ახალი ამბები

ხელყუმბარასთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიება დაიწყო







უსაფრთხოების დეტექტორები 10 მაისს შუადღეს
მას შემდეგ მოხსნეს, რაც დიდი რაოდენობით
ადამიანებმა თავისუფლების მოედანზე მოხვედრა
მოინდომეს.
საქართველოს მოსახლეობის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის მხურვალე და არაჩვეულებრივი დახვედრის შესახებ ინფორმაცია 11 მაისს გავრცელებულმა ახალმა ინფორმაციამ დაჩრდილა, რომლის მიხედვითაც ტრიბუნიდან, სადაც ამერიკის და საქარველოს პრეზიდენტები სიტყვით გამოვიდნენ, 50 მეტრში ამერიკის პრეზიდენტის წასვლიდან ერთი საათის შემდეგ ნაპოვნი იქნა ხელყუმბარა. 


შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა რა თავისუფლების მოედანზე RPG–5 ტიპის ხელყუმბარის აღმოჩენის ფაქტი, განაცხადა, რომ 10 მაისს თავისუფლების მოედანზე აშშ–სა და საქართველოს პრეზიდენტების სიტყვით გამოსვლისას მათი უსაფრთხოება აბსოლუტურად იყო დაცული და “მათ არაფერი ემუქრებოდათ“.


მისი თქმით, ეს იყო გათვლილი მასობრივ “არეულობაზე და პანიკაზე“ და პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის “დასაკნინებლად“.


მერაბიშვილის განცხადებით, “ეს [ხელყუმბარა] არც იყო ასაფეთქებლად გათვალისწინებული და რომც ყოფილიყო, პრეზიდენტები დაცულები იყვნენ“.


“რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს [ინციდენტი] მიმართული იყო საერთაშორისო პრესაში იმ მოვლენების დასაკნინებლად, რომელიც საქართველოში მოხდა [ბუშის  ვიზიტი]“, დასძინა შს მინისტრმა.


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა 11 მაისს დილით პრეს-კონფერენცია მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ ხელყუმბარა არასაბრძოლო მდგომარეობაში იყო აღმოჩენილი და ამდენად პრეზიდენტებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. 


ბეჟუაშვილმა აშკარად სიფრთხილე გამოიჩინა და  მოერიდა ტერმინის “ხელყუმბარის” გამოყენებას, რის სანაცვლოდაც იყენებდა სიტყვას “ობიექტი“.


“წინასწარი ვარაუდით, ეს იყო საბჭოური გამოშვების RPG–5 ტიპის ხელყუმბარა“, განაცხადა მან.


“ობიექტი არასაბრძოლო მდგომარეობაში იყო … ჩვენ, ამერიკულ მხარესთან ერთად, ერთობლივად ვიძიებთ საქმეს“, დასძინა მან.


“იგი ტრიბუნიდან [სადაც აშშ-ის და საქართველოს პრეზიდენტები სიტყვით გამოვიდნენ] დაახლოებით 50 მეტრში იქნა ნაპოვნი“, აღნიშნა ბეჟუაშვილმა.


მისი თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, რადგანაც უსაფრთხოების ზომები ამერიკულ მხარესთან ერთობლივად იქნა მიღებული.


ბეჟუაშვილმა აქვე დასძინა, რომ ინციდენტის მიზანი იყო ხალხის შეშინება და მედიის ყურადღების მიპყრობა.


საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა მას შემდეგ გააკეთა განცხადება, რაც 10 მაისს გვიან დასავლურ პრესაში გაჩნდა პირველი ინფორმაცია ხელყუმბარის აღმოჩენის თაობაზე.


აშშ-ის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა ჯიმ მაკინმა 10 მაისს CNN-ს განუცხადა, რომ უშიშროების სამსახურს ჯერ არ დაუდასტურებია, იყო თუ არა ობიექტი ნამდვილი ხელყუმბარა და გამოწეული ჰქონდა თუ არა მას “კალიცო“.


უსაფრთხოების ზომები თავისუფლების მოედანზე უკვე 10 მაისიდან მკაცრად იყო დაცული. მოედნისკენ მიმავალი გზები ქართველი და ამერიკელი უშიშროების თანამშრომლების მიერ იყო ბლოკირებული.


მათ, ვისაც სურდათ ორი პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრება, თავისუფლების მოედანზე შესვლა მხოლოდ რუსთაველის პროსპექტიდან მას შემდეგ შეეძლოთ, რაც  სპეციალურ შემოწმებას იქ დამონტაჟებული მეტალოდეტექტორების საშუალებით გაივლიდნენ. ეს გარკვეულწილად აფერხებდა ხალხის ნაკადის შესვლას თავისუფლების მოედანზე.   


შედეგად, 10 მაისს, შუადღისთვის მეტალოდეტექტორები მოხსნეს.

Back to top button