ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო

22 აპრილს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით ფორმირების წესს განსაზღვრავს.


დამტკიცებული ვარიანტით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7–ვე წევრს, მათ შორის თავმჯდომარის კანდიდატურასაც, პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.  კანდიდატურები ღია კონკურსის წესით შერჩეული სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეები უნდა იყვნენ.


7–წევრიანი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ცსკ–ო ნიშნავს , ხოლო 9–წევრიანი საუბნო კომისიის თავმჯდომარე ასევე ცენტრალიზებული წესით ინიშნება საოლქო კომისიის მიერ.


ქვედა დონის საუბნო კომისიები დაკომპლექტების წესი შერეულია – ნახევრად პროფესიული და ნახევრად პარტიული. კერძოდ, საუბნო ადმინისტრაციის სამ წევრს ზემდგომი კომისია დანიშნავს, ხოლო დანარჩენი 6 წევრი იქნება საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის  – ნაციონალური მოძრაობის, მემარჯვენე ოპოზიციის და ლეიბორისტული პარტიის 2–2 წარმომადგენელი.


პარლამენტის ოპოზიციურმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს საარჩევნო კომისიების ფორმირების ახალი წესი და მას “ერთპარტიული“ საარჩევნო ადმინისტრაცია უწოდეს.


“ერთპარტიულია თუნდაც იმ ფაქტის გამო, რომ ცსკ–ოს აკომპლექტებს პრეზიდენტი, რომელიც თავმჯდომარეობს მმართველ პარტიას “ნაციონალურ მოძრაობას“. ეს უფლება კი კონსტიტუციით არის გარანტირებული“, განაცხადა პარლამენტის ოპოზიციური “კონსერვატორების“ ჯგუფის წარმომადგენელმა დეპუტატმა კახა კუკავამ.


კონსერვატორებმა, მემარჯვენე ოპოზიციამ და რესპუბლიკელებმა პარლამენტს ერთობლივად შესთავაზეს საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირების ალტერნატიული წესი, რომელიც პროფესიული ნიშნით შერჩეული პარტიების წარმომადგენლებით კომისიების მეტ–ნაკლები პარიტეტით დაკომპლექტებას ითვალისწინებდა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის ვარიანტი არ გაიზიარა.
 

მსგავსი/Related

Back to top button