ახალი ამბები

თბილისის მტკიცე პოზიცია მოსკოვის გაღიზიანებას იწვევს







რუსი ჯარისკაცები გონიოს პოლიგონზე. 2004
წლის ივნისი. პარლამენტის დადგენილების
ამოქმედების შემთხვევაში რუსი სამხედროები
პოლიგონზე წვრთნების ჩატარებას ვეღარ შეძლებენ.
საქართველოს პარლამენტის მიერ რუსეთის სამხედრო ბაზების კანონგარეშედ შესაძლო გამოცხადების ვადის – 15 მაისის – მოახლოებასთან ერთად, მოსკოვსა და თბილისს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა გორდება. 
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 12 მაისს დაადასტურა, რომ ქართველ კანონმდებლებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მოსთხოვონ საქართველოს მთავრობას პარლამენტის მიერ მარტში მიღებული დადგენილების შესრულება, რომელიც ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ 15 მაისამდე მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ბაზების გაყვანის თაობაზე.         
 
ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარე “აღარ დახუჭავს თვალს“ იმ რუს სამხედროებზე, რომლებიც ამჟამად ბაზებზე მსახურობენ და საქართველოს ვიზები არ გააჩნიათ. 
 
“გარკვეული შეზღუდვები ასევე დაწესდება რუსი სამხედროების და მათი ტექნიკის გადაადგილებაზე“, დასძინა მან.
 
საქართველოს ოფიციალური პირების ამ მტკიცე პოზიციამ უბიძგა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცალკეულ დეპუტატებს 12 მაისს საპასუხო განცხადებები გაეკეთებინათ. მათ თბილისი რუსული მხარის “დაშანტაჟებასა“ და “ანტირუსული ისტერიის გაღვივებაში“ დაადანაშაულეს.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედიც კი გამოთქვა, რომ მოსკოვს არ მოუწევს სამხედრო ბაზებზე მოლაპაკებების შეწყვეტა საქართველოს ოფიციალური პირების “ემოციური წამოძახილების“ გამო.
 
რუსეთის სათათბიროში სამთავრობო საათზე გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 12 მაისს განაცხადა, რომ მოსკოვი არ წამოეგება თბილისის “შანტაჟს“ და “საქართველოს შიდაპოლიტიკურ კონიუნქტურას“.
 
მიუხედავად იმისა, რომ ლავროვი დეტალებს არ ჩაუღრმავდა, აშკარა იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მინიშნებას ქართული მხარის პოზიციაზე აკეთებდა. კერძოდ, თბილისს სურს, რომ რუსეთმა თავისი ბაზები 2008 და 2009 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაიყვანოს. 
 
ლავროვმა ასევე დაარწმუნა რუსი კანონმდებლები, რომ რუსული მხარე შესაბამის ღონისძიებებს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ რუსულ ბაზებს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ. “თუ რუსული ბაზების ან რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ გადაიდგმება ნაბიჯები, რომელიც მათ ცხოვრების ნორმალურ პირობებს საფრთხეს შეუქნის, რომ არაფერი ვთქვათ ბაზებზე არსებული შეიარაღების სხვის ხელში აღმოჩენაზე, გარწმუნებთ, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები არ ვიჯდებით“, განაცხადა ლავროვმა.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 12 მაისს ასევე გააკეთა განცხადება ქართული მხარის პოზიციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ცალმხრივი ღონისძიებების გატარება ქართული მხარის მიერ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა იქვე დასძინა, რომ “ცალმხრივი ქმედებები, როგორც წესი, ორივე მხარისთვის ზიანის მომტანია“. მისი თქმით, გარკვეულ ძალებს საქართველოში “ანტირუსული ისტერიის გაღვივება სურთ“.
 
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიაჩესლავ სედოვმა 12 მაისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “ულტიმატუმების და შანტაჟის ენა მიუღებელია“.
 
რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა 9 მაისში მოსკოვშიც განიხილეს.  
 
“მან [ვლადიმერ პუტინმა] შემახსენა, რომ არსებობს 1999 წელს ეუთოს სამიტზე მიღწეული შეთანხმება. მისი [პუტინის] თქმით, რუსეთს სურს საქართველოს მთავრობასთან მუშაობა ამ ვალდებულებების შესრულების მიზნით და ვფიქრობ, რომ ეს ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი განცხადებაა. ვფიქრობ, ამ საკითხის მოგვარების საფუძველი არსებობს“, დასძინა ბუშმა. 
 
რუსული გაზეთი “კომერსანტი“ 11 მაისს წერდა , რომ პუტინმა თხოვა ბუშს თბილისი დაერწმუნებინა, რომ  შეერბილებინა ბაზებთან დაკავშირებული პოზიცია. თბილისში ამ განცხადების გაკეთებით, ჯორჯ ბუშმა ნათელი გახადა, რომ იგი არ იწონებს თბილისის ამ მტკიცე პოზიციას რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით“, ვარაუდობს “კომერსანტი”.
 
7 მაისს, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი 8-9 მაისს არ ჩავიდოდა მოსკოვში იმის გამო, რომ ბაზებთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგა. თუმცა მან არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, დაუწესებდა თუ არა საქართველო შეზღუდვებს რუსულ სამხედრო ბაზებს, იმ შემთხვევაში თუ მხარეები 15 მაისამდე ვერ მიაღწევდნენ შეთანხმებას.
 
თუმცა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებულ პირად ითვლება, 12 მაისს დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტი, მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში, “არ აპირებს რუსულ სამხედრო ბაზებზე პარლამენტის დადგენილების გადახედვას”.

მსგავსი/Related

Back to top button