ახალი ამბები

შალვა რამიშვილს ფულის გამოძალვაში ედება ბრალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 27 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია “202“-ის პოპულარული თოქ-შოუს “დებატების“ წამყვანი შალვა რამიშვილი ფულის გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს.


“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ თავისუფალ მედიაში ადგილი ჰქონდა ფულის გამოძალვისა და შანტაჟის შემთხვევებს. დღეს ჩვენ ჩავატარეთ სპეცოპერაცია, რის შედეგადაც მოხდა ძალიან ამაღელვებელი რამ, რადგანაც მე დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს დაკავებულ პიროვნებასთან [შალვა რამიშვილთან]“, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.  


პრეს-კონფერენციაზე მერაბიშვილმა არ დააკონკრეტა საქმის დეტალები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ფარული კამერით გადაღებული ოპერატიული მასალა, რომელშიც ნაჩვენებია “ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის კობა ბექაურის შეხვედრა შალვა რამიშვილთან.


ოპერატიულ მასალაში, რომელიც ქართულმა ტელეკომპანიებმა გადასცეს, ნაჩვენებია, როგორ გადასცემს  ბექაური რამიშვილს ფულის შეკვრას და თან დასძენს: “შალვა, დანარჩენ 50 ან 70 ათასს მოგვიანებით მოგცემ; აქ 30 ათასია“. ფულის აღების შემდეგ რამიშვილი ეუბნება ბექაურს, რომ მას კიდევ 70 ათასი აქვს მისაღები. საუბარში ისინი არ აკონკრეტებენ ქართულ ლარზე თუ სხვა უცხოურ ვალუტაზეა საუბარი.


რადგანაც ოპერატიულ მასალას კომენტარები აქ ახლავს, გაუგებარი რჩება, თუ რა მიზეზი დგას გარიგების უკან. თუმცა, საუბრისას ბექაური ამბობს, რომ “კომახიძე მირეკავს“. რამიშვილი პასუხობს, რომ მან არ უნდა ინერვიულოს კომახიძის ზარებზე.


მათ არ დაუზუსტებიათ, თუ რომელ კომახიძეზეა საუბარი; თუმცა, ცნობილია, რომ “202”–ში მუშაობს ვახტანგ კომახიძე, რომელიც ტელეკომპანიისთვის ჟურნალისტურ გამოძიებებს ამზადებს.


27 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ “სამწუხაროდ, ამგვარ შემთხვევებს მედიაშიც აქვს ადგილი და ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ“.


“საბაჟო სამსახურებთან, საგადასახადო დეპარტამენტთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, მედიაც უნდა იყოს კორუფციისგან თავისუფალი“, დასძინა მერაბიშვილმა.


მისი თქმით, შსს გამოძიების დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button