ახალი ამბები

თავდაცვის რეფორმა
სამოქალაქო საზოგადოების გამოცდაა

გადმობეჭდილია EurasiaNet–იდან

საქართველო სულ უფრო ექცევა ნატოს ყურადღების ცენტრში, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და უცხოელი სამხედრო მრჩევლების აზრით, მთელი რიგი  პრობლემები ართულებს თბილისის მცდელობას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს. ამ პრობლემებს შორისაა: არაადექვატური გრძელვადიანი დაგეგმვა და საბიუჯეტო დეტალების ყურადღების მიღმა დატოვება.
 
საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შესაძლოა ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყანა 2006 წლისათვის გახდეს. სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, 2004 წლის იანვარში, ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სრწაფი ტემპით განვითარდა. შარშან თბილისს ნატოს ბევრი მაღალი რანგის წარმომადგენელი ეწვია, საქართველოს თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში მუშაობენ ნატოს მეკავშირე ოფიცერი და სხვადასხვა უცხოელი მრჩევლები. ამას ემატება სატრანზიტო შეთანხმება, რომელსაც 2 მარტს მოეწერა ხელი და რომელიც საშუალებას აძლევს ნატოს თავისი ძალები ავღანეთში საქართველოს გავლით გადაიყვანოს. 10 მაისს დაგეგმილი აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტი თბილისში საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.       
 
თუმცა, ნატოში შესვლამდე საქართველომ ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) მიხედვით თავდაცვის სისტემის მოდერნიზება და დემოკრატიზაცია უნდა განახორციელოს. მას შემდეგ, რაც საქართველო შეასრულებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემდეგი ნაბიჯი იქნება წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP). განახორციელებს თუ არა საქართველო ამ მიზნებს, და თუ კი, მაშინ რამდენად ეფექტურად – ეს მთავრობის მთავარ საკითხად რჩება და საერთაშორისო დამკვირვებლების და მრჩეველთა ინტერესების საგანს წარმოადგენს.
 
EurasiaNet-ისთვის ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დარჩენილი 2006 წელს MAP-ზე გადასასვლელად. მისი თქმით, ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს სამხედრო შენაერთების ნატოს სტანდარტებთან მიახლოება წარმოადგენს. დანარჩენ პრიორიტეტებს შორისაა: საქართველოს საჰაერო-სადაზვერვო სისტემის ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა; ლოგისტიკასა და სახელმწიფო მომარაგების დეპარტამენტების გამჭირვალობის უზრუნველყოფა – წვრთნისათვის საჭირო შესყიდვები, აღჭურვილობისა და  ჯარისკაცების სათანადო აღრიცხვიანობა;  სამხედროებისთვის წინსვლის უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავება და საქართველოს საზღვაო ძალების შერწყმა სანაპირო დაცვასთან.
 
დასავლელი დიპლომატები და სამხედრო მრჩევლები შიშობენ, რომ საქართველო ვერ შეძლებს 2006 წლისათვის შეასრულოს ნატოში გაწევრიანების მიზნით ნაკისრი ვალდებულებები. “ლაპარაკია იმ ტემპებზე, რომლითაც ქვეყანა ამჟამად მიდის“, აცხადებს ანონიმური წყარო. მისი აზრით, ნატოს ოფიციალური პირები ამავე აზრზე დგანან.
 
ოქრუაშვილი აღიარებს, რომ ქვეყანა უდიდესი პრობლემების წინაშე დგას, თუმცა აქვე დასძენს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. “ყველა მიზანს ვერ მივაღწევთ, მაგრამ რადიკალური პროგრესი უკვე შეინიშნება“. 
 
“ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა დროა“, აღნიშნა მან. “ჩვენ ვჩქარობთ. ჩვენ თითქმის 10 წელი დავკარგეთ“.
 
მის აზრს სხვა ოფიციალური პირებიც იზიარებენ. “ჩემთვის ნაცნობია იქ არსებული არეულობა“, განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა. “მე ოთხი წელი ვიმუშავე თავდაცვის სამინისტროში. იქ არ იყო არც საწვავი, არც ტყვია-წამალი. მარაგი არ არსებობდა. იარაღი, ტექნიკა, ტანკები საშინელ მდგომარეობაში იყო“.
 
რეფორმების სწრაფი განხორციელების პროცესში, ოქრუაშვილი, რომელიც თავდაცვის მინისტრად 2004 წლის დეკემბერში დაინიშნა, უკვე გახდა კრიტიკის საგანი. მაგალითად, ოქრუაშვილს სამხედრო დაწესებულებებზე სამოქალაქო კონტროლის დამყარებაში ადრე მიღწეული პროგრესის შეფერხებაში დასდეს ბრალი. იგი სახსრების არასისტემურ ხარჯვაშიც დაადანაშაულეს უკრაინიდან და ჩეხეთიდან იარაღის შესყიდვების საქმესთან დაკავშირებით. 
 
