ახალი ამბები

საქართველო სტიქიის გამო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს






სურათზე დაკლიკებით იხილავს ქუთაისში
მომხდარი წყალდიდობის სხვა ფოტოებს.
თორნიკე ტურაბელიძის ფოტოები.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებმა უკვე გამოხატეს მზადყოფნა დახმარება აღმოუჩინონ წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაზარალებულ საქართველოს რეგიონებს. საქართველოს მთავრობა თავად აპირებს სტიქიით დაზარალებულთა რეაბილიტაციისთვის გამოყოს 20 მლნ ლარი, თუმცა წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისთვის მეტი თანხები იქნება საჭირო.

ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუმჯობესდა, თუმცა მეწყერმა, რომელიც გასულ ღამეს დაატყდა თავს აჭარაში ხულოს მაღალმთიან რაიონს, რამოდენიმე სოფელთან მისასვლელი ჩაკეტა.

ასევე საქართველო–რუსეთის დამაკავშირებელ ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გზა დააზიანა და შედეგად ყაზბეგის რაიონთან საავტომობილო კავშირი შეწყდა.

სვანეთისა და რაჭა–ლეჩხუმის რაიონები წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. მხოლოდ ლენტეხიდან 200 ადამიანი იქნა ევაკუირებული.

დასავლეთ საქართველოსთან ერთად სტიქია თავს დაატყდა აღმოსავლეთ საქართველოსაც. შიდა ქართლის სოფლები ძევერა და უფლისციხე მდინარეების მტკვრისა და ლიახვის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად დაიტბორა.

წყალდიდობებმა და მეწყერმა, რაც ერთკვირიანმა გადაუღებელმა წვიმებმა განაპირობა, დააზიანა სახლები, ხიდები და სასოფლო–სამეურნეო მიწები.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 აპრილს შიდა ქართლში სტუმრობის დროს განაცხადა, რომ 15–20 მლნ ლარი დასჭირდება მთელი საქართველოს მასშტაბით გზებისა და ხიდების აღდგენა–შეკეთებას.

“ბოლო ათწლეულია, რაც საქართველოს მსგავსი ზარალი არ განუცდია”, განაცხადა სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რამოდენიმე რაიონი ასევე დააზარალა სტიქიამ. პრეზიდენტმა ასევე შესთავაზა დახმარება ოს თანამოქალაქეებს.
 
“ცხინვალს ვთავაზობთ ტექნიკითა და ფულად დახმარებას… ჯავა და კვაისა მთლიანად იზოლირებულია, ჩვენი [ოსი] თანამოქალაქეები უსახლკაროდ არიან დარჩენილები. ვთავაზობთ მათ ელემენტარული პირობების აღდგენას“, განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა იქვე დასძინა, რომ “არაგონივრული იქნებოდა ამ დახმარებაზე უარის თქმა”. თუმცა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა ამ შეთავაზებას არ გამოხმაურებია.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციოდ ხელისუფლება 20 მლნ ლარს დახარჯავს. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მიყენებული ზიანის ღირებულება გაცილებით მეტია.

საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას სტიქიით დაზარალებულებული რეგიონებისათვის აუცილებელი დახმარების მოზიდვის თხოვნით. ამ პროცესს კოორდინაციას უწევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შექმნილი კრიზის–ჯგუფი. 

“ამ ეტაპზე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები დეტალურ ინფორმაციას აწვდიან ადგილსამყოფელი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს სტიქიურ ზონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“, ნათქვამია საგარეო უწყების მიერ 27 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი/Related

Back to top button