ახალი ამბები

კონდოლიზა რაისი ამერიკა–რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს








რაისი: ვიმედოვნებ, რომ რუსეთი ყოფილ
საბჭოთა ქვეყნებს მოეპყრობა, როგორც თანაბარს

20 აპრილს მოსკოვში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა რუსულ ტელეკომპანია НТВ-ს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მაისში საქართველოს და ლატვიას ეწვევა, “როგორც ამ ქვეყნების მეგობარი“.


კითხვაზე, თუ როგორ ფიქრობს იგი, გამოიწვევს თუ არა ბუშის საქართველოში ვიზიტი უარყოფით ემოციებს რუსეთში, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, „იმედი მაქვს, რუსი ხალხი გაიგებს, რომ ჩვენ მეგობრული ურთიერთობები გვაქვს ლატვიასთან და საქართველოსთან“.


“მაგრამ ეს არანაირად არ ემუქრება ჩვენს ურთიერთობას რუსეთთან, ისევე როგორც ურთიერთობებს რუსეთსა და საქართველოს შორის ან რუსეთსა და ლატვიას შორის. ფაქტიურად, ჩვენი შეხედულებით რუსეთი საკმაოდ ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფება ძლიერი მეზობლებით გარშემორტყმული – ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებით, რომლებიც ამჟამად გამჭირვალე და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ავითარებენ რუსეთთან. ეკონომიკური და კულტურული კავშირების გამო ეს ურთიერთობები ყოველთვის ახლო იქნება. ამგვარად, როდესაც პრეზიდენტი [ბუში] გეგმავს ლატვიაში და საქართველოში ჩასვლას, იგი ამ ქვეყნებში ჩადის, როგორც მეგობარი. იგი ჩადის, რათა თანამშრომლობის საჭიროებაზე ისაუბროს ყველასთან, მათ შორის რუსეთთან და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი მესიჯი იქნება. ამგვარად, ვიმედოვნებ, რომ რუსი ხალხი ამას მეგობრულ ჭრილში დაინახავს“, განაცხადა კონდოლიზა რაისმა.


20 აპრილს CNN-თან ინტერვიუში  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, “ვიმედოვნებ, რომ რუსეთის მთავრობა ამ სახელმწიფოებს მოეპყრობა   როგორც თანაბარ ქვეყნებს, როგორც ნამდვილად დამოუკიდებელ სახელმწიფოებს“.


“და მჯერა, რომ ამ სახელმწიფოებს კარგი ურთიერთობები სურთ რუსეთთან, რადგანაც მათ კარგად ესმით, რომ მათ სჭირდებათ კარგი ურთიერთობები რუსეთთან“, განაცხადა მან.


კითხვაზე, თუ რატომ არის, რომ საბჭოთა კავშირის დანარჩენ ყოფილ სახელმწიფოებს გარკვეული შიში აქვთ რეგიონში რუსეთის პოლიტიკის მიმართ, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ “ეს ისტორიის საკითხია“.


“საბჭოთა კავშირს იმპერიალისტური წარსული ჰქონდა მსოფლიოს ამ ნაწილში, იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ახლა რუსეთის მეზობლები არიან. რუსეთისთვის უმჯობესია გამჭირვალე, მეზობლური, მეგობრული ურთიერთობების განვითარება ამ სახელმწიფოებთან, რომლებიც დაეფუძნება 21-ე საუკუნის, და არა მე-19 საუკუნის მოთხოვნებს. 21-ე საუკუნის მთავარი პრინციპია, რომ არავინ აკონტროლებს არავის … და ამ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, მხოლოდ ისეთი ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც ურთიერთხელსაყრელია, ყოველგვარი ეკონომიკური ბერკეტების გამოყენების გარეშე. ასევე საჭიროა კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარება, რასაც საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს“, დასძინა მან.  


კონდოლიზა რაისის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სჯერა, რომ “თამაშიდან წაგებული დარჩება ვინმე რეგიონში“.


“ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს კარგი ურთიერთობები საქართველოსთან ან უკრაინასთან და იგივე შეუძლია რუსეთსაც. ეს არის 21-ე საუკუნის შეხედულება იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები“, დასძინა მან.

მსგავსი/Related

Back to top button