ახალი ამბები

თბილისი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე პოზიციას არბილებს







აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციის დაწყების
შემთხვევაში, პროექტი 100 მლნ დოლარზე მეტი
დაჯდება და ერთ წელზე მეტ ხანს გასტანს.
საქართველოს ხელისუფლებამ 15 ივნისს განაცხადა, რომ თბილისმა შეცვალა პოზიცია და ახლა მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის თაობაზე. ეს სარკინიგზო მიმოსვლა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ შეჩერებულია. რუსული და ქართული მხარეების განცხადებით, ზუგდიდსა და სოხუმს შორის რკინიგზის 60-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენას 100 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდება.


“ბოლო დროს, საქართველოს ხელისუფლებას დადებითი პოზიცია უკავია რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით”, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 15 ივნისს. იგი თბილისში დსთ-ს ქვეყნების რკინიგზების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე გამოვიდა სიტყვით.


გენადი ფადეეევი, რომელიც 15 ივნისის საღამომდე რუსეთის რკინიგზას
ხელმძღვანელობდა, შეხვედრის პარალელურად საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი განიხილა. 15 ივნისს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფადეევი ამ თანამდებობაზე მისმა მოადგილემ ვლადიმერ იაკუნინმა შეცვალა. თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელობის ამ ცვლილებამ გავლენა იქონიოს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით მოსკოვის დადებით პოზიციაზე.


პროექტი, განხორციელების შემთხვევაში, ააღორძინებს ტრანსკავკასიურ რკინიგზას, რომელიც საბჭოთა პერიოდში 2,300 კილომეტრზე იყო გადაჭიმული და სომხეთს და
საქართველოს შავი ზღვის პორტებს ცენტრალურ რუსეთთან აკავშირებდა.  რკინიგზა მგზავრების მომსახურებსათან ერთად ყოველწლიურად 15 მილიონ ტონაზე მეტ სატრანზიტო გადაზიდვებსაც ახორციელებდა.


თუმცა, დღემდე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხს ოფიციალური თბილისის მიერ წაყენებული პოლიტიკური პირობები ჩრდილავდა. კერძოდ, საქართველო დევნილთა აფხაზეთში დაბრუნებას  თვითგამოცხადებული რეგიონის გავლით რკინიგზის
აღდგენის სანაცვლოდ მოითხოვდა.


“საქართველოს წინა ხელისუფლებას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა და [რკინიგზის გახსნის] წინააღმდეგ იყვნენ, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ბოლო დროს უფრო დადებითი პოზიცია დაიკავა ამ საკითხზე. თუმცა, ეს პროცესი ცალკეულ ორგანიზაციულ პრობლემებს აწყდება და რა თქმა უნდა, ეს საკითხი პირველ რიგში დაკავშირებულია გალის რაიონში მოსახლეობის უსაფრთხოებასთან”, განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


მისი თქმით, “ორგანიზაციული პრობლემები” ასევე გულისხმობს იმ საკითხს, თუ როგორ მოგვარდება საბაჟო პროცედურები, ასევე როგორ გაკონტროლდება ეს პროცესი.


“სივილ ჯორჯია”-სთვის მიცემულ ინტერვიუში 15 ივნისს საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, რომ რკინიგზის აღდგენა ხელს შეუწყობს მშვიდობიან პროცესს აფხაზეთში.


“საერთო ჯამში, ქართული მხარე დაინტერესებულია რკინიგზის გახსნაში, რადგანაც ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და თავის მხრივ, ეს [ეკონომიკური ბერკეტები] დაეხმარება კონფლიქტის მოგვარების პროცესს”, განაცხადა ონოფრიშვილმა.


“თუმცა, ამ პროცესს [რკინიგზის აღდგენას] ტექნიკური მომზადება სჭირდება. უნდა შეფასდეს, თუ რა დრო დასჭირდება მას – სავარაუდოდ, ვფიქრობ, ერთ წელზე მეტი; ასევე უნდა გადაწყდეს, თუ ვინ დააფინანსებს პროექტს – ეს ვერ იქნებიან მხოლოდ რუსეთი და საქართველო, საჭიროა სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართვაც”, დასძინა მან.


რუსეთისა და საქართველოს რკინიგზების ხელმძღვანელთა თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს.


“ეს თანხა [100 მილიონი აშშ] კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ჩვენ ამაში შევიტანთ მდინარე ენგურზე [გამავალი სარკინიგზო მონაკვეთის] სარეაბილიტაციო ხარჯებს”, განუცხადა თბილისში მყოფმა გენადი ფადეევმა  ჟურნალისტებს.


“ვფიქრობ, ყველა დაინტერესებულმა ქვეყანამ – რუსეთმა, საქართველომ, ასევე
სომხეთმა და გარკვეულწილად აზერბაიჯანმა – უნდა დააფინანსონ პროექტის
განხორციელება”, დასძინა მან.


დავით ონოფრიშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა გატარდეს რკინიგზის იმ მონაკვეთზე, რომელიც სოხუმიდან ზუგდიდის ინგირის სადგურამდე გადის.


“იქ ფაქტიურად რკინიგზა არ არსებობს. საჭიროა ახალი რკინიგზის დაგება”, დასძინა ონოფრიშვილმა.


რკინიგზის დანარჩენი მონაკვეთი, რომელიც სოხუმს მოსკოვთან აკავშირებს უკვე შეკეთდა რუსული მხარის აქტიური ჩარევის შედეგად და 2004 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. რკინიგზის ეს მონაკვეთი რუსეთმა ცალმხრივად გახსნა თბილისთან შეთანხმების გარეშე, რამაც ქართული მხარის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.


რუსეთი და საქართველო 2003 წლის მარტში შეთანხმდნენ ერთობლივად ემუშავათ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სოჭში შეხვედრის დროს ხელი მოაწერეს შეთანხმებას რკინიგზის აღდგენის თაობაზე, რაც დევნილთა დაბრუნებას პარალელურად უნდა განხორციელებულიყო.


რუსულმა და ქართულმა მხარეებმა ამ შეთანხმების ფარგლებში ორდღიანი
მოლაპარაკებები მოსკოვში 15 ივნისს დაიწყეს. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ მოსკოვში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები განიხილავდნენ რკინიგზის აღდგენის “ტექნიკურ“ მხარეებს, ასევე გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების საკითხს.


საქართველოს  პოზიციის შერბილებას სომხეთიც მიესალმა, რომელიც მხარს
უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას. არარატ ხრიმიანმა, სომხეთის რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, 15 ივნისს თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაში, თუ მოსკოვი და თბილისი მიაღწევენ პოლიტიკურ შეთანხმებას ამის თაობაზე.


რკინიგზაასთან დაკავშირებით მიუხედავად თბილისის მიერ პოზიციის შეცვლისა, საქართველოს ხელისუფლება კვლავ სიფრთხილეს იჩენს საკითხზე ღია საუბარში საზოგადოების მოსალოდნელი უარყოფითი რეაქციის გამო. აქამდე, ჯერ არცერთ ქართველ ოფიციალურ პირს არ აუხსნია საზოგადოებისთვის, თუ რა სარგებელს მოუტანს რკინიგზის აღდგენა ან საქართველოს, ან კონფლიქტის მოგვარებას.

მსგავსი/Related

Back to top button