ახალი ამბები

საქართველო ბუშის ვიზიტის მოლოდინში







თბილისელებს უკვე მრავალი წელია ამ მასშტაბის
სარესტავრაციო სამუშაოები არ უნახავთ დედაქალაქში.
როდესაც მუშებმა იმ შენობების, თუ გზების შეკეთება დაიწყეს, რომელიც თბილისის აეროპორტიდან დედაქალაქის ცენტრამდე მდებარეობს, ხელისუფლებამ მათ სამუშაოების დასრულების ბოლო ვადად 9 მაისი დაუდგინა. ამ დღეს თბილისში აშშ–ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს ელიან. პოლიტიკურ მიმომხილველთა თქმით, ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ მიიჩნევს რუსეთს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთადერთ მამოძრავებელ ძალად.
 
ჯორჯ ბუში, 700-კაციანი დელეგაციით საქართველოში მოსკოვიდან ჩამოვა, სადაც 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 60 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება. თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში დამონტაჟებული ბილბორდები გვამცნობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას 10 მაისს, დილით თავისუფლების მოედნიდან მიმართავს. ვიზიტის დღის წესრიგის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
 
ვებ-გვერდი www.georgiawelcomesusa.com, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სპეციალურად ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით გახსნა, იტყობინება, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას 3 მაისს მიმართავს,  და “ისაუბრებს ამ ვიზიტის დიდი მნიშვნელობის შესახებ, რაც ხაზს უსვამს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისადმი”.
 







დედაქალაქში განთავსებული ბილბორდები,
რომლებზეც აშშ–ის პრეზიდენტის ვიზიტის
ოფიციალური ლოგოა გამოსახული, მოქალაქეებს
ბუშის საჯარო გამოსვლაზე დასასწრებისკენ
მოუწოდებს, რომელიც 10 მაისს თავისუფლების
მოედანზე შედგება.
პოლიტიკური მიმომხილველი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის წარმომადგენელი არჩილ გეგეშიძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სამი ძირითადი ინტერესი ამოძრავებს სამხრეთ კავკასიაში, რაც ამ რეგიონს ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანს ხდის. ეს არის ლიბერალურ–დემოკრატიული ფასეულობების გავრცელება, ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიცირება და რუსეთის, როგორც გლობალური ფაქტორის გამოცდა.


“საქართველო არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, სადაც რუსეთის ორმაგი სახე კარგად ჩანს და რუსეთი დასავლეთის თვალში კარგად გამოიცდება. საქართველო თითქოს  ექსპერიმენტების ქვეყანაა, სადაც კონფლიტების გადაწყვეტის ახალი მოდელები უნდა გამოიცადოს, მოხდეს ძველის რღვევა და ახლის დანერგვა, სადაც დინამიური პროცესები მიმდინარეობს და ყალიბდება მომავალი მსოფლიო მოწყობის კონტურები. ამდენად, ჩვენი საბაზრო ფასი საერთაშორისო არენაზე ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ამაზე ერთი შეხედვით ქვეყნის სიდიდე ან მოსახლეობის რაოდენობა მეტყველებს“, განუცხადა არჩილ გეგეშიძემ “სივილ ჯორჯიას“.
 
მისი თქმით, ბუშის ვიზიტი სტიმულს მისცემს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებას. “ბუშის ვიზიტი შესაძლოა კონფლიქტების მოგვარების პროცესში უფრო აქტიური საერთაშორისო ჩარევით დასრულდეს”, აცხადებს გეგეშიძე. 
 
თუმცა, როგორც მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია აცხადებს, “ამ ეტაპზე აშშ–სთვის რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გასვლა უფრო მნიშვნელოვანია”.
 
“ამ საკითხს აშშ უფრო პრიორიტეტულად უყურებს კონფლიქტებთან შედარებით; ამიტომ არა მგონია, რომ ბუშის ვიზიტმა, რომელიც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო აშშ-ის მთავარი მოკავშირეა სამხრეთ კავკასიაში, სერიოზული გარდატეხა შეიტანოს საქართველოს კონფლიქტების მოგვარების საქმეში“, განუცხადა გია ნოდიამ “სივილ ჯორჯიას“.
 
მისი თქმით, აშშ–ს პრეზიდენტი სავარაუდოდ გაამახვილებს ყურადღებას იმ წუხილებზე, რაც არსებობს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და რაც აისახა აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებასა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში. “ძალიან მნიშვნელოვანია აშშ–სთვის ის, თუ როგორ შეძლებს საქართველო ამ პრობლემების აღმოფხვრას“, დასძინა გია ნოდიამ.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი აღმოსავლეთ ევროპის იმ 21 “თავისუფლების ჩემპიონთა“ შორის იყო, რომლებიც რომლებიც 24 თებერვალს ამერიკის პრეზიდენტს ბრატისლავაში შეხვდნენ.


“ვფიქრობ, ბუში საჯარო გამოსვლაში საგულისხმო აქცენტებს გააკეთებს დემოკრატიის საკითხებზე და საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების განვითარების მნიშვნელობაზე“, განუცხადა თინა ხიდაშელმა “სივილ ჯორჯიას“. 
 
“აშშ–ს პოზიცია ნათელია: ის მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს და არა რევოლუციებს. ამდენად, ჩვენ თუ გვინდა აშშ–ს პარტნიორობა, ის ცვლილებები, რომელსაც 2003 წლის 23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციის“ სახით ჩაეყარა საფუძველი, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებით და რეფორმების გატარებით უნდა გაგრძელდეს“, დასძინა მან.

მსგავსი/Related

Back to top button