
ოთხი პარტია ‘პრაიმერის’ ტრადიციას ამკვიდრებს
ოთხმა ოპოზიციურმა პარტია – კონსერვატორები, ახალმა მემარჯვენეები, ლეიბორისტები და თავისუფლება 1 ოქტომბერს დანიშნულ მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებზე საერთო კანდიდატის გამოსავლენად წინასწარი არჩევნების ე.წ. პრაიმერის ჩაატარებენ. აღნიშნულ შეთანხმებას ამ ოთხი პარტიის ლიდერებმა ხელი 5 აგვისტოს მოაწერეს. ეს იქნება საქართველოს საარჩევნო ისტორიაში პრაიმერის პირველი პრეცენდენტი.
„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან საქართველოში პირველად ჩატარდება პრაიმერები. ეს უნდა გახდეს მაგალითი ხელისუფლებისთვის თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლონ პოლიტიკურმა პარტიებმა,“ – განაცხადა მემორანდუმი ხელმოწერის ცერემონიალზე კონსერვატორების ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა. პრაიმერის ჩატარების იდეა სწორედ კონსერვატორებს ეკუთვნის.
„თავდაპირველად ეს ინიციატივა ძალზედ ბუნდოვანი იყო და ეჭვიც კი გვეპარებოდა რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა ძალზედ მოხარული ვარ რომ ეს შესაძლებელი აღმოჩნდა. ეს არ ნიშნავს ამ პარტიების გაერთიანებას, ეს არის თანამშრომლობის ფორმა,“ – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ.
პრაიმერის მიზანია ამ ოთხ პარტიას შორის შიდა არჩევნების ჩატარება, რომელიც გამოავლენს იმ ხუთ საერთო კანდიდატს, რომლებიც შემდეგ უკვე 1 ოქტომბერს დანიშნულ ხუთ საარჩევნო ოლქში – ბათუმი, ქობულეთი, შუახევი, ტყიბული და ისანი – მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.
პრაიმერის პროცესი ჩვეულებრივი არჩევნებისგან ბევრი არაფრით იქნება განსხვავებული. პრაიმერის ჩატარებას ორგანიზებას გაუწევს ამ ოთხი პარტიის მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კომისია, როელშიც სულ რვა წევრი იქნება – ორ-ორი თითო პარტიიდან. აღნიშნული კომისია მუშაობას 8 აგვისტოდან დაიწყებს. პრაიმერის ჩატარებისთვის ასევე შეიქმნება საოლქო და საუბნო კომისიები.
„კომისიას არ ეყოლება თავმჯდომარე და უფრო სამართლიანად იმუშავებს ვიდრე ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებული, მოქმედი ცენტრალური საარჩევნო კომისია“ – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ კონსერვატორების ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
პრაიმერისში მონაწილეობის უფელბა აქვს შესაბამის საარჩევნო ოლქში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ხმის უფლების მქონე ნებისმიერ მოქალაქეს. არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდება.
პრაიმერისში გამარჯვებულ კანდიდატებს მხარდაჭერას საჯაროდ გამოუცხადებენ შეთანხმების მონაწილე პარტიების ლიდერები და პრაიმერისში დამარცხებული დამარცხებული კანდიდატები.
ორ ოპოზიციურ პარტიას „ახალ მემერჯვენეებს“ და „კონსერვატორებს“ უკვე მომზადებული აქვთ კანდიდატთა სიები, რომლებიც საარჩევნო კომისიას 9 აგვისტოს წარედგინება. ჯერ-ჯერობით კანდიდატები არ შეურჩევია „თავისუფლებას“.
ლეიბორისტები კი საერთოდ არ აპირებენ კანდიდატურების დასახელებას და მათი ამ გაერთიანებაში ყოფნა უფრო სიმბოლური ხასიათისაა. „უბრალოდ ჩვენ ოპოზიციის თანამშრომლობას და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ვუჭერთ მხარს“ – განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა.