skip to content
ახალი ამბები

ბავშვის გატაცება სამხრეთ ოსეთში ვითარებას ძაბავს

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის გატაცებები, რუსი სამშვიდობოებისთვის სავარაუდოდ კონტრაბანდული საქონლის ჩამორთმევა და სპონტანური სროლები, დაძაბულობის წყაროების არსებობაზე მიანიშნებს, რაც შესაძლოა ნებისმიერ დროს გახდეს რეგიონის ისედაც სათუთი მშვიდობის შერყევის მიზეზი.  

19 აგვისტოს სამხრეთ ოსეთი კვლავ მოექცა ქართული მედიის ყურადღების ცენტრში, მას შემდეგ რაც უცნობმა პირებმა კონფლიქტის ზონიდან 11 წლის გენო პეტრიაშვილი გაიტაცეს. ინციდენტი ფრონის ხეობის სოფელ ნულში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებული გენო პეტრიაშვილის მამა რამოდენიმე ბენზინგასამართი სადგურის მფლობელია.  
 
შიდა ქართლის რეგიონალური პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის  განცხადებით, ქართველმა სამართალდამცავებმა გამტაცებელთა ძებნა ცხელ კვალზე დაიწყეს, თუმცა დევნა მას შემდეგ შეწყდა, რაც გამტაცებლები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდნენ.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გამტაცებელთა ავტომობილს – თეთრ “ნივას“ – ქართული სანომრე ნიშნები ჰქონდა.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა კატეგორიულად უარყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოფიციალურ პირებსა და პეტრიაშვილის გატაცებას შორის არსებული კავშირის შესახებ. 


21 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ “გენადი პეტრიაშვილის გატაცება [სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან] პირდაპირ კავშირშია ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის  სამართალდამცველებთან და იქ მყოფ რუს სამშვიდობოებთან“.


“ეს ქართული მხარის ტიპიური პოზიცია – ყველაფერში სამხრეთ ოსეთი დაადანაშაულოს … ამ გატაცების უკან არანაირი პოლიტიკური მოტივი არ დგას“, განუცხადა ბორის ჩოჩიევმა “რია ნოვოსტის“ 22 აგვისტოს.


ჩოჩიევის თქმით, გატაცებული ბიჭის მამას სპარტაკ პეტრიაშვილს ბიზნეს კავშირები აქვს როგორც ქართველებთან, ისე ოსებთან და სავარაუდოდ, ეს გატაცებაც მის ბიზნესს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, სპარტაკ პეტრიაშვილი ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის ბიზნესშია ჩართული. 
 
“არ არის საჭირო პოლიტიკის ძებნა – ქართულ მხარეს ურჩევნია თავის კრიმინალს მიხედოს“, დასძინა ჩოჩიევმა.
 
ეს აგვისტოს განმავლობაში გატაცების უკვე მეორე შემთხვევაა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ზემო არცევის მკვიდრი გოჩა ჯარმელაშვილი ასევე იქნა გატაცებული, თუმცა გატაცების მოტივი აქაც უცნობი რჩება.
 
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ეს გატაცებები “სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად” შეაფასა.
 
20 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან 11 წლის გენო პეტრიაშვილის გატაცება “კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცხინვალი არის ადამიანის გატაცებების, ნარკობიზნესის, უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირებებისა და კრიმინალური დაჯგუფებების ბაზა”.  განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოები ხელს უწყობენ, რომ სამხრეთ ოსეთი კრიმინალების თავშესაფარი გახდეს.
 
აგვისტოს განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მეორედ დაადანაშაულა რუსი სამშვიდობოები უკანონო ქმედებებში. 12 აგვისტოს ქართულმა პოლიციამ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების მანქანა დააკავა, ძირითადად სიგარეტისგან შემდგარი ტვირთი ჩამოართვა და რუსი სამშვიდობოები კონტრაბანდული საქონლის ტრანსპორტირებაში დაადანაშაულა.
 
15 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საელჩომ საქართველოში პროვოკაციად შეაფასა ქართული პოლიციის მიერ რუსი სამშვიდობოების მანქანების დაკავებისა და მათთვის იმ ტვირთის ჩამორთმევის ფაქტი, რომელიც, საელჩოს განცხადებით, “სამშვიდობო ბატალიონების ჯარისკაცებისთვის იყო განკუთვნილი“ და მისი დაბრუნება მოითხოვა. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტვირთის დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
 
დაძაბულობის ზრდას კონფლიქტის ზონაში ასევე უწყობს ხელს სპონტანური სროლები. 21 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის დროს სოფელ კეხვის მახლობლად ყუმბარა რუსი სამშვიდობოების საგუშაგოდან 30 მეტრის დაშორებით აფეთქდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. 
 
“გასროლა ოსი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ კონტროლირებადი მაღლობიდან, ყუმბარმტყორცნიდან განხორციელდა. ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის სამშვიდობო პროცესს”, განუცხადა შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ყურაშვილმა 21 აგვისტოს ჟურნალისტებს.
 
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, სიტუაცია კონფლიქტის ზონაში “კვლავ რთულია“. თუმცა, 18 აგვისტოს სამართალდამცავებთან გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ მიუხედავად “რთული პოლიტიკური ვითარებისა“, საერთო ჯამში სიტუაცია რეგიონში “მშვიდად შეიძლება ჩაითვალოს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button