ახალი ამბები

ცხინვალი “მოძმე ხალხებს“ შორის კონფლიქტის მიზეზების შეფასებას მოითხოვს







სააკაშვილი: ყველა მშვიდობისმოყვარე
ძალას დიალოგისკენ მოვუწოდებ.
მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს დიალოგისკენ მოუწოდებს, სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი 90-იანი წლების დასაწყისში “მოძმე ხალხებს“ შორის გაჩაღებული შეიარაღებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების შეფასების საჭიროებაზე საუბრობს. 


3 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისის მერიაში სტუდენტებთან  შეხვედრაზე საქართველოს მოსახლეობას მიმართა. სააკაშვილმა  იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ მისი პრეზიდენტობის ერთი წლის ვადაში მიაღწია. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მომავალი ვიზიტის “ისტორიულ” მნიშვნელობას. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე ისაუბრა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე და ცხინვალს დიალოგისკენ მოუწოდა.


სააკაშვილის თქმით, ივნისში საქართველოს ხელისუფლება ფართომასშტაბიანი კონფერენციის გამართვას გეგმავს თბილისში, სადაც  კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით დეტალურად განიხილება იანვარში სააკაშვილის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაჟღერებული სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა.


პრეზიდენტმა ჩამოთვალა რამდენიმე ღონისძიება, რაც ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებამ მხარეთა შორის ნდობის აღდგენის მიზნით განახორციელა. თუმცა, დამკვირვებელთა თქმით, ეს მცდელობები მნიშვნელოვნად შეაფერხა იმ შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, რასაც ქართულ და ოსურ მხარეებს შორის გასული წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი.


“ჩვენ გადავიტანეთ [კონფლიქტის ზონაში მდებარე ძევერის] რეზერვისტთა ბატალიონი, რათა [ცხინვალისთვის] საბაბი არ მიგვეცა, ასევე შევამცირეთ [კონფლიქტის ზონაში] ქართველ სამშვიდობოთა რაოდენობა 10–ჯერ… შევთავაზეთ კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო ინიციატივა. ახლა, მოვუწოდებ ყველა მშვიდობისმოყვარე ძალას დიალოგისკენ“, განაცხადა პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისი მზად არის გახსნას სპეციალური საპასპორტო განყოფილებები გორში, რომელიც დაბრკოლების გარეშე გასცემს ქართულ პასპორტებს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. 


თუმცა, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ნათლად განაცხადა, რომ თბილისმა უნდა შეაფასოს და დაგმოს ის “ქმედებები, რომლებმაც 90-იანი წლების დასაწყისში სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოძმე ხალხებს შორის“ კონფრონტაცია გამოიწვია, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს. მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისმა უნდა დაიწყოს რესტიტუციის საკითხის განხილვა. 


“პოლიტიკური ნება და გამბედაობაა საჭირო შეცდომის აღიარებისთვის. რამ გამოიწვია ეს კონფრონტაცია, რამ გამოიწვია [ოსების] გენოციდი? თვითონ ქართველები გამსახურდიას [საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის] რეჟიმს “პროვინციულ ფაშიზმს“ უწოდებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ აისახა პოლიტიკურ დოკუმენტებში. არ არსებობს რაიმე პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც დაგმობს იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთაც გააღვივეს შეიარაღებული კონფრონტაცია მოძმე ერებს შორის“, განაცხადა ედუარდ კოკოითმა ინტერვიუში, რომელიც 3 მაისს გადაიცა. 


“მინდა, რომ ქართულმა მხარემ დაგმოს ის ქმედებები, რომელთაც მიგვიყვანეს ომამდე ორ მოძმე ხალხს შორის. ცოტა ხნის წინ ისიც კი შევამჩნიე, რომ ბევრ პოლიტიკოსს ეშინია, რომ ოსებს და ქართველებს “მოძმე ხალხი“ დაუძახოს. არ ვიყავით მოძმე ერები?“, დასძინა მან.


მან ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარის წინადადება კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გააჟღერა, მიუღებელია ცხინვალისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ ოფიციალურმა თბილისმა ეს დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის მხარეს არც კი გადასცა.


“ოფიციალურად, მე ეს ინიციატივა არსად მინახავს. თქვენ შეგიძლიათ გაავრცელოთ იგი ელექტრონული მედიის საშუალებით, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია რაიმე ოფიციალური ინფორმაცია ამის თაობაზე … ეს [სამშვიდობო გეგმა] ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. არავისთვის არ გვითხოვია, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსი განიხილონ“, განაცხადა კოკოითმა.


კითხვაზე, თუ რატომ განაცხადა მან უარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრაზე აპრილის ბოლოს, კოკოითმა აღნიშნა, რომ იგი წინააღმდეგია იმ შეხვედრების, რომლებიც მხოლოდ შეხვედრის გულისთვის ტარდება. ამის სანაცვლოდ, იგი კონფლიქტის ზონაში კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორების მიზნით შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის ინიციატივით გამოდის.   


“კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ შეხვედრებისა, რომლებიც მხოლოდ შეხვედრის გულისთვის ტარდება. ძალოვან მინისტრებს შორის უნდა გავმართოთ შეხვედრა [იგი გულისხმობდა შინაგან საქმეთა მინისტრებს და სხვა ოფიციალურ პირებს სამართალდამცავი სტრუქტურებიდან]. ქართულ მხარეს ბევრჯერ შევთავაზეთ ამგვარი შეხვედრის გამართვა, თუმცა რაიმე პრაქტიკული შედეგები ამას არ მოჰყოლია მიუხედავად მათი [ქართული მხარის] თანხმობისა [შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის თაობაზე],“ აღნიშნა კოკოითმა.


მან ქართული მხარე პროვოკაციული ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა, “რომელიც [კონფლიქტის ზონაში] ამჟამად არსებული შედარებით სტაბილური სიტუაციის არევას ისახავს მიზნად“. კოკოითის თქმით, ქართული მხარის მიერ  სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ამ პროვოკაციების ნაწილია. “ჩვენ ყველანაირი საშუალება გვაქვს, რომ ჩამოვაგდოთ ეს ე.წ. “ამოუცნობი“ თვითმფრინავები, რომლებიც არღვევენ საჰაერო სივრცეს. 29 აპრილიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე შვიდჯერ დაირღვა; ეს არის პროვოკაცია“, განაცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა.


 

მსგავსი/Related

Back to top button