ახალი ამბები

‘საუკუნის მილსადენში’ ნავთობი ჩაეშვა

25 მაისს  აზერბაიჯანში, სანგაჩალის ნავთობტერმინალზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში პირველი ნავთობის გაშვების ცერემონიალი შედგება, რომელსაც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები დაესწრებიან. საქართველო ნავთობის ტრანზიტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონ დოლარს ელის.

ამ ცერემონიალში ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მონაწილეობა აშშ–ის მხარდაჭერითა და BP–ის ხელმძღვანელობით განხორციელებულ ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის, რადგან ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ ყაზახეთიც დაინტერესებულია საკუთარი ნავთობი ამ მილსადენის მეშვეობით გაიტანოს დასავლეთის ბაზარზე.
 
ნავთობის პირველი ნაკადი საქართველოს ტერიტორიამდე ივნისის თვეში მოაღწევს, თურქეთამდე კი სექტემბერში. ჯეიჰანის პორტში პირველი ტანკერის 10 მლნ ბარელი ნავთობით დატვირთვა 2005 წლის ბოლოსთვის იგეგმება. 25 მაისს სანგაჩალის ნავთობტერმინალზე დაგეგმილი ღონისძიების ანალოგიური საქართველოს ტერიტორიაზე  სექტემბრის თვეში, შემოდგომის ბოლოსთვის კი თურქეთში გაიმართება.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობის უშუალო მწარმოებელი კომპანია “ბრიტიშ პეტროლიუმის“ (BP) ინფორმაციით, საცდელად ნავთობის პირველი, მცირე ნაკადი მილებში 10 მაისს გაუშვეს. ერთი დღის განმავლობაში ნავთობსადენს 1 მლნ ბარელი ნავთობის გადაქაჩვა შეუძლია.
 
საუკუნის პროექტად წოდებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობის იდეა 90–იანი წლების შუა პერიოდში გაჩნდა, პროექტის უშუალო მშენებლობა კი 2003 წელს სამი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების ჰეიდარ ალიევის (აზერბაიჯანი), ედუარდ შევარდნაძის (საქართველო) და სულეიმან დემირელის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დაიწყო.
 
ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1770 კმ-ია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 249 კმ გადის, აზერბაიჯანზე 442 კმ და თურქეთზე 1060 კმ. ნავთობსადენში ყოველდღიურად დაახლოებით 800 ათასი ბარელი ნავთობი გაივლის. 
 
BP–ის თბილისის ოფისის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენის მშენებლობისთვის 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამას გარდა, გადასახადების სახით გადახდილია 25 მლნ აშშ დოლარი. დაახლოებით 3,000–მა მიწის მესაკუთრემ საქართველოში კომპენსაციის სახით საერთო ჯამში 18 მილიონი დოლარი მიიღო. სამშენებლო სამუშაოების პიკის დროს დასაქმებულთა რაოდენობამ 6 ათას ადამიანს მიაღწია, რომელთა 85% საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. 


შედეგად, ნავთობსადენის მშენებლობა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთვის უცხოური ინვესტიციების უმსხვილეს წყაროდ არის მიჩნეული.  
 
ნავთობსადენის მშენებლობის ხარჯებმა, აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის პრეზიდენტის ნატიკ ალიევის მიერ გასული წლის ნოემბერში გაკეთებული განცხადების მიხედვით, 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საწყის თანხას 350-400 მილიონით აღემატება.
 
თუმცა თავად მშენებლობის პროცესს ადვილად არ ჩაუვლია. მილსადენის მშენებლობა პერიოდულად ფერხდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მიწის კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების გამო.  2004 წლის 22 ივლისს კი მშენებლობა ორი კვირით შეჩერდა, რადგან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ BP–ის მოსთხოვა ბორჯომის 17 კილომეტრიან მონაკვეთზე, მეწყერსაშიში ზონის გამო უსაფრთხოების გაორმაგებულ ზომები მიეღო.
 
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, მოგვიანებით კომპანიამ დააკამაყოფილა მოთხოვნები და ორიკვირიანი პაუზის შემდეგ კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცა.
 
თუმცა, როგორც გარემოსდამცავი ორგანიზაციები მიიჩნევენ, ეკოლოგიური თვალსაზრისით ნავთობსადენი დღესაც დიდ საფრთხეს უქმნის ბორჯომის უნიკალურ ბუნებას. 
 
“მიმაჩნია, რომ კვლავ საფრთხის წინაშე დგას გარემოს დაცვის საკითხი და ასევე საფრთხე ექმნება კულტურულ მემკვიდრეობას, კერძოდ აწყურის ციხეს, აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს და სხვა რამდენიმე ისტორიულ ძელგს“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ მანანა ქოჩლაძემ ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივიდან.“


მისი თქმით, ეჭვს იწვევს, თუ რამდენად შეასრულა BP–მ გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნა ბორჯომის 17 კილომენტრიან მონაკვეთზე უსაფრთხოების ზომების გაორმაგებასთან დაკავშირებით. 
 
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მთავარი აქცენტი უსაფრთხეობაზე კეთდება. ამ მიზნით 2004 წლის ოქტომბერში BP-მ  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაქმნელად საქართველოს გრანტის სახით 6 მლნ აშშ დოლარი გამოუყო, რასაც ყოველწლიურად დაემატება 1 მლნ აშშ დოლარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაახლებლად.


კომპანია BP-ის ინფორმაციით, მილსადენის დაცვა იმ სახელმწიფოების პრეროგატივაა, რომლის ტერიტორიაზეც გადის მილი. 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ითანამშრომლებენ მილსადენზე ტერორისტული აქტების საფრთხის, ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში. მოსალოდნელია, რომ სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს უახლოეს პერიოდში შეხვდებიან, რათა ამ თანამშრომლობის დეტალები განიხილონ.


მას შემდეგ, რაც ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი უკვე რეალობად იქცა, ახლა საქართველო ამ ნავთობსადენის შვილობილი პროექტის მოლოდნშია. ვარაუდობენ, რომ 2006 წელს დასრულდება ბაქო–თბილისი–ერზრუმის გაზსადენის მშენებლობა, რომელზეც საქართველო ენერგოწყაროების დივერსიფიცირებით ენერგეტიკული დამოუკიდებლობის იმედებს ამყარებს.

მსგავსი/Related

Back to top button