ახალი ამბები

ზურაბიშვილი მოსკოვში სამხედრო ბაზებზე შეთანხმებას ხელმოსაწერად მოამზადებს

6 მაისს, მოსკოვში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი და მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით შემუშავებული დოკუმენტის საბოლოო ტექსტს შეათანხმებენ, რომელზეც მეტწილადაა დამოკიდებული პრეზიდენტ სააკაშვილის მოსკოვში გამგზავრება, სადაც ნავარაუდევია, რომ 8-9 მაისს ორი ქვეყნის პრეზიდენტები ამ დოკუმენტს მოაწერენ ხელს.


სალომე ზურაბიშვილისთვის “მოულოდნელი“ აღმოჩნდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის 4 მაისს გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც რუსულმა სამხედრო ბაზებმა საქართველო ოთხ წელიწადში უნდა დატოვონ. 


“მოულოდნელია ივანოვის მიერ ახალი ვადების გაჟღერება, რაც არ ემთხვევა იმას, რაზეც ჩვენ [25 აპრილს მოსკოვში]  შევთანხმდით“, განაცხადა 5 მაისს “რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში სალომე ზურაბიშვილმა და აქვე დასძინა, “გასარკვევია, ეს წარმოადგენს რუსეთის პოზიციას თუ არა“.


სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მოსკოვში გამგზავრებას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუკი ბაზებზე შეთანხმებას მოეწერება ხელი.


“რუსეთის მხარეს იმაზეც აქვს რეაქცია, რომ ორ საკითხს [ბაზების გაყვანას და 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლის იუბილეს] ვუკავშირებთ ერთმანეთს. რა აზრი აქვს პრეზიდენტის ჩასვლას, თუ არ იქნა რეალური პროგრესი ბაზების საკითხზე მიღწეული? ჩვენ ასე ვუყურებთ საკითხს და იმედი გვაქვს, რომ რეალურ პროგრესს მივაღწევთ“, განაცხადა მინისტრმა.   


სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დოკუმენტში ჩაიდება ბაზების გაყვანის ის დეტალები, რომლის ძირითად პრინციპებზეც მხარეები 25 აპრილს მოსკოვში სიტყვიერად შეთანხმდნენ. მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერის მომენტიდან დაიწყება ბაზების გაყვანის პროცესი.


დოკუმენტში ასევე აისახება ბაზების გაყვანის პროცესის შიდა ეტაპები და გაიწერება კონკრეტული ნაბიჯები, რათა “შუა პროცესში “სიურპრიზის სახით“ არ აღმოჩნდეს, რომ ვადებში ვეღარ ვეტევით,  ჩვენ უკვე დავასახელეთ ბაზების გაყვანის საბოლოო ვადად 2008 წლის იანვარი“,  განაცხადა ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, ეს ვადა ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რადგან 2008 წლიდან საქართველოში საპრეზიდეტო და საპარლამენტო არჩევნების ციკლი დგება და “ჩვენ ავუხსენით პარტნიორებს და მათაც გაიგეს, რომ რუსული სამხედრო ბაზების თემა არ უნდა გახდეს წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ელემენტი“, დასძინა მინისტრმა.


მისი თქმით პრეზიდენტების მიერ ბაზებთან დააკავშირებით ხელმოწერილი დოკუმენტი უნდა გახდეს საქართველო–რუსეთს შორის ახალი ურთიერთობების დაწყების საფუძველი, “შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი – მომავალი კონფრონტაციის საფუძველი“.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button