ახალი ამბები

მთავრობამ ანტიკორუფციული გეგმა დაამტკიცა

31 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის მიერ მომზადებული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა და ასევე მოიწონა  მარეგულირებელი ორგანოების რეფორმირების კონცეფცია.


ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა კონკრეტულ ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების გაძლიერებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას  ითვალისწინებს.  


გეგმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროში და გენერალურ პროკურატურაში კორუფციულ დანაშაულებებზე ორიენტირებული სპეციალური დამოუკიდებელი დანაყოფი უნდა შეიქმნას. ასევე გათვალისწინებულია კანონმდებლობის დახვეწა, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების რეორგანიზება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება და მოწმეთა დაცვის სისტემის შექმნა,  ფინანსურ პოლიციასა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს შორის ფუნქციების გამიჯვნა,  სახელმწიფო რეგულირების შემცირება, მეწარმეობის მიმართ ხელისუფლების ნეიტრალიტეტი, პრივატიზების დაჩქარება, სახელმწიფო შესყიდვების პროცესის გაუმჯობესება, ახალი საბაჟო კოდექსის შექმნა, პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების რეფორმა, ობუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერება, მასმედიის განვითარების ხელშეწყობა.


დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია თითოეული სამინისტროსთვის პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა.


ბენდუქიძის პირველი უშედეგო მცდელობის შემდეგ მთავრობამ მოიწონა ასევე სახელმწიფო მინისტრის მიერ მომზადებული კონცეფცია დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ანტიკორუფციული სტრატეგიის ნაწილია.


საქართველოში მოქმედი ექვსი მარეგულირებელი კომისია ბიუჯეტისგან დამოუკიდებლად, რეგულირების გადასახადის საფუძველზე ფინანსდება. მათი წლიური შემოსავალი 15 მლნ ლარს უტოლდება.


“ესე იგი ყოველწლიურად საქართველოს ეკონომიკას 15 მლნ ლარი აკლდება, მაშინ, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებით მარეგულირებლებზე დაიხარჯება 2 მლნ ლარი”, აცხადებს კახა ბენდუქიძე.


სახელმწიფო მინისტრის მიერ წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით, ენერგეტიკისა (სემეკი) და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიები კვლავ ცალკე სტრუქტურებად დარჩება; სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის, საავტომობილო ტრანსპორტისა და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციები ტრანსპორტის ერთიან ადმინისტრაციაში გაერთიანდებიან.  კონცეფციაში არაფერია ნათქვამი ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს რა ბედი ელის. კონცეფციის მიხედვით, მარეგულირებელი კომისიები აღარ განსაზღვრავენ დარგის პოლიტიკას. 

Back to top button