ახალი ამბები

ხაინდრავა: კოკოითის და ნოღაიდელის შეხვედრის საკითხი შეთანხმებულია

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ მოსკოვში 10 სექტემბერს “რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრა სავარაუდოდ სექტემბერის ბოლოს გაიმართება.


ხაინდრავას თქმით, იგი მოსკოვში გამგზავრებამდე 9 სექტემბერს დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს ამ საკითხზე ესაუბრა და “პრაქტიკულად საკითხი პრემიერთან შეხვედრის შესახებ შეთანხმებულად შეიძლება ჩაითვალოს“.


სახელმწიფო მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ზურაბ ნოღაიდელის და ედუარდ კოკოითის შეხვედრა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომამდე გაიმართოს, რომელიც 20 სექტემბერს ვლადიკავკაზშია დაგეგმილი.

“ჩვენც გვინდა, რომ შსკ სხდომისთვის გვქონდეს კონკრეტული შედეგი“, – იუწყება “რია ნოვსოტი“ 10 სექტემბერს გიორგი ხაინდრავას სიტყვებზე დაყრდნობით.


“არსებობს უამრავი საკითხი, რომელიც განხილვას საჭიროებს, არსებობს კონკრეტული შეთანხმებები, რომლის შესრულებაც არის საჭირო, არსებობს შეშფოთება რეგიონში, რომელიც უნდა გამოსწორდეს… შეხვედრების გარეშე პროცესის განვითარება შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ უნდა შევხვდეთ და ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.


მისი თქმით, ქართულ მხარეს აღელვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარება.


“ღიად შეიმჩნევა მილიტარიზაცია კონფლიქტის ზონებში და ეს მაშინ, როცა ყველა ხელმოწერილი დოკუმენტი მხარეებს დემილიტარიზაციას ავალდებულებს“, – განაცხადა ხაინდრავამ.


მისი თქმით, მოსკოვში ვიზიტისას ქართულ მხარეს რუსი პარტნიორებისგან  აინტერესებს გაიგოს “რამდენად არის [რუსეთის მხრიდან] შენარჩუნებული მშვიდობიანი პროცესის გაგრძელების სურვილი“.


“თუ ეს ასე არ არის, მაშინ ჩვენ უნდა მივმართოთ სხვა მეთოდებს, სხვა ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, – დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.


გიორგი ხაინდრავამ, “რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართული მხარე სამხრეთ ოსეთში არ აპირებს აგრესიის გამოვლენას და კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით მოგვარებას.


“ეს იქნება კატასტროფის ტოლფასი საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მოთხოვნა”, – დასძინა გიორგი ხაინდრავამ.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button