ახალი ამბები

ეუთო ქართველ მესაზღვრეებს მოამზადებს







როი რივი ეუთოს ეგიდით ქართველ მესაზღვრეთა
წვრთნის პროგრამის დეტალებზე საუბრობს.
ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) 18 აპრილიდან 800 ქართველი მესაზღვრის მომზადების პროგრამას დაიწყებს. ეს გადაწყვეტილება ეუთოს მუდმივმა საბჭომ 14 აპრილს ვენაში მიიღო.


გადაწყვეტილების მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა  როი რივმა თბილისში პრეს-კონფერენცია გამართა და იმ პროგრამის დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ორგანიზაციის წინაშე ქართულმა მხარემ მას შემდეგ დააყენა, რაც გასული წლის დეკემბერში ეუთომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ინგუშეთის, ჩეჩენეთისა და დაღესნის მონაკვეთებზე საზღვრის მონიტორინგის მისია რუსეთის ვეტოს გამო შეწყვიტა.


როი რივის თქმით, ქართველ მესაზღვრეთა მომზადების პროგრამა 2005 წლის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა შესაძლებელია იგი 2006 წელს კიდევ ოთხი თვით გაგრძელდეს.


“მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 2,6 მილიონ ევროს შეადგენს. და თუ პროგრამა გაგრძელდება, მის განხორციელებას დამატებით 1,5-2 მილიონი ევრო დასჭირდება“, განაცხადა როი რივმა 14 აპრილს თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


50-კაციანი პერსონალი, 30 საერთაშორისო ექსპერტის ჩათვლით, მოამზადებს ქართველ მესაზღვრეებს მათი დისლოკაციის ადგილებში, მათ შორის მთებშიც, სადაც მათ პრაქტიკული მეცადინეობები ჩუტარდებათ. ამასთან, მესაზღვრეები თეორიულ კურსს გაივლიან თბილისში განთავსებულ ეუთოს მისიის შტაბბინაში, ასევე ლილოს, ყაზბეგის, ლაგოდეხის და ომალოს რეგიონალურ სასაზღვრო ცენტრებში.


საწვრთნელი პროგრამა, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ ამოცანებს ისახავს მიზნად:


• სამაშველო ოპერაციები მთიან რაიონებში და უსაფრთხოების წესები. ამაში შედის ვერტმფრენით განსახორციელებელი ოპერაციები და პილოტთა პრაქტიკული მომზადება, ასევე სამაშველო ტექნიკა.
• დღე-ღამის განმავლობაში სასაზღვრო ერთეულების დაგეგმვა და მართვა
• პატრულირებაში, შეტყობინებასა და დაკვირვების ტექნიკაში მომზადება
• სპეციალური აღჭურვილობის წესების დაცვა
• რუქის წაკითხვა
• კომუნიკაციები
• პირველადი დახმარება
• საზღვრის დაცვის იურიდიული ასპექტები


“[წვთნის პროცესში] ჩვენ იმავე აღჭურვილობას გამოვიყენებთ, რომელიც საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის დროს გამოიყენებოდა“, განაცხადა როი რივმა.


“ჩვენ ასევე განვახორციელებთ ქართველ მესაზღვრეთა, სერჟანტების და დაბალი რანგის ოფიცრების პრაქტიკულ მომზადებას ამ სფეროში. ჩვენ მათ ამ მიზნით მთებში წავიყვანთ, რათა გადავცეთ ის უნარები და გამოცდილება, რაც გასული ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში დავაგროვეთ [საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის მსვლელობისას]“, დასძინა მან.


მისი თქმით, პროგრამა იმ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება, რომლებიც ორმხრივ საფუძველზე ეხმარებიან საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, მათ შორისაა გერმანია, თურქეთი და აშშ.


“ჩვენ საქმიანობას მათთან კოორდინირებულად წარვმართავთ და თუ დამატებითი აღჭურვილობის საჭიროება შეიქმნება, მათ რომელიმე დონორი ქვეყანა მიაწვდის ქართველ მესაზღვრეებს“, აღნიშნა როი რივმა.


მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველ მესაზღვრეთა მომზადების პროგრამა არ ნიშნავს საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის ჩანაცვლებას, რომელსაც ეუთო რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, დაღესტნისა და ინგუშეთის მონაკვეთებზე 1999–2004 წწ ახორციელებდა. 


“ვენაში დღეს გამართულ შეხვედრაზე [ეუთოს მუდმივ საბჭოზე] ქართულმა დელეგაციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიუხედავად ამ პროექტისადმი მათი დადებითი განწყობისა, ისინი კვლავ განაგრძობენ სხვა საერთაშორისო დახმარების მოძიებას საზღვრის მონიტორინგის მიზნით“, განაცხადა როი რივმა, თუმცა აქვე დასძინა, “ვენაში ცალსახად დაფიქსირდა, რომ ეუთოში საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის თაობაზე კონსენსუსი ვერ იქნება მიღწეული“. რუსეთმა გასული წლის დეკემბერს ერთხელ უკვე დაადო ვეტო მისიის მანდატის გაგრძელებას. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button