
ალასანია აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ კომენტარს აკეთებს
აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ხელმძღვანელის, საქართველოს პრეზიდენტის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში პირადი წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ „პოლიტიკური გადაწყვეტილება არც ქართული და არც აფხაზური მხრიდან მიღებული ჯერ არ არის.“
„ამ დროისთვის მხოლოდ რკინიგზის შესაძლო აღდგენაზეა საუბარი, საკითი ექსპერტების დონეზე მუშავდება, რათა მომზადდეს ტექნიკური საკითხები და დადგინდეს რა ფინასსებს უკავშირდება ინფრასტრუქტურის აღდგენა“ – განუცხადა ალასანიამ სააგენტო „ნოვოსტი გრუზიას“.
ქართულ-აფხაზური და რუსული ერთობლივი სპეციალისტთა ჯგუფის შეხვედრა სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ სოხუმში 9 აგვისტოს არის დაგეგმილი. სპეციალისტები სექტემბრის თვემდე ადგილზე შეისწავლიან არსებული მონაკვეთის (სოხუმი-ინგირი) ტექნიკურ მდგომარეობას.
ალასანიას თქმით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში ქართული მხარისთვის პრინციპული საკითხია ფსოუზე სასაზღვრო პუნქტის გახსნა. თუმცა, მისი თქმით ეს ძალზედ მტკივნეული საკითხია, რომელზეც კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)