ახალი ამბები

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დემილიტარიზაციის პროცესი დაიწყო

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დემილიტარიზაციის პროცესი დაიწყო, რომლის შეფერხების მიზეზად დღემდე კლიმატური პირობები სახელდებოდა, იტყობინება 6 მაისს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. 


კერძოდ, სოფელ თამარაშენისა და ერგნეთის საიმიგრაციო საგუშაგოს მიდამოებში ბეტონის  წინაღობების დემონტაჟი განხორციელდა.


“სტრატეგიული თვალსაზრისით ასეთი წინაღობები არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, თუმცა შეფერხებას უქმნის ქართულ-ოსურ საზოგადოებაში ნდობის აღდგენას და სამშვიდობო პროცესის განვითარებას“, აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა და ოსურ მხარეს დემილიტარიზაციის პროცესში ჩართვისაკენ მოუწოდებს.


თუმცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი 5 მაისს იტყობინება, რომ ოსურმა მხარემ მსგავსი პროცესი უკვე დაიწყო. 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ერთობლივი დადგენილებით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ასევე მოწესრიგებულია ჰუმანიტარული ტვირთის შეუფერხებელი გადაადგილება ოსური სოფლებისაკენ.


“საქართველოს ხელისუფლება, ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით შექმნილი შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს ასრულებს“, ნათქვამია ხაინდრავას უწყების პრეს–რელიზში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button