
საბაჟო ტერმინალში დეპუტატების სავარაუდო ბიზნესინტერესები დებატებს იწვევს
მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა უარყვეს ოპოზიციის წინადადება სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზე, რომელსაც შალვა რამიშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით დეპუტატ კობა ბექაურის საქმე უნდა გამოეძია, თუმცა დათანხმდნენ განიხილონ ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის მიმართ გაკეთებული განცხადებები, კერძოდ, “მემარჯვენე ოპოზიციის” ლიდერის დავით გამყრელიძის ბრალდებები საბაჟო ტერმინალ “ოპიზა“–სთან და რამიშვილი–ბექაურის საქმესთან მაჭავარიანის კავშირის შესახებ.
“მემარჯვენე ოპოზიციის“ ფრაქციის თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ 5 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე რამიშვილი–ბექაურის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა და ამ საქმესთან ვიცე–სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის კავშირზე გააკეთა განცხადება.
კობა ბექაურის და მიხეილ მაჭავარიანის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები უკავშირდება ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის დაპატიმრებას. რამიშვილს ბრალად ედება ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვა იმის სანაცვლოდ, რომ ტელეკომპანიის ეთერით არ გავიდოდა ფილმი, რომელიც სტუდია “რეპორტიორმა“ საბაჟო ტერმინალ “ოპიზასთან“ დაკავშირებით ბექაურის უკანონო ბიზნეს-საქმიანობაზე გადაიღო. საგამოძიებო მასალის თანახმად, რომლის გაშვებასაც “202“ გეგმავს, დეპუტატი ბექაური “ოპიზას“ აქციების მფლობელია.
5 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ იგი შალვა რამიშვილს 12 აგვისტოს შეხვდა (რამიშვილი 27 აგვისტოს დააპატიმრეს). მაშინ რამიშვილმა უთხრა მას, რომ “202“ გეგმავდა ბექაურის შესახებ მაკომპრომიტირებელი ფილმის სექტემბერში ჩვენებას.
“მან ასევე მითხრა, რომ ამ უკანონო საქმიანობასთან მიხეილ მაჭავარიანსაც ჰქონდა კავშირი და რომ ბექაურის და საბაჟო ტერმინალის უკან სწორედ ვიცე-სპიკერი იდგა“, განაცხადა გამყრელიძემ, თან აქვე დასძინა, რომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატების მონაწილეობით გამოიძიებს საქმეს.
5 სექტემბერს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიხეილ მაჭავარიანმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები და გამყრელიძის განცხადებას “სიბინძურე და პროვოკაცია“ უწოდა.
“ეს პროვოკაციაა, რომელიც წინასწარ მომზადდა და მე ველოდი ამას. თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ მე კანონი დავარღვიე, მე აქ [პარლამენტში] აღარ მოვალ. მაგრამ, არ დავუშვებ ამგვარ ბინძურ ბრალდებებს ბინძური ადამიანისგან“, განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მის წინააღმდეგ “უსაფუძვლო ბრალდებების“ განხილვა სთხოვა, ხოლო გენერალურ პროკურორს შალვა რამიშვილის დაკითხვა სთხოვა იმ საუბრის თაობაზე, რომელიც გამყრელიძის თქმით, მასსა და რამიშვილს შორის 12 აგვისტოს შედგა. საპარლამენტო კომიტეტი ამ საკითხს, სავარაუდოდ, 7 სექტემბერს განიხილავს.
საბაჟო ტერმინალი “ოპიზა”
ახლადაშენებული საბაჟო ტერმინალი “ოპიზა“, რომელიც ლილოში მდებარეობს, “ბექაური რამიშვილის წინააღმდეგ“ საქმის მთავარი ობიექტი გახდა.
