ახალი ამბები

ზურაბიშვილი: შევთანხმდით ბაზების 2008 წლის 1 იანვრამდე გაყვანაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 25 აპრილს რუსთავი 2–ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იგი თავის რუს კოლეგას მოსკოვში ორშაბათს გამართული მოლაპარაკებების შედეგად  ბათუმისა და ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზების 2008 წლის 1 იანვრისათვის დახურვაზე შეუთანხმდა.


“დღევანდელი მოლაპარაკებების დროს ჩვენ კონკრეტულ პროგრესს მივაღწიეთ სამი სხვადასხვა მიმართულებით. პირველი მათგანი [ბაზების დახურვის] ბოლო ვადას ეხება. ჩვენ პრაქტიკულად შევთანხმდით, რომ ბაზების გაყვანის ბოლო ვადა 2008 წლის 1 იანვარი იქნება. მეორე საკითხი შეეხება, ამ [გაყვანის] პროცესის დაწყებას; ჩვენ ამაზეც შევთანხმდით. აუცილებელია ხალხმა დაინახოს, რომ რაღაც დაიწყო და ეს პროცესი დაიწყება მაშინვე, რაც [საქართველოს და რუსეთის] პრეზიდენტები შესაბამის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. და მესამეც, ეს უნდა იყოს ეტაპობრივი პროცესი, ისე, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა მოხდება 2005 წლის ბოლოსთვის, 2006 წლისთვის და 2007 წლის ბოლოსკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან [ეს დაგვეხმარება ჩვენ] თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები [ბაზების გაყვანის] თითოეულ ეტაპზე…ჩვენ დაზღვეულნი უნდა ვიყოთ თუნდაც მცირე გაუგებრობებისაგან; ამდენად, ჩვენ შევთანხმდით, რომ შევიმუშავოთ დეტალურად დოკუმენტის ტექნიკური ნაწილი, რათა [ბაზების გაყვანის პროცესის] ყველა ასპექტი ნათელი იყოს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართველ კოლეგასთან მოლაპარაკებების შემდეგ 25 აპრილს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა ბაზების გაყვანა შესაძლოა 2005 წლიდან დაიწყოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button