
შიდა პრობლემების მიუხედავად საქართველო პოსტ–საბჭოთა სივრცეში დემოკრატიის გავრცელებაზე ზრუნავს
ბელარუსში ცხრადღიანი პატიმრობის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული “კმარას” ორი აქტივისტი 6 სექტემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიღო და განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ პოსტ–საბჭოთა სივრცეში დემოკრატიის გავრცელება საქართველოს საგარეო პოლიტიკის აშკარა მიმართულებად იქცა, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ქვეყნის შიდა დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები საქართველოს ხელისუფლების ამ საგარეო მისიის მიმართ საზოგადოებაში გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ დაკავებულ ორგანიზაცია “კმარა”-ს წევრებს ლუკა წულაძეს და გიორგი კანდელაკს შეხვდა. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ამ ჟესტით საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველო ცდილობს პოსტ–საბჭოთა სივრცეში რევოლუციის კატალიზატორის როლი ითამაშოს.
10 მაისს აშშ–ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოფიციალური დეკლარირება მოახდინა იმისა, რომ საქართველო მზადაა იყოს აშშ–ს პარტნიორი პოსტ–საბჭოთა სივრცეში დემოკრატიის და თავისუფლების გავრცელების საქმეში. თავის მხრივ ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ “ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს თავისუფალ ერებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ და ერთად ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს“.
დამკვირვებელები მიიჩნევენ, რომ საქართველო დროდადრო ცდილობს შეახსენოს მსოფლიოს, რომ იგი “ვარდების რევოლუციის“ პრინციპების ერთგული რჩება.
ახალგაზრდული ორგანიზაცია “კმარას“ ორი აქტივისტი გიორგი კადელაკი და ლუკა წულაძე მინსკში 24 აგვისტოს დააკავეს. მათთან ერთად ასევე დააკავეს ბელარუსის ახალგაზრდული მოძრაობა “ზუბრის“ (ქართული „კმარას“ და უკრაინული „პორას“ მსგავსი ორგანიზაცია) კოორდინატორი ვლადიმერ კობეცი, რომელიც დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ გაათავისუფლეს. ქართველი ახალგაზრდების დაკავება ოფიციალურად გააპროტესტეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ხოლო ორგანიზაცია Amnesty International-მა ლუკა წულაძეს და გიორგი კანდელაკს პოლიტიკური პატიმრები უწოდა.
29 აგვისტოს წულაძეს და კანდელაკს სასამართლომ “ხულიგნობისთვის“ 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა მოგვიანებით, 1 სექტემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს ორივე მოქალაქე გაანთავისუფლეს. გიორგი კანდელაკის თქმით, მათი განთავისუფლება შედეგი იყო იმ საერთაშორისო გამოხმაურებისა, რომელიც მათ დაკავებას მოჰყვა.
6 სექტემბერს “კმარელებთან“ შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს კანონიერების ფარგლებში ყველგან დაიცავს. “მზად ვართ მთელ ქვეყანაში დემოკრატიას მხარი დავუჭიროთ”, – დასძინა მან.
კანდელაკისა და წულაძის მინსკში გამგზავრების მიზანი ბელარუსი ახალგაზრდებისათვის “ვარდების რევოლუციის“ გამოცდილების გაზიარება იყო. ცნობილია, რომ “კმარელებმა“ ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უკრაინის “ნარინჯისფერ რევოლუციაში“ უკრაინულ ახალგაზრდულ მოძრაობა “პორასთან“ აქტიური თანამშრომლობით.
“ის ფაქტი, რომ “კმარელებმა” რევოლუციური გამოცდილება გადასცეს თავიანთ ბელარუს მეგობრებს, დადებითი მომენტია“, – აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში პოლიტოლოგი გია ნოდია.
გარდა იმისა, რომ საქართველო პოსტ–საბჭოთა სივრცეში თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელების საქმეში აშშ–ს პარტნიორად მიიჩნევს თავს, ექსპერტები თვლიან, რომ საქართველოს ინტერესებში შედის რეგიონში რაც შეიძლება მეტი დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყანა იყოს.
“საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბელარუსი ისეთივე სტარტეგიული მოკავშირე გახდეს, როგორიც უკრაინა გახდა “ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ“, – აცხადებს გია ნოდია და აქვე დასძენს, რომ საქართველო დასავლეთთან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად “ბუნებრივია, შეეცდება, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ბელარუსში დემოკრატიის შეღწევაში“.
თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი კანდელაკისა და ლუკა წულაძის პატიმრობაში ყოფნის დროს თბილისში, უბრალო მოქალაქეების მხრიდან, ხშირად გაიგებდით ასეთ საუბრებს: “რა უნდოდათ მისკში, აქ რა უკვე ყველაფერი მოაგვარეს?“
გია ნოდია მიიჩნევს, რომ გარკვეული დისკომფორტი მართლაც ჩნდება საქართველოს ხელისუფლების ამ საგარეო პოლიტიკურ მიზანსა და ქვეყნის შიგნით გატარებულ პოლიტიკური კურსს შორის შეუთავსებლობის გამო. შიდა ოპოზიციური ძალები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტების გამო.
“იმ ვითარებაში, როცა ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა–განვითარებასთან მიმართებაში, მაშინ სრულიად ბუნებრივია, რომ საზოგადოება სკეპტიკურად შეხედავს ქართული ხელისუფლების მცდელობას რევოლუციის ექსპორტი მოახდინოს სხვა ქვეყნებში“, – აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში გია ნოდია.
თუმცა, მისი მოსაზრებით “ჩვენ რაც არ უნდა უკმაყოფილო ვიყოთ პრეზიდენტის შიდა პოლიტიკით, დემოკრატიის გავრცელების საქმეში მისი საგარეო პოლიტიკური აქტიურობა პოზიტიური მოვლენაა, რაც არადემოკრატიული ნაბიჯების გადადგმისაგან ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორია ქვეყნის შიგნით.“