ახალი ამბები

ბრიტანელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს ამზადებენ







ქართველი ჯარისკაცები ბრიტანელი ინსტრუქ–
ტორების მითითებით ვარჯიშობენ.
ბრიტანელ სამხედრო ინსტუქტორთა ერთი ჯგუფი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 36 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ოთხი კვირის განმავლობაში მოამზადებს.


დახმარების პროგრამა ძირითად აქცენტს სამშვიდობო ოპერაციებისთვის სამხედროთა მომზადებაზე გააკეთებს და ურთიერთკავშირშია აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ახალ “სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების პროგრამასთან“.


საქართველოში ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს თანაშემწემ რობერტ ჰამლინგმა განაცხადა, რომ ის ქართველი სამხედროები, რომლებიც ამ მომზადების კურსს გაივლიან, შემდეგ გადავლენ 21-ე ბატალიონში, რომელსაც ამჟამად ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები “სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების პროგრამის“ ფარგლებში ამზადებენ.


“ეს მომზადების კურსი აშშ-ის მიერ დაფინანსებული სამხედრო პროგრამის შემადგენელი ნაწილია“, განუცხადა რობერტ ჰამლინგმა “სივილ ჯორჯიას“ 4 მაისს.


ბრიტანელ ინსტრუქტორთა მეორე ჯგუფი აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორებთან ერთად კრწანისის სასწავლო ცენტრშია განთავსებული. მათი მიზანია სამი კვირის განმავლობაში ამერიკელ ინსტრუქტორებთან მუშაობა, რათა დაეხმარონ მათ “სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების პროგრამის“ ფარგლებში შესაბამისი გეგმის შემუშავებაში.


ქართველ სამხედროთა მომზადების კურსი დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების პროგრამის ნაწილია. მას კოორდინაციას საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე უწევს. გასული წლის აპრილში 46 ქართველმა სამხედრომ უკვე გაიარა დიდი ბრიტანეთის მიერ დაფინანსებული ხუთკვირიანი მოსამზადებელი კურსი სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებაში.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button