ახალი ამბები

რუსმა სენატორმა სამხედრო ბაზებზე მოსკოვის პოზიცია გააჟღერა







სერგეი მირონოვისა და ნინო ბურჯანაძის
შეხვედრა თბილისში, 22 აპრილს. 
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა 22 აპრილს თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ბათუმიდან და ახალქალაქიდან თავისი სამხედრო ბაზები 2009 წლის 1 იანვრისთვის გაიყვანოს.


სერგეი მირონოვმა ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც წინ უძღოდა მისი ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრა.


“რუსეთმა შესთავაზა ქართულ მხარეს ახალქალაქიდან სამხედროთა და მძიმე ტექნიკის 2008 წლის 1 იანვრისთვის გაყვანა. ჩვენ ასევე გვინდა განვიხილოთ წინადადება ამავე პერიოდისთვის ბათუმიდან მძიმე ტექნიკის გაყვანასთან დაკავშირებით, 2009 წლის 1 იანვრისთვის კი ბაზის [ბათუმში] მთლიანად დახურვის თაობაზე . . . თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ერთი წლის წინ რუსული მხარე 11 წელიწადს ასახელებდა ბაზების გასაყვანად, ეს [ახალი შემოთავაზება] აშკარა პროგრესია”, განაცხადა სერგეი მირონოვმა.


“რამდენადაც მე ვიცი, ქართულ მხარეს დადებითი პასუხი არ მიუცია ამ
წინადადებაზე. თუმცა, მჯერა, რომ მოიძებნება კომპრომისი, რომელიც ხელსაყრელი იქნება როგორც ქართული, ისე რუსული მხარეებისთვის”, დასძინა მან.


სერგეი მირონოვმა ასევე განაცხადა, “ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს მტკიცე პოზიცია უკავია, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბაზები უნდა გავიდნენ. ახლა, განიხილება ვადების და ამ ბაზების ცივილიზებული გაყვანის საკითხი”.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვერის დროს, რომელიც მოსკოვში 25-26 აპრილს გაიმართება, მიღწეული იქნება შეთანხმება ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით.


“იმედი მაქვს, რომ ვადებზე შეთანხმება 15 მაისამდე მოხდება, რადგანაც ჩვენი
მომავალი ურთიერთობები მნიშვნელოვნად იქნება ამაზე დამოკიდებული”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


10 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ მიღებული დადგენილება 15 მაისამდე რუსულ მხარესთან საქართველოს ტერიტორიიდან ბაზების გაყვანის “გონივრულ ვადებზე” შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ავალებს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები ამ ბაზების მიმართ. პარლამენტის დადგენილება ბაზების გაყვანის ბოლო ვადად 2006 წლის 1 იანვარს განსაზღვრავს.


“ჩვენი პოზიცია ამ საკითხის მიმართ ძალიან კატეგორიულია. რუსული მხარის მიერ შემოთავაზებული ვადები აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის და თუ რუსეთი არ დათანხმდება უფრო მოკლე ვადებზე [ვიდრე ოთხი წელია] იძულებული გავხდებით პარლამენტის დადგენილება ავამოქმედოთ”, განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, რომელიც ასევე დაესწრო სერგეი მირონოვთან გამართულ მოლაპარაკებებს.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 22
აპრილს ასევე განაცხადა გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომ საქართველოს პარლამენტი მზად არის მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს უცხოური ჯარების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე, “მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსული სამხედრო ბაზები დატოვებენ საქართველოს”.


“უცხოური სამხედრო ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგება ან არშემოშვება საქართველოს საშინაო საქმეა. თუმცა, ჩვენ კარგად გვესმის რუსეთის შეშფოთება სამხრეთის საზღვრებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ შეცთავაზეთ, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა მიიღოს კანონი უცხოური სამხედრო ბაზების განლაგების აკრძალვის თაობაზე, თუმცა ამის წინაპირობა რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა უნდა იყოს. როცა რუსული ბაზები დატოვებენ საქართველოს, ჩვენ მზად ვიქნებით დავიწყოთ უცხოური ბაზების განლაგების აკრძალვის შესახებ კანონის განხილვა”, განაცხადა ბურჯანაძემ.


თბილისი უარს აცხადებს შეიტანოს რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულებაში დებულება, რომელიც კრძალავს მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზის განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე. მოსკოვის ეს მოთხოვნა განაპირობებს ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერის შეფერხებას.


როგორც ჩანს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის 25-26 აპრილს  მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი 15 მაისამდე სამხედრო ბაზების თაობაზე შეთანხმების მისაღწევად ბოლო მცდელობა იქნება.


საქართველოსა საგარეო საქმეთა მინისტრს და მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, ეწვევა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 9 მაისს მოსკოვს.


“[საქართველოს] პრეზიდენტი გაანალიზებს ამ მოლაპარაკებების შედეგებს. შემდეგ კი გადაწყვეტს, ღირს თუ არა მისი წასვლა მოსკოვში 9 მაისს”, განაცხადა ზურაბიშვილმა 20 აპრილს უკრაინაში ვიზიტის დროს.

მსგავსი/Related

Back to top button