ახალი ამბები

თბილისი მოსკოვს საქართველოდან “საბჭოთა გადმონაშთის“ გაყვანას სთხოვს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტის მიზეზი არ არსებობს, სანამ რუსული სამხედრო ბაზების საკითხი, რომელსაც მან “საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული ბატონობის უკანასკნელი გადმონაშთი“ უწოდა, არ მოგვარდება.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას თავის რუს კოლეგას ვლადიმიერ პუტინს განუცხადა, რომ იგი რუსეთს იმის გამო არ ეწვევა, რომ  სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით 6 მაისს მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.


“იგი [პუტინი] ჩვენს ამ პოზიციას გაგებით შეხვდა”, განაცხადა სააკაშვილმა.


მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში 8-9 მაისს დსთ-ის ლიდერების სამიტში მონაწილეობისთვის და II მსოფლიო ომის დასრულების 60 წლისთავისადმი მიძღვილი ღონისძიებების აღსანიშნავად იმ შემთხვევაში გაემგზავრებოდა, თუ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 6 მაისს მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმებას მიაღწევდნენ.


სააკაშვილის თქმით, მიუხედავად რუსულ მხარესთან ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებებისა, მხარეებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. მოსკოვი უარს აცხადებს ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული ბაზები 2008 წლის 1 იანვრისთვის დახუროს, როგორც ამას ქართული მხარე მოითხოვს.


“საქართველოში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზები საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული ბატონობის უკანასკნელ გადმონაშთს წარმოადგენს. იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ცივილური, დიპლომატიური გზით მოგვარდება“, განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ “რთულია ჩემი მოსკოვში ვიზიტის საკითხზე საუბარი, როცა ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ“.


სააკაშვილმა თავი შეიკავა ეპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას აამოქმედებს თუ არა თბილისი რუსული ბაზების წინააღმდეგ გარკვეულ შეზღუდვებს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვთან შეთანხმება 15 მაისამდე არ შედგა, როგორც ამას საქართველოს პარლამენტის მიერ მარტში მიღებული დადგენილება ითვალისწინებს.


“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი გადაწყდება“, უპასუხა პრეზიდენტმა.


სააკაშვილმა პრეს-კონფერენცია შაბათს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა. სხდომაზე რუსული სამხედრო ბაზების საკითხი იქნა განხილული, თუმცა სხვა დეტალები უცნობია.


ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 7 მაისს საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან რუსული ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე მოსკოვში 6 მაისს გამართული მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.


თბილისი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ვლადიმერ პუტინთან 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის დროს ბაზების საკითხს დააყენებს.


აშშ–ს ელჩმა რუსეთში ალექსანდრე ვერშბოუმ 7 მაისს “ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ და ევროპაში ჩვეეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების (CFE) მონაწილე სხვა ქვეყნები CFE–ის  რატიფიკაციის მიზნით ვერ გადადგამენ ნაბიჯებს მანამ, სანამ არ შესრულდება 1999 წლის სტამბოლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოდან და მოლდოვადან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე.


 

მსგავსი/Related

Back to top button