ახალი ამბები

ეუთო ქართველ მესაზღვრეთა წვრთნას იწყებს

13 ივნისს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბადრი ბიწაძემ და ეუთოს სასწავლო პროგრამების მენეჯერმა რორი მაკკორლმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლს, რომელიც დაარეგულირებს იმ სასწავლო პროცესს, რომელიც ქართველი მესაზღვრეებისათვის ეუთოს ეგიდით დღეს დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.


ეუთოს მუდმივმა საბჭომ 14 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება წრთვნის პროგრამის დამტკიცების შესახებ, რომლის ფარგლებშიც 800 ქართველი მესაზღვრე გაივლის მომზადებას. მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 2,6 მილიონ ევროს შეადგენს.


საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზაფხულის ბოლოსთვის ტრეინინგებს 400–მდე მესაზღვრე გაივლის. პირველი ერთთვიანი ეტაპი პარალელურ რეჟიმში “ლილოს“, “ყაზბეგის“, “ლაგოდეხის“ და “ომალოს“ რეგიონულ სამმართველოებში ჩატარდება. 


სწავლების თემებია: გადარჩენის ოპერაციები და უსაფრთხოების წესები (მათ შორის ოპერაციები ვერტმფრენის გამოყენებით), პატრულირების ტექნოლოგიები, დაკვირვების მეთოდები, მოხსენების პროცედურები,  პირველადი დახმარებები, რუქების შესწავლა და კომუნიკაციები.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button