skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი რუსი სამშვიდობოების ტვირთის დაკავებას აპროტესტებს

15 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საელჩომ საქართველოში დაგმო ქართული პოლიციის მიერ რუსი სამშვიდობოების მანქანების დაკავებისა და მათთვის იმ ტვირთის ჩამორთმევის ფაქტი, რომელიც, საელჩოს განცხადებით, „სამშვიდობო ბატალიონების ჯარისკაცებისთვის იყო განკუთვნილი“.


ქართულმა პოლიციამ 12 აგვისტოს რუსი სამშვიდობოების ერთი მანქანა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, მეორე კი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დააკავა. ჩამორთმეული ტვირთი ძირითადად სიგარეტისგან შედგებოდა. ქართულმა მხარემ რუს სამშვიდობოებს კონტრაბანდულ საქმიანობაში დასდო ბრალი.


„ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონებში განლაგებული სამშვიდობო ძალების წინააღმდეგ კიდევ ერთი პროვოკაცია განხორციელდა … ეს [მანქანების დაკავება და ტვირთის ჩამორთმევა] განხორციელდა იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მანქანებს ჰქონდათ სამშვიდობო ძალების საიდენტიფიკაციო ნიშანი, და ასევე ყველა საჭირო დოკუმენტი … საქართველოს სამართალდამცავების ამგვარ ქმედებას PR აქციის ხასიათი აქვს … [ამგვარი ქმედებები] ქმნიან კონფლიქტის ზონებში დაძაბულობის დამატებით წყაროებს“, ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.


„საქართველოში რუსეთის საელჩო შეშფოთებას გამოხატავს … და მოითხოვს ჩამორთმეული ტვირთის დაუყონებლივ დაბრუნებას, ბოდიშის მოხდას და ყველა საჭირო ღომისძიების განხორციელებას, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი პროვოკაციები“, ნათქვამია განცხადებაში.


გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ უკვე დაუბრუნა ჩამორთმეული მანქანები და საკვები რუს სამშვიდობოებს,  გარდა სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელისა.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button