სტუდია “რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმის თანახმად, დეპუტატმა კობა ბექაურმა ისრაელში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენისგან 150 000 აშშ დოლარის ოდენობის უპროცენტო სესხი აიღო და ამ სესხით “ოპიზას“ აქციები შეიძინა. საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად კი, უპროცენტო სესხი საჩუქართანაა გათანაბრებული. კანონში წერია, რომ თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება აქვს მიიღოს საჩუქარი, თუ ერთი წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრის საერთო ღირებულება არ აღემატება საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობას. კობა ბექაურმა აღიარა, რომ მან ნამდვილად ისესხა 150,000 აშშ დოლარი და ამ თანხის ნაწილით ტერმინალ “ოპიზას“ აქციები შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, “ოპიზას“ აქციების 20% ბექაურის მეუღლის სახელზეა გაფორმებული.
ეს ახალი, კერძო საბაჟო ტერმინალი “ოპიზა” ტერმინალ “ლილო 1“–დან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ეს უკანასკნელი სახელმწიფო მფლობელობაშია და “ოპიზას“ აშენებამდე სრული დატვირთვით მუშაობდა. 1 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი ტერმინალ “ლილო 1“-ის გაყიდვას გეგმავდა, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ლილო 1” შეისყიდა კომპანია “ამაღლებამ“, რომელმაც ტერმინალში 2 120 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
ქართული მედიის ვარაუდით, ამ გარიგების უკან “ოპიზას“ დამფუძნებლები დგანან, თუმცა “ოპიზას“ მფლობელები უარყოფენ მათ ინტერესს “ლილო 1“-ში.
სტუდია “რეპორტიორის“ დირექტორის ვახტანგ კომახიძის განცხადებით, ტერმინალი “ლილო 1“ “მიზანმიმართულად იქნა გაკოტრებული“ თანამდებობის პირების ჩარევის შედეგად, რათა ხელი შეეწყოთ “ოპიზას“ შემოსავლების ზრდისთვის.
“არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც “ლილო 1“ ხელოვნურად იქნა გაკოტრებული, რათა შექმნილიყო ახალი, კერძო ტერმინალი. ეს ვერსია ასევე აისახა [საგამოძიებო] ფილმში“, განუცხადა კომახიძემ “სივილ ჯორჯიას“, თან აქვე დასძინა, რომ ეს მხოლოდ ვარაუდი არ არის.
“ახალი ტერმინალის გახსნა ადვილი საქმე არ არის და ეს მხოლოდ მაღალჩინოსნების მონაწილეობით შეიძლება მოხდეს“, განაცხადა მან.
კომახიძის თქმით, ახლა სახელმწიფოს მოუწევს საბაჟო ტერმინალში ქირის გადახდა.
თუმცა, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი კატეგორიულად უარყოფს ამ განცხადებებს. “ტერმინალი [ოპიზა] კარგადაა აღჭურვილი, რაც მებაჟეთა უკეთ მომსახურების საშუალებას იძლევა. არ არის მართალი, რომ საბაჟო დეპარტამენტმა იქირავა ტერმინალი და ახალა ქირას იხდის. ეს მხოლოდ [ტერმინალის] დამფუძნებელთა კეთილი ნების გამოხატულება იყო, რომ დაეთმო ის ჩვენთვის. საბაჟო დეპარტამენტი ამაში არაფერს იხდის. “ოპიზას“ მთავარი შემოსავლის წყარო ტვირთების შენახვაა“, განუცხადა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახა ჭაბაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.
მან ასევე გამორიცხა “ლილო 1“-ის გაკოტრებასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები. “ტერმინალ “ლილო 1“-ის ინფრასტრუქტურა მოძველებულია. ტერმინალი კვლავ მუშაობს, თუმცა, რადგანაც მას სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნია, მომსახურების პროცესი ჭიანურდება“, განაცხადა ჭაბაშვილმა.
ტერმინალი “ოპიზა“ უკვე მეორედ მოხვდა ყურადღების ცენტრში. 15 აგვისტოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი ისაკაძემ დაგმეს საბაჟო ტერმინალ “ოპიზა“-ში არსებული იმპორტიორთა დაბეგვრის პრაქტიკა და მას “უკანონო“ უწოდეს. სუბარის თქმით, მებაჟეები შემოტანილ საქონელს არა მისი ღირებულების მიხედვით ბეგრავდნენ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, არამედ მათი მოცულობის მიხედვით. თუმცა, საბაჟო სამსახურმა ეს ბრალდებებიც კატეგორიულად უარყო.