გარკვეული კრიტიკის საგანი მისი პირადი ნაბიჯებიც იქცა, კერძოდ მისი გადაწყვეტილება გენერალური შტაბის გადაყენების თაობაზე. მაშინ, ქართულმა მედიამ ეს გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავდა სისტემის თავდაცვის ყოფილი მინისტრის გიორგი ბარამიძის მიმართ ლოიალურად განწყობილი კადრებისგან გაწმენდას.  
 
თავად ოქრუაშვილის განმარტებით, მის გარემოცვაში არ იყვნენ შედეგებზე ორიენტირებული პიროვნებები. “სისულელეა იყოლიო გარშემო ისეთი ხალხი, რომლებიც არ არიან შედეგებზე ორიენტირებულნი. უფრო ადვილია ვინმე ახალი იპოვო და მას შანსი მისცე“, განაცხადა მან. “შემიძლია ვთქვა, რომ ის ხალხი მოვიყვანე, ვისაც ვენდობი“.
 
თუმცა, დამკვირვებელთა განცხადებით, სამინისტროს და გენერალური შტაბის მაღალი რანგის ჩინოვნიკთა პერიოდული დათხოვნა მნიშვნელოვან დაბრკოლებებს უქმნის საქართველოს სამხედრო ძალების განვითარებას. ოქრუაშვილი და გენერალური შტაბის უფროსი – რომ არაფერი ვთქვათ უამრავ გადაადგილებებზე ქვედა დონეებზე – 2003 წლის ნოემბრის რევოლუციის შემდეგ მეოთხე თაობის ლიდერებს წარმოადგენენ.
 
კიდევ ერთ პრობლემას თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი წარმოადგენს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით სიხარულიძის განცხადებით, თავდაცვის სფეროს დაფინანსება ცოტა ხნის წინ გაიზარდა და ამჟამად 317 მილიონ ლარს შეადგენს. თავდაპირველად, თავდაცვის სფეროს დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტში 137 მილიონი ლარი იყო ჩადებული. არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას ხელი შეუწყო საპრივატიზაციო კამპანიამ და მთავრობის მიერ გატარებულმა ანტი-კორუფციულმა ღონისძიებებმა. თუმცა, სიხარულიძემ აქვე აღნიშნა, რომ “ბიუჯეტი უფრო გამჭირვალედ უნდა იმართებოდეს“.
 
ზოგიერთი უცხოელი დამკვირვებელი აცხადებს, რომ თანხების ზრდას არ მოჰყოლია ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვა. “ოქრუაშვილის ხელმისაწვდომობა თანხებზე შთამბეჭდავია“, აცხადებს ერთ-ერთი უცხოელი სამხედრო მრჩეველი. “თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ხარჯავს თანხებს. არ არსებობს დაგეგმვა. არ არსებობს შესყიდვების ჩამოყალიბებული პროცესი”. 
 
დაფინანსების ერთ-ერთი წყარო, რომელიც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიქმნა – არმიის განვითარების ფონდი – უკვე გახდა დამკვირვებელთა გაკვირვების საბაბი. ფონდი, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სიხარულიძე აღწერს, როგორც “არაკომერციულ ორგანიზაციას“, რომელშიც მთავარი შენატანები უცხოეთში მცხოვრებ ბიზნესმენებს შეაქვთ,  საქართველოში სამხედრო რეფორმის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.


თუმცა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დღეს აღიარებენ, რომ არ აქვთ სრული ინფორმაცია ფონდის მუშაობის შესახებ. სიხარულიძის თქმით, ფონდის ბიუჯეტმა 2004 წლისათვის 12 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა მაშინ, როცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას განცხადებით, წელს დაახლოებით 93 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვაა შესაძლებელი. “ეს ფული შესყიდვებზე იხარჯება, კერძოდ სამხედრო აღჭურვილობისა და საკვების შესაძენად“, განაცხადა რურუამ.
 
დასავლელ დამკვირვებელთა განცხადებით, კონკრეტული გეგმის გარეშე რეფორმებზე ფულის ხარჯვა ახლო მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არ შეუწყობს ხელს. “სისტემატური ინსტიტუციონალური რეფორმა? მხოლოდ დიდი შესყიდვები. მეტი არაფერი ჩანს,“ განაცხადა ერთ-ერთმა უცხოელმა სამხედრო მრჩეველმა. “უფრო სერიოზული საქმე გულისხმობს სამხედრო ინსტიტუტების მშენებლობას – მათ ამგვარი არაფერი გაუკეთებიათ. ლოგისტიკა, განათლება, პერსონალი – ნებისმიერ არმიაშია, რომელიც რაღაცად ღირს, საჭიროა ამ სისტემების არსებობა“.
 
