ახალი ამბები

სოხუმი გალში გაეროს ეგიდით პოლიციის კომპონენტის შემოყვანას უარყოფს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 აპრილს უარყო რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სოხუმი თანახმაა გაეროს ეგიდით სამოქალაქო პოლიციის კომპონენტის შემოყვანაზე გალის რაიონში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.


“აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გაეროს ეგიდით სამოქალაქო პოლიციის კომპონენტის შემოყვანის საკითხი არ განიხილება აფხაზეთისა და საქართველოს მიერ“, ნათქვამია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის პოლიციის კომპონენტი, რომელიც აერთიანებს 11 ოფიცერს ხუთი ქვეყნიდან – რუსეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, შვეიცარიიდან და გერმანიიდან, ამჟამად ადმინისტრაციული საზღვრის მხოლოდ ქართულ მხარეს, ზუგდიდის რაიონში, ფუნქციონირებს. გაეროს პოლიციის მიზანია უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება ადგილობრივი სამართალდამცავების მომზადებისა და აღჭურვის გზით.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button