
უზბეკეთს სუუამის წევრობა ავტომატურად შეუწყდა
უზბეკეთს ავტომატურად შეუწყდა სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) წევრობა, მას შემდეგ, რაც მაისის დასაწყისში უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა მოლდოველ კოლეგას ვლადიმერ ვორონინს, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით ამცნო სუუამიდან უზბეკეთის გამოსვლის შესახებ, იუწყება “იტარ-ტასი” 11 მაისს მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ “სუუამის რეგლამენტით, მოლდოვამ მხოლოდ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ტაშკენტის ამ გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას“.
უზბეკეთი სუუამს, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნა, 1999 წელს შეუერთდა. თუმცა, 2002 წელს უზბეკეთმა განაცხადა, რომ იგი ორგანიზაციის დატოვებას გეგმავს. ამ განცხადების შემდეგ, უზბეკეთი სუუამის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრას იგნორირებას უკეთებდა.