ახალი ამბები

ჟვანიას ძმა აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოკლეს

გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგა ჟვანიამ 23 მაისს ტელეკომპანია “202“-ის ღამის ეთერში განაცხადა, რომ იგი “ახლა დარწმუნებულია“, რომ მისი ძმა მოკლეს. მან უარყო ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია და მას “უსაფუძვლო“ უწოდა. ამ ვერსიის თანახმად, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა.


გოგა ჟვანიას თქმით, მისი განცხადება მის მიერ ჩატარებულ კერძო გამოძიებას ეფუძნება.


“თუ ადრე მე მხოლოდ ეჭვები მქონდა ამის თაობაზე, ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ზურაბ ჟვანია მკვლელობის მსხვერპლი გახდა. ყველაფერი გაირკვევა და დარწმუნებული ვარ, რომ საქმე გაიხსნება, თუ იგი პროფესიონალურად იქნება გამოძიებული. ვაპირებ შევხვდე პრეზიდენტ სააკაშვილს და ამის შესახებ ვესაუბრო. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ იგი [პრეზიდენტი სააკაშვილი] ნამდვილად დაინტერესებულია სიმართლე გაიგოს ამ საქმის შესახებ“, განაცხადა გოგა ჟვანიამ.


გოგა ჟვანიასთან ინტერვიუმდე, ტელეკომპანია “202“-მა უჩვენა 20-წუთიანი გადაცემა ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების დეტალებს შეეხებოდა. ეს საგამოძიებო მასალა ძირითადად იმ ფაქტებზე ახდენდა ფოკუსირებას, რომლებიც ოფიციალურ ვერსიას არ ემთხვეოდა.


გოგა ჟვანიას თქმით, მისი ძმა ნამდვილად გარდაიცვალა ნახშირჟანგის მოწამვლით, თუმცა ეს მოწამვლა არ იყო არასწორად დამონტაჟებული გამათბობლიდან გამოწვეული, როგორც ამას ოფიციალური ვერსია აცხადებს. მისი თქმით, ეს გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც დაადასტურა. “ექსპერიმენტმა გვიჩვენა, რომ გამათბობელი კარგად მუშაობდა“, დასძინა გოგა ჟვანიამ.


საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ოფიციალური კომენტარი მხოლოდ მაშინ გაკეთდება, როდესაც დასრულდება ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური გამოძიება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button