
ბურჯანაძე პარლამენტის პრიორიტეტებზე საუბრობს
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საკანონმდებლო ორგანოს პრიორიტეტებზე ისაუბრა და დეპუტატებს საპარლამენტო საქმიანობაში უფრო აქტიური მონაწილეობა მოსთხოვა. მან ასევე მოუწოდა ოპოზიციას უფრო “კონსტრუქციული“ იყოს ხელისუფლების კრიტიკის დროს.
საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებს შორის ნინო ბურჯანაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ზრდა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი კანონების მიღება დაასახელა.
“ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა – ეს პარლამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პარლამენტართა ჯგუფი ახლახანს იმყოფებოდა სტრასბურგში, სადაც ჩვენ კოლეგებთან ერთად [ევროპის საბჭოდან] დეტალურად განვიხილეთ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტები. მზად ვართ მივიღოთ ყველა კონსტრუქციული წინადადება ამ საკითხზე. თვითმმართველობის რეფორმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი განვითარებისთვის. ჩვენ ნამდვილი თვითმმართველობა უნდა ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მან მოუწოდა დეპუტატებს უფრო აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში.
“გასულ წელს ჩვენ ვერ შევძელით ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხებზე დეტალურად გვემსჯელა. საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებული დებატები სიღრმისეული, ამომწურავი და აბსოლუტურად გამჭირვალე უნდა იყოს. ბიუჯეტი არის ის მთავარი ბერკეტი, რომლითაც პარლამენტი ახორციელებს თავის საქმიანობას ქვეყნის განვითარებისათვის. თითოეული თქვენგანი აქტიურად უნდა ჩაერთოს საბიუჯეტო დებატებში“, – მიმართა ბურჯანაძემ კოლეგებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმების განხორციელების გარეშე ქვეყანა ვერ შეძლებს ხელისუფლების მიერ დასახული მიზნების მიღწევას.
“დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გარეშე, ქვეყანა ვერასოდეს შეძლებს ფეხზე დადგომას. ჩვენ არ ვაპირებთ თვალი დავხუჭოთ იმ ფაქტზე, რომ ჩვენ ნამდვილად არ გაგვაჩნია იდეალური სასამართლო სისტემა, ჩვენ სერიოზული პრეტენზიები გვაქვს სასამართლო სისტემის წარმომადგენლების მიმართ. ეს რეალობაა. თუმცა, მე ისიც ვიცი, რამდენად სერიოზულად მუშაობენ შესაბამისი [საპარლამენტო] კომიტეტები სიტუაციის გამოსასწორებლად. არსებობს პოლიტიკური ნება [სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად]“, – განაცხადა მან.
ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი კანონების მიღების გზით.
“2008 წლისთვის ჩვენმა პარლამენტმა უნდა მიიღოს ის კანონები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ვისაუბროთ ჩვენს ასოცირებულ წევრობაზე ევროკავშირში. ეს ცარიელი სიტყვები არ არის“, – განაცხადა მან.
“ბედნიერი ვარ, რომ ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელებით, ჩვენ შევძლებთ 2006 წლიდან ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელების დაწყებას. ეს უდიდესი მიღწევაა“, –დასძინა ბურჯანაძემ.
მან მოუწოდა დეპუტატებს როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიებიდან, კონსტრუქციულად ითანამშრომლონ “პარლამენტის პრესტიჟის“ ასამაღლებლად.
ცოტა ხნის წინ პარლამენტი და მისი თავმჯდომარე ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის – აღმასრულებელი ხელისუფლების სწორი მონიტორინგის – შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკეს. ოპონენტების განცხადებით, პარლამენტის პოლიტიკას ძირითადად მმართველი პარტიის დეპუტატების მცირე ჯგუფი განსაზღვრავს. ამ ჯგუფის არაოფიციალური ლიდერი გავლენიანი დეპუტატი გიგა ბოკერიაა.
“პარლამენტის პრეტიჟი არ არის დამოკიდებული მხოლოდ რამოდენიმე დეპუტატზე. პარლამენტის რეპუტაციის შესაქმნელად მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე დეპუტატი არ არის საკმარისი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
“ჩვენ დაინტერესებული ვართ ქვეყანაში ძლიერი და კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობით. მაგრამ ოპოზიცია ძლიერი და კონსტრუქციული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ჩვენს მიღწევებსაც დაინახავს. თქვენი ობიექტური კრიტიკაც კი დაკარგავს თავის ობიექტურობას, თუ თქვენ [ოპოზიცია] თვალს დახუჭავთ [მთავრობის] მიღწევებზე. თქვენი კრიტიკა გაგონილი იქნება, თუ კონსტრუქციულები იქნებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, პარლამენტი სიტყვის თავისუფლების გარანტი უნდა იყოს. მან კომენტარი გააკეთა ოპონენტების ბოლოდროინდელ კრიტიკაზე მთავრობის მცდელობასთან დაკავშირებით გააკონტროლოს მედიის სარედაქციო პოლიტიკა.
“არ დავუშვებთ ზეწოლას დამოუკიდებელ მედიაზე“, განაცხადა ბურჯანაძემ, თუმცა დასძინა, რომ მედია ობიექტურად უნდა აშუქებდეს მოვლენებს. “ობიექტური და კორექტური გაშუქება – ეს არის ჩვენი თხოვნა მედიის მიმართ და ნუ მიიჩნევთ ამას, როგორც მედიის საქმეებში ჩვენი ჩარევის მცდელობად“, – დასძინა მან.
ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა ბურჯანაძის მოხსენება გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მან ძირითადად მთავრობის წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრისგან კი თავი შეიკავა.
“თქვენი მოხსენება ძალიან ჰგავდა იმ მოხსენებებს, რომლებსაც ჩვენ თითქმის ყოველდღე ვისმენთ პრეზიდენტისგან. მე თქვენგან პრობლემების შესახებ უფრო რადიკალურ განცხადებებს ველოდი “, – მიმართა “ახალი მემარჯვენეების“ წევრმა, დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ნინო ბურჯანაძეს.
“რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძე “ძალიან ოპტიმისტური“ იყო და საჭირო ყურადღება არ დაუთმო პრობლემებს. “მაგრამ ამავე დროს, მე მივესალმები თქვენს პოზიციას პარლამენტის რეპუტაციის ზრდის საჭიროების თაობაზე, რადგანაც ამჟამად მისი [რეპუტაციის] დონე ძალიან დაბალია“, განუცხადა ხაინდრავამ ნინო ბურჯანაძეს.