ექსპერტთა განმარტებით, IPAP-ის შესაბამისი სამხედრო რეფორმის მიზნები  ინსტიტუციონალურ მშენებლობას მოითხოვს. “საჭიროა თანამდებობრივი წინსვლის ხელშეწყობა, რათა ახალგაზრდა ოფიცერს ჰქონდეს წინსვლის შესაძლებლობა. საჭიროა ფულის ჩადება სამხედრო სკოლებისა და დოქტრინის შექმნაში“, განაცხადა ერთ-ერთმა ექსპერტმა. “საჭიროა საბრძოლო წესდება და სამხედრო პუბლიკაციები“.
 
ოქრუაშვილის თქმით, ინსტიტუციონალური მშენებლობა მისთვის რთულ პრობლემას წარმოადგენს და აქვე დასძენს, რომ იგი “შოკირებული“ იყო იმ პირობებით, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში დახვდა მინისტრის პოსტზე მოსვლის შემდეგ. “ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქვეყანა ინდივიდებზეა დაფუძნებული, არა ინსტიტუტებზე“, განაცხადა მან.
 
საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა ცალკე მსჯელობის საგანს წარმოადგენს. საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მიზნად აქვს 23,000-კაციანი ჯარის ჩამოყალიბება (ამჟამად, ჯარის რაოდენობა 16,000-ს შეადგენს).  მისი თქმით, საქართველოს ჰყავს სახმელეთო ძალების ოთხი ბრიგადა და ერთი დამატებითი საარტილერიო ბრიგადა, ასევე სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა მათი უმეტესობა არ არის ბოლომდე დაკომპლექტებული. 
 
უცხოელი და ქართველი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველო სწორ კურსს აიღებს, თუ განახორციელებს თავდაცვის სფეროს სტრატეგიულ ანალიზს – რაც გულისხმობს მისი ძალებისა და აღჭურვილობის ინვენტარიზაციას. ანალიზი საშუალებას მისცემს თავდაცვის სფეროს მუშაკებს გაიგონ, თუ რა სამხედრო აღჭურვილობა გააჩნია ქვეყანას, რა სჭირდება მას და რა რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე იღებს ხელფასს. ამგვარი მონაცემების შეგროვების შემდეგ, მთავრობას ექნება შესაძლებლობა დაიწყოს სისტემური, ეკონომიკურად დასაბუთებული სამხედრო მშენებლობა, რომელშიც ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული. ამგვარი ანალიზის გარეშე მთავრობის საქმიანობა უკანსვლით წავა. 
 
აშშ-ის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“, რომლისთვისაც  ამერიკის მთავრობამ 64 მილიონი აშშ დოლარი გამოყო და რომლის ფარგლებშიც ოთხი ქართული ბატალიონი გაიწვრთნა, ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს.
 
ერთ-ერთი ქართული წყაროს ცნობით, აშშ–ს დაფინანსება 600 ერთეულზე  მას შემდეგაც კი გრძელდებოდა, რაც გაირკვა, რომ ჯარისკაცები აღარ ირიცხებოდნენ ბრიგადის ოფიციალურ სიაში. ამ ინფორმაციის კომენტირებისას ოქრუაშვილმა “მკვდარი სულების“ დაფინანსება პროცედურულ დარღვევებს მიაწერა, რომელთაც 2002 წელს ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციის დროს, პროგრამის დასაწყისში, ჰქონდა ადგილი. “მთავარ პრობლემას პროგრამის დაწყებისას ჰქონდა ადგილი“, აღნიშნა მან, “ჯარისკაცებთან არ იყო დადებული შესაბამისი კონტრაქტები“. “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“ 2004 წლის მაისში დასრულდა.  


ოქრუაშვილის განმარტებით, ანალოგიური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-ის მიერ დაფინანსებული ახალი”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების პროგრამის“ რეკრუტებს მოუწევთ 14,000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა, თუ ისინი მიზეზის გარეშე შეწყვეტენ სამხედრო სამსახურს. პროგრამის დაწყება 2005 წლის აპრილშია დაგეგმილი. 
 
“ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ“, განაცხადა ოქრუაშვილმა. “ჩვენ ომისთვის არ ვემზადებით – ჩვენ დანგრეულის აღდგენა გვინდა“. 
 
თემურ იაკობაშვილმა, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მომუშავე სამთავრობო ჯგუფის წევრმა, ოქრუაშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებს “გაზვიადებული” უწოდა და აღნიშნა, რომ ისეთ პირობებში როდესაც არ არსებობს თავდაცვის სისტემისთვის აუცილებელი სახელმძღვანელო დოკუმენტები შეუძლებელია ოქრუაშვილის საქმიანობის შეფასება. მანამდე კი, მას აქვს თავისუფალი მოქმედების საშუალება, რათა გააკეთოს ის რაც მართებულად მიაჩნია. ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც გააუქმებს ინდივიდებზე დამოკიდებულებას და საქართველოს ინსტიტუციაონალური სისტემისკენ წაიყვანს.

Back to top button