ახალი ამბები

სუამის ლიდერები რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

კიშინიოვის სამიტზე სეპარატიზმსა და დემოკრატიის განვითარებაზე გაკეთდა აქცენტენტები








სუამის ლიდერები კიშინიოვის 22 აპრილის
სამიტზე. “კომერსანტის” ფოტო
სუამის წევრი ქვეყნების ლიდერებმა საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვადან 22 აპრილს კიშინიოვში გამართული სამიტი შეაფასეს, როგორც მკვეთრი შემობრუნება რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ.


კიშინიოვის სამიტს რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ და ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსიც დაესწრნენ. აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის უფროსი მრჩეველი კონფლიქტებისა და კასპიის ენერგეტიკის საკითხებში სტივენ მანი ასევე ესწრებოდა სამიტს. მიუხედავად სამიტში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაპირებისა, პოლონეთის პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი კიშინიოვში ვერ ჩავიდა.


საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, სუამის ლიდერებმა ორ დეკლარაციას მოაწერეს ხელი: ერთი ეხებოდა სტაბილურობისა და დემოკრატიის განვითარებას სუამის წევრ ქვეყნებს შორის, ხოლო მეორე – დემოკრატიის განვითარებას კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე.


სუამის ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის შემოთავაზება სამხედრო
თანამშრომლობის თაობაზე. “შესაძლებელია, რომ შერეული [სუამის] შეიარაღებული ძალები ჩაერთონ კონფლიქტების მოგვარების პროცესში”, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა პოტენციური სამხედრო თანამშრომლობის დეტალები დაკონკრეტებული არ არის.


“შესაძლებელია, სუამის წევრი ქვეყნების სამშვიდობო პოტენციალის რეალიზაციაზე ფიქრი. მაგალითად, შერეული სამხედრო ძალის შექმნა [სამშვიდობო] ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად გაეროს ან ეუთოს ეგიდით”, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ.


უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიშინიოვის სამიტით სუამის ისტორიის “ახალი გვერდი დაიწერა”.


იუშჩენკოს თქმით, სუამის “სამ ვეშაპზე” დგას – ეს არის დემოკრატია, ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება/სტაბილურობა.


“ჩვენს რეგიონში ოთხი ცხელი წერტილია [აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი და მთიანი ყარაბაღი]. და უკრაინა მიზნად ისახავს რომელიმე მათგანის მოგვარებაში მაინც თავისი წვლილის შეტანას”, განაცხადა იუშჩენკომ.


მისი თქმით, უკრაინას შემუშავებული აქვს გეგმა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, რომელსაც ეწოდება “შვიდი ნაბიჯი”. მან აქვე დასძინა, რომ უკრაინა სრულ გეგმას სამი კვირის ვადაში წარადგენს.


ვიქტორ იუშჩენკომ ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ორგანიზაციის თანამშრომლობის გაძლიერებას. “ჩვენი მიზანი სტაბილურობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის ზონის შექმნის თაობაზე მჭიდრო კავშირშია ევროკავშირთან, რისი მიღწევაც შესაძლებელია
ევროპის წესების და სტანდარტების დაცვით”, იტყობინება რადიო “თავისუფლება” იუშჩენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, უნდა შეიქმნას ახალი რეგიონალური ორგანიზაცია სუამის საფუძველზე, რომელსაც ექნება “საკუთარი ოფისი, საკუთარი
სამდივნო და საკუთარი სამოქმედო გეგმა”.


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ასევე გაუსვა ხაზი რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობას, თუმცა მეტი ყურადღება კონფლიქტების მოგვარების საკითხე გაამახვილა.


“ჩვენი ორგანიზაცია გარდაიქმნება მნიშვნელოვან ძალად,
რომელიც მონაწილეობს კასპიის-შავი ზღვის რეგიონის პრობლემების მოგვარებაში.. . . [სუამის] წევრი ქვეყნები იზიარებენ ერთიან მიდგომას ტერორიზმისა და სეპარატიზმის წინააღმდეგ”, განაცხადა ილჰამ ალიევმა სამიტის დასრულებისას და თან დასძინა, რომ ერთობლივი დეკლარაცია სწორედ ამ პრინციპებს ასახავს.


მოლდოვას პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმა ასევე ისაუბრა სეპარატისტული კონფლიქტების შესახებ და კოალიციის სხვა წევრებს ორგანიზაციის შიგნით კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაზრდისკენ მოუწოდა.


“საჭიროა ჩვენი პოზიციების შეჯერება დემოკრატიის განვითარების, ეკონომიკის და განსაკუთრებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების კუთხით. ჩვენი რეგიონების სეპარატისტული ანკლავებიდან წამოსული საფრთხე და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები დამამცირებელია ცივილიზებული საზოგადოებისთვის”, განაცხადა ვორონინმა.


“ვფიქრობ, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი პოზიციები ერთმანეთს იმ კუთხით დაემთხვეს, რომ კონფლიქტების მოგვარების ძველი, როგორც აღმოჩნდა არაეფექტური, მიდგომების შენარჩუნება შეუძლებელია”, დასძინა მან.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოსტ-საბჭოთა სივრცეში შემდგომი დემოკრატიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. მას მხედველობაში ბელორუსი ჰქონდა.


“ბელორუსის, ისევე როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ხალხებს აქვს თავისუფალი არჩევანის, თავიანთი ნების თავისუფლად გამოხატვის და თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის უფლება”, განაცხადა პრეზიდეტმა სააკაშვილმა.


სააკაშვილმა მოლდოვას მოუწოდა ერთობლივად იმოქმედონ საქართველოდან და მოლდოვადან დროის უმოკლეს პერიოდში რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის მისაღწევად.


რუსეთის სამხედრო ბაზებზე საუბრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსული ჯარები საქართველოში ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ იმყოფებიან.


“მათი საქართველოში ყოფნა არ ემსახურება არც საქართველოს, არც რუსეთის ინტერესებს. ისინი რეგიონალურ უსაფრთხოებასაც არ ემსახურებიან”, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც 21 აპრილიდან კიშინიოვში იმყოფებოდა, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუმინეთისა და ლიტვის პრეზიდენტების დასწრება სუამის სამიტზე ადასტურებს, რომ ორგანიზაცია რეგიონალური თანამშრომლობის ფოკუსში ექცევა.


“დღეს არ იქნება საუბარი იმაზე, თუ ვინ გახდება ორგანიზაციის ახალი წევრი,
მაგრამ ორგანიზაცია გაფართოების მიმართულებით ნამდვილად მიდის”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button