ახალი ამბები

სამხედრო ბაზებზე შეთანხმება არ შედგა, სააკაშვილი მოსკოვში არ ჩავა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 6 მაისს მოსკოვში რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან გამართული, ოთხსაათიანი, მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა შეცვალა პოზიცია და უარი განაცხადა აპრილში მინისტრებს შორის მიღწეული სიტყვიერი შეთანხმების შესრულებაზე, რომლის თანახმადაც რუსულ სამხედრო ბაზებს საქართველოს ტერიტორია 2008 წლის 1 იანვრამდე უნდა დაეტოვებინა. ზურაბიშვილმა განცხადა, რომ საქართველო მზად არის მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, თუმცა დასძინა, რომ დრო ცოტა რჩება.

თბილისსა და მოსკოვს შორის რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის ვადებზე შეთანხმების ჩაშლამ აიძულა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი განეცხადებინა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მოსკოვს აღარ ეწვევა. თბილისს სამხედრო ბაზებზე შეთანხმების პროცესის დასრულება 8 მაისამდე სურდა, რათა რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შესაბამის დოკუმენტზე ხელი მოეწერათ მოსკოვში.


“მთავარ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა – ეს არის ბაზების გაყვანის საბოლოო ვადა [2008 წლის 1 იანვარი], რომელიც, როგორც ჩვენ გვეგონა, უკვე შეთანხმებული იყო [გასულ თვეში ლავროვსა და ზურაბიშვილს შორის მიღწეული სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ]“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ლავროვთან ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგა.


მისი თქმით, საქართველო ბაზების გაყვანას სამ წელიწადზე ნაკლებ ვადაში ითხოვს, რადგანაც თბილისს არ სურს, რომ რუსული ბაზები ისევ საქართველოში რჩებოდნენ 2008 და 2009  წლებში დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს.  


“ისინი [რუსული მხარე] დაგვპირდნენ, რომ ამ არგუმენტს გაითვალისწინებდნენ, თუმცა მისი გაზიარება არ მოხდა“, განაცხადა ზურაბიშვილმა.


“ახლა ასეთი თამაში მიდის: რუსები ამბობენ, რომ ისინი შეეცდებიან ვადებზე საბოლოო პასუხი [რუსეთის] პრეზიდენტისგან მიიღონ; ლავროვი პრეზიდენტ პუტინს ხვალ [7 მაისს] შეხვდება და ამის შემდეგ იგი დაგვირეკავს; ლავროვმა ასევე შემოგვთავაზა შეხვედრის გამართვა მომავალ კვირას; მისი თქმით, მათ ძალიან უნდათ შეთანხმების მიღწევა. ვნახოთ, ჩვენც მზად ვართ განვაგრძოთ მოლაპარაკებები“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა დასძინა რომ “დრო გარბის“ და საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული საბოლოო ვადაც ახლოვდება.


საქართველოს პარლამენტმა 10 მარტს მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, თუ 2005 წლის 15 მაისამდე ვერ მოხერხდა რუსეთის მხარესთან შეთანხმება საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის კონკრეტულ, საქართველოს მხარისთვის მისაღებ, გონივრულ ვადაზე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, კანონით დადგენილ ფარგლებში, მიიღებს შესაბამის ზომებს ამ ბაზების მიმართ.  


მთავრობის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები გულისხმობს რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეფერხებას; საქართველოს ბიუჯეტისადმი რუსული ბაზების საერთო დავალიანების შეფასებას და რუს სამხედროთა, ასევე მათი კუთვნილი სამხედრო ტექნიკისა და ტვირთების “გადაადგილების სპეციალური რეჟიმის“ შემუშავებას. პარლამენტი ასევე ავალებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს “შეისწავლოს და შეაფასოს რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირების შედეგად გარემოზე მიყენებული ეკოლოგიური ზიანის ოდენობა”.


“მანამდე [15 მაისამდე] ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ და შევეცადოთ შეთანხმების მიღწევას, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ ვერაფრის შეცვლას ვერ შევძლებთ“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ბაზების გაყვანის პროცესი 2005 წლიდან უნდა დაიწყოს, თუმცა პროცესის დასრულების ვადის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ქართულმა მხარემ შემდეგი წინადადება დააყენა: ახალქალაქის ბაზა 2006 წლის ბოლოსთვის, ხოლო ბათუმის ბაზა 2008 წლის იანვრისთვის უნდა დაიხუროს.


“თუმცა, რუსული მხარე ძირითადად ტექნიკურ პრობლემებს იმეზეზებს … ისინი ამბობენ, რომ მეტი დრო სჭირდებათ“, განაცხადა ზურაბიშვილმა.


“ისინი [რუსული მხარე] აცხადებენ, რომ ბაზების გაყვანა რთულია – გემების ეს თუ ის რაოდენობაა საჭირო, ამინდმა შავ ზღვაზე შესაძლოა ასევე შეაფერხოს პროცესი“, დასძინა მან.


რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადება, რომ რუსეთს სულ ცოტა ოთხი წელი სჭირდება ბაზების გასაყვანად, პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ მოსკოვმა პოზიცია შეიცვალა.


კითხვაზე მოახდინეს თუ არა რუსეთის სამხედროებმა ზეგავლენა კრემლის პოზიციაზე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, “როგორც ჩანს, ეს ასეა“.   


“ფაქტია, რომ ამ მოლაპარაკებების ტონი და გარემო განსხვავდებოდა წინა მოლაპარაკებებისგან [ლავროვთან აპრილში] და რუსული მხარეც მზად არ აღმოჩნდა დაესრულებინა მოლაპარაკებები“, განაცხადა ზურაბიშვილმა.


სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში რუსული სამხედრო ბაზების საკითხს მოსკოვში, 9 მაისს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე დააყენებს. 5 მაისს ბუშმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს დახმარების აღმოჩენა, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ საქართველოზე და რუსეთზეა დამოკიდებული. 


 

Back to top button