისყიდის შეიარაღებას საკუთარი შეიარაღებული ძალების მომზადების და ბრძოლისუნარიანობის ხარისხის ასამაღებლად”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button