ახალი ამბები

სუ(უ)ამის ლიდერები კიშინიოვში იკრიბებიან

სუამის წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვადან 22 აპრილს კიშინიოვში იკრიბებიან, სადაც აშშ-ის მხარდაჭერით 1997 წელს დაფუძნებული ორგანიზაციის აღორძინების საკითხს განიხილავენ.


სამიტში დამკვირვებლების სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას ლიტვის, რუმინეთის და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე კასპიის ენერგეტიკული და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მრჩეველი სტივენ მანი. სუამის ლიდერთა სამიტის წინ 21 აპრილს კიშინიოვში წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ.


სამიტზე განხილვის მთავრი თემა რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხები იქნება, რაც საერთოა აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის.


გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო წარადგენენ წინადადებებს მოლდოვასა და მის თვითგამოცხადებულ რეგიონს – დნესტრისპირეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.


“ჯერ-ჯერობით არც უკრაინის და არც საქართველოს ხელმძღვანელობას არ წარუდგენია თავისი მოსაზრება ამ საკითხზე. სამიტზე – იმ ქვეყნებთან ერთად, ვისაც სურვილი აქვს დახმარების ხელი გამოგვიწიდოს – ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა მოვისმინოთ ეს წინადადებები“, განუცხადა მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სტრატანმა რადიო “თავისუფლებას“ 21 აპრილს.


მისი თქმით, სუამის მიმართ ინტერესი რეგიონში იზრდება. “რეგიონის სხვა ქვეყნები, პოლიტიკოსები ამ ქვეყნებიდან, მზარდ ინტერესსს იჩენენ ამ ორგანიზაციის მიმართ. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ რუმინეთის, ლიტვის და პოლონეთის, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამ რეგიონში სტივენ მანი დათანხმდნენ მონაწილეობა მიიღონ [სუამის წევრი ქვეყნების ლიდერების] სამიტში კიშინიოვში [22 აპრილს]“, განაცხადა ანდრეი სტრატანმა.


სამიტზე აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების მოწვევით, რომლებიც ცოტა ხნის წინ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანდნენ, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მათი ორიენტირი ევროპისკენ არის მიმართული.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც სუამს ევროკავშირში ინტეგრაციის მექანიზმად მიიჩნევს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანტანას ვალიონისთან 9 აპრილს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ “ბალტია-შავის ზღვის თანამშრომლობის და სტაბილურობის მექანიზმი რეალობა ხდება“.


“ჩვენ ბალტია-შავის ზღვის ღერძის შესახებ [ჩემი] ლიტვაში ვიზიტის დროს [გასულ ოქტომბერს] ვისაუბრეთ [ლიტვის] პრეზიდენტთან [ვალდას] ადამკუსთან. უკრაინაში განვითარებული მოვლენების [ნარინჯისფერი რევოლუციის] შემდეგ კი[უკრაინის] პრეზიდენტმა [ვიქტორ] იუშჩენკომ და მე განვაცხადეთ, რომ საქართველოს, უკრაინას, ბალტიისპირეთსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირისკენ ისწრაფვიან, ახალი ტიპის თანამშრომლობა ყალიბდება“, განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.


სუამი 1997 წელს აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნა და თავდაპირველად მხოლოდ ოთხ ქვეყანას – საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას აერთიანებდა. მაშინ იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ალტერნატივად იქნა აღქმული. მოგვიანებით, 1999 წელს ორგანიზაციას უზბეკეთი შეუერთდა. შედეგად მას სახელიც გადაარქვეს და სუუამი უწოდეს.


თუმცა, კოალიციამ რეგიონალური თანამშრომლობის ანგარიშგასაწევ სტრუქტურად ჩამოყალიბება ვერ მოახერხა. 2002 წელს უზბეკეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი ორგანიზაციას დატოვებს. ამ განცხადების შემდეგ, უზბეკეთი იგნორირებას უკეთებდა სუუამის ფარგლებში გამართულ სამიტებს და შეხვედრებს. როგორც მოსალოდნელი იყო, უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა ამჯერადაც უარი განაცხადა კიშინიოვის სამიტში მონაწილეობაზე. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის სახელი  – სუუამი – ჯერ-ჯერობით უცვლელი რჩება.  გავრცელებული ინფორმაციით, კიშინიოვის სამიტზე ორგანიზაციის სახელის გადარქმევის საკითხზეც იმსჯელებენ. 


მოლდოვამ მას შემდეგ, რაც ძალაუფლებაში კომუნისტი პრეზიდენტი ვლადიმერ ვორონინი მოვიდა, ასევე დაიწყო სუუამის იგნორირება. ამის პარალელურად ვორონინი შეეცადა რუსეთთან ურთიერთობები გაეუმჯობესებინა. თუმცა, უკრაინის “ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ სუუამის აღორძინების მცდელობა აშკარა გახდა. ახალმა რეალობამ პრეზიდენტ ვორონინს ევროინტეგრაციის სასარგებლოდ შეაცვლევინა შეხედულებები. 

მსგავსი/Related

Back to top button