
აშშ-ს დახმარება საქართველოს ინფრასტრუქტურას მოხმარდება
საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 12 სექტემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც “ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების და სიღარიბის დაძლევის მიზნით 295,3 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. პროგრამა პირდაპირ შეეხება ნახევარ მილიონამდე ქართველს.
შეთანხმებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჩარლზ სეტნესმა ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც დაესწრნენ.
“ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ კონტრაქტში, რომელიც ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და სოფლად ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული, მისი მასშტაბებია. ამ შეთანხმებაში ასახულ პროგრამებს იმის პოტენციალი აქვთ, რომ ასიათასობით ქართველამდე მიაღწიოს“, – განაცხადა კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჩარლზ სეტნესმა ხელმოწერის ცერემონიაზე.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა თავის კომენტარებში აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა არის “კონკრეტული გამოხატულება იმ აქტიური პარტნიორობისა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ავითარებენ, რადგანაც საქართველო განაგრძობს დამოუკიდებელი, უსაფრთხო და ერთიანი დემოკრატიის განვითარებას“.
მას ასევე განაცხადა, რომ “ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგანაც საქართველო განაგრძობს კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიის, თავისუფალი ეკონომიკის და მმართველობის ეფექტური ინსტიტუტების დამკვიდრებას“.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს “არის დახმარების ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც მე ოდესმე მინახავს და მე ბევრი დახმარების პროგრამა მინახავას ჩემს ქვეყანაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში“.
კონდოლიზა რაისმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ დახმარების ნაწილით საქართველო შეძლებს მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას.
“საქართველო დაფინანსების ნაწილს გამოიყენებს იმ გაზსადენის რეაბილიტაციისთვის, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და მოსახლეობას და საწარმოებს ამარაგებს. გაზის ხელმისაწვდომობა შეამცირებს იმ ეკოლოგიურ, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკებს, რომელსაც შეშის წვა და სახლებში ნავთქურების გამოყენება იწვევს – რისკი, რომლის ქვეშაც ქალები და ბავშვები იმყოფებიან“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.
საქართველოს პრეზიდენტმა 2005 წლის თებერვალში განაცხადა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები რუსეთის ენერგოკომპანია “გაზპრომ“-თან ცენტრალური გაზსადენის პრივატიზების თაობაზე. აშშ-მ მოუწოდა საქართველოს სიფრთხილე გამოიჩინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
შედეგად, ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის გამართული კონსულტაციების დროს, რომელიც დახმარების პრიორიტეტებს ეხებოდა, გადაწყდა 49,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის მიზნით.
პროგრამის დეტალები
აშშ-ს დახმარების პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს რეგიონალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ბიზნესის განვითარება წარმოადგენს. ამ მიზნით პროგრამაში შესაბამისად 211.7 მილიონი და 47.5 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო. დარჩენილი 36 მილიონი ადმინისტრაციული ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული, მათ შორის: ადმინისტრირება და კონტროლი (27.6 მილიონი) და მთლიანი პროგრამის მონიტორინგი და შეფასება (8.4 მილიონი).
რეგიონალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია
დაფინანსების ძირითადი ნაწილი – 102 მილიონი აშშ დოლარი – სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაახლოებით 245 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.
“ათასწლეულის გამოწვევის საქართველოს ფონდის“ თანახმად, სამცხე-ჯავახეთში გზების რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისიდან მგზავრობის დრო, რომელიც ამჟამად 6.5 საათს შეადგენს – თითქმის სამი საათით შემცირდება. ამრიგად, ეს შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს ფერმერებისა და მცირე ბიზნესმენებისთვის.
49.5 მილიონი მოხმარდება საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას.
60 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, მათ შორის წყლის და საკანალიზაციო სისტემების, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას, მუნიციპალურ გაზიფიცირებას და გზების შეკეთებას რაიონებში.
ბიზნესის განვითარება
32.5 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფილია დამოუკიდებელი საინვესტიციო ფონდისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას გრძელვადიანი რისკის მქონე კაპიტალის დაცვა და ტექნიკური დახმარება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, უპირველესად რაიონებში. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საინვესტიციო ფონდი ასევე განსაზღვრავს საკანონმდებლო და პოლიტიკური რეფორმების მიმართულებებს.
15 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება ტექნიკურ დახმარებას და გრანტების გაცემას ფერმერებისთვის და აგრობიზნესისთვის, რომლებიც ადგილობრივ ბაზარს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ამარაგებენ.