ახალი ამბები

რუსეთი წარუმატებელ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს

რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებული რუსულ-ქართული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც თბილისში 14-15 აპრილს გაიმართა, კვლავ წარუმატებლად დასრულდა. ზუსტად ერთ თვეში იწურება საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობისთვის მიცემული ვადა, რის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებამ მთელი რიგი ღონისძიებები უნდა განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ბაზების გაყვანის “გონივრულ“ ვადებზე 2005 წლის 15 მაისამდე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული მხარე მოლაპარაკებების პროცესის შეფერხებაში დაადანაშაულა. 16 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 14-15 აპრილს გამართული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც საქართველომ ჯარების გაყვანისთვის დამატებით პირობები დააყენა.


“მოლაპარაკებებზე განხილვის მთავარი თემა იყო სამხედრო ბაზების ფუნქციონირებისა და გაყვანის ვადების საკითხები. რუსეთის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა ბაზების ორგანიზებულად გაყვანის შესახებ და დაასახელა არგუმენტები თავისი წინადადებების დასაბუთების მიზნით. რუსული მხარის არგუმენტები სრულად ემთხვეოდა 18 თებერვალს სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებებს“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


“წარდგენილი წინადადებები ემთხვევა იმ ვადებს, რომელსაც ასახელებდა ქართული მხარე წინა მოლაპარაკებებზე. ასევე წარმოდგენილი იყო ბაზების ეტაპობრივი გაყვანის მექანიზმი – პირველ ეტაპზე მძიმე ტექნიკის და შეიარაღების გაყვანის შესახებ“,  ნათქვამია განცხადებაში.


“მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯებისა ქართული მხარის მიმართ, შეთანხმების მთავარ ასპექტებზე შეთანხმებას კვლავ ვერ მივაღწიეთ, რადგანაც თბილისი ჯარების გაყვანისთვის დამატებით პირობებს აყენებს“, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


თუმცა, რუსეთის საგარეო უწყებამ არ დააკონკრეტა მოლაპარაკებების სხვა დეტალები. სავარაუდოდ, მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში გაგრძელდება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე უარს აცხადებს მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრისაგან, იმ მოტივით, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესს შეაფერხებს.   


არაოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსული და ქართული მედიით გავრცელდა, ქართული მხარე თანახმაა რუსული ბაზების  სამი წლის ვადაში – 2009 წლის 1 იანვრამდე გაყვანაზე, თუმცა მხოლოდ იმ დათქმით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბაზები “გაყვანის რეჟიმში“ იფუნქციონირებენ, რომლის დროსაც აიკრძალება სამხედრო წვრთნების და პერსონალის როტაციის განხორციელება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირობა რუსული მხარისთვის მიუღებელია.


თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს ამ ინფორმაციას. “შემიძლია განვაცხადო, რომ მედიით გავრცელებული არც ერთი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ შევთანხმდით ჩვენს რუს კოლეგებთან, რომ მოლაპარაკებების პროცესში არ გავრცელდებოდა არანაირი ინფორმაცია … ეს არის წესი“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ.


საქართველოს პარლამენტმა 10 მარტს მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, თუ 2005 წლის 15 მაისამდე ვერ მოხერხდა რუსეთის მხარესთან შეთანხმება საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის კონკრეტულ, საქართველოს მხარისთვის მისაღებ, გონივრულ ვადაზე, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას დაევალება, კანონით დადგენილ ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები ამ ბაზების მიმართ.  


მთავრობის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები გულისხმობს რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეფერხებას; საქართველოს ბიუჯეტისადმი რუსული ბაზების საერთო დავალიანების შეფასებას და რუს სამხედროთა, ასევე მათი კუთვნილი სამხედრო ტექნიკისა და ტვირთების “გადაადგილების სპეციალური რეჟიმის“ შემუშავებას. პარლამენტი ასევე ავალებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს “შეისწავლოს და შეაფასოს რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირების შედეგად გარემოზე მიყენებული ეკოლოგიური ზიანის ოდენობა”. დადგენილებით, მოლაპარაკებათა წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსულმა ბაზებმა 2006 წლის 1 იანვრამდე უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. 

Back to top button