ახალი ამბები

საქართველო და რუსეთი სამხედრო ბაზების გაყვანაზე თანხმდებიან

ზურაბიშვილი ხელშეკრულების გაფორმებამდე ფრთხილ ოპტიმიზმს იჩენს








სალომე ზურაბიშვილი და სერგეი ლავროვი
25 აპრილს მოსკოვის მოლაპარაკებებზე.
იტარ–ტასის ფოტო.
რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 25 აპრილს მოსკოვში სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს იმის თაობაზე, რომ რუსეთი თავის ორ ბაზას საქართველოდან 2007 წლის ბოლოსთვის გაიყვანს. თუმცა, ამ შეთანხმებას ოფიციალური სახე უნდა მიეცეს.


25 აპრილს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ამ შეთანხმების დეტალებზე და თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.


მისი თქმით, მხარეებმა მოლაპარაკებებზე “კონკრეტულ პროგრესს“ მიაღწიეს და შემდეგ საკითხებზე შეთანხმდნენ: 


1. ბაზების გაყვანის საბოლოო ვადაზე;
2. ბაზების გაყვანის დაწყების თარიღზე;
3. ხელშეკრულებაში ბაზების გაყვანის პროცესის დეტალური სქემის ასახვაზე.


მისი თქმით, რუსმა და ქართველმა ექსპერტებმა ერთი კვირის ვადაში უნდა შეიმუშავონ ოფიციალური ხელშეკრულების დეტალები და 1 მაისის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები შეაფასებენ მიღწეულ შეთანხმებებს.

“მოლაპარაკებების დროს ჩვენ კონკრეტულ პროგრესს მივაღწიეთ სამი სხვადასხვა მიმართულებით. პირველი მათგანი [ბაზების დახურვის] ბოლო ვადას ეხება. ჩვენ პრაქტიკულად შევთანხმდით, რომ ბაზების გაყვანის ბოლო ვადა 2008 წლის 1 იანვარი იქნება“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მეორე საკითხი ეხება, ბაზების გაყვანის პროცესის დაწყებას. ზურაბიშვილის თქმით, გაყვანა მაშინვე უნდა დაიწყოს, როგორც კი საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტები მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმერ პუტინი ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მიაღწევენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 25 აპრილს მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა საქართველოდან ბაზების გაყვანის პროცესი უკვე წელს დაიწყოს. 

სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმების მესამე ნაწილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც იგი ითვალისწინებს დეტალური სქემის შემუშავებას – გაყვანის პროცესის სქემას – რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი გაუგებრობა გაყვანის პროცესში.

“შეთანხმების მესამე ნაწილი გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს ეტაპობრივი პროცესი, ისე, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა მოხდება 2005 წლის ბოლოსთვის, 2006 წლისთვის და 2007 წლის ბოლოსკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან [ეს დაგვეხმარება ჩვენ] თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები ნებისმიერ ეტაპზე [ბაზების გაყვანის პროცესთან დაკავშირებით] …  ჩვენ დაზღვეულნი უნდა ვიყოთ თუნდაც მცირე გაუგებრობებისაგან; ამდენად, ჩვენ შევთანხმდით, რომ შევიმუშავოთ დეტალურად დოკუმენტის ტექნიკური ნაწილი, რათა [ბაზების გაყვანის პროცესის] ყველა ასპექტი ნათელი იყოს. უნდა ვიცოდეთ, რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, მას შემდეგ რაც ხელი მოეწერება შეთანხმებას“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ  მოლაპარაკებების შემდეგ “გაჩნდა იმედი.” თუმცა, მისი ოპტიმიზმის მიუხედავად, ნათელი იყო, რომ ზურაბიშვილი ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდებოდა. 25 აპრილს მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ იგი არ მისცემს პრეზიდენტ სააკაშვილს საბოლოო რეკომენდაციას, სანამ შეთანხმების ყველა დეტალს არ გაეცნობა. მან ფრანგული გამოთქმაც კი მოიშველია – “ეშმაკი დეტალებშია“.

ზურაბიშვილის სიფრთხილე მის იმ კომენტარებშიც იგრძნობოდა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტს ეხებოდა.

“ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის ეწვევა თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი მოსკოვს 8-9 მაისს. ამ საკითხზე დღეს ვისაუბრეთ [რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს] და პასუხი ის არის, რომ თუ მიღწეული იქნება მნიშვნელოვანი პროგრესი [სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით], შესაძლებელია პრეზიდენტი მოსკოვს ეწვიოს. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერია,“ განაცხადა მან “რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი ფრთხილი მიდგომის მიზეზი სერგეი ლავროვთან გამართულ ევრობლივ ბრიფინგზეც გააჟღერა. “ეს ნდობის საკითხია. ჩვენ ვიცით წარსული გამოცდილებიდან, რომ რუსეთმა [ქართულ მხარესთან] ბევრი შეთანხმება და ხელშეკრულება, თუ ტრაქტატი დაურღვევია,“ განაცხადა მან.


მინისტრებმა საქართველოში ერთობლივი რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხიც განიხილეს. “რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საკითხი ჯერ-ჯერობით შეთანხმებული არ არის. 


„ჩვენ ანტიტერორისტული ცენტრის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში ვიმყოფებით. და [სამხედრო ბაზების თაობაზე] დოკუმენტში ჩაიდება დებულება იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებები ანტიტერორისტული ცენტრის თაობაზე გაგრძელდება და [დოკუმენტი იმასაც ასახავს], რომ ეს ანტიტერორისტული ცენტრები მხოლოდ ბაზების გაყვანის შემდეგ დაიწყებენ ფუნქციონირებას“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


25 აპრილს მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის პროცესი “რუსული ბაზების გაყვანის პარალელურად“ განხორციელდება.


როგორც მოსალოდნელია, ბაზებთან დაკავშირებით რუსული დიპლომატიის უკანასკნელი ნაბიჯები, აუცილებლად, გამოიწვევს რუსეთის ნაციონალისტურ–რეაქციული ძალების მწვავე კრიტიკას საკუთარი ხელისუფლების მისამართით. ამ კონტექსტში ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა სერგეი ლავროვთან გამართული მოლაპარაკებების ერთი ნიუანსიც გააჟღერა,  “მოლაპარაკებების წინ ბატონმა ლავროვმა მკითხა: “რუსეთის დამცირებას აპირებთ, თუ მართლა მზად ხართ რეალური შეთანხმებისთვის?“

მსგავსი/Related

Back to top button