ახალი ამბები

რუსეთი ნატოს წევრ ქვეყნებს საქართველოსა და მოლდოვას მიზეზის გამოყენებით CFE–ის რატიფიკაციის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

6 აპრილს “როსიისკაია გაზეტაში” გამოქვეყნებულ სტატიაში “სტამბოლის შეთანხმებების მითი და რეალობა“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე იაკოვენკო წერს, რომ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ადაპტირებული ხელშეკრულების (CFE) რატიფიკაციას, რომელიც 5 წელია ჭიანურდება, ნატოს წევრი ქვეყნები 1999 წელს სტამბოლის სამიტზე რუსეთის მიერ საქართველოსა და მოლდოვას წინაშე რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით აღებული “ორმხირივი“ ვალდებულებების შესრულებას უკავშირებენ. 


„[საქართველოსა და მოლდოვასთან] ეს შეთანხმებები ორმხრივ ხასიათს ატარებს და არანაირ ვალდებულებას არ წარმოშობს მესამე ქვეყნების მიმართ“, წერს რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი.


იაკოვენკოს განცხადებით, რუსეთმა შეასრულა 1999 წლის 17 ნოემბრის სტამბოლის შეთანხმება, როცა მოახდინა საქართველოში განლაგებული ორი სამხედრო ბაზის  – ვაზიანისა და გუდაუთის ლიკვიდაცია და დაიწყო მოლაპარაკებები დანარჩენი ორი  – ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით.  

“ჩვენი ნატოელი პარტნიორები კი ცდილობენ ვადებზე შეთანხმება ბაზების გაყვანასთან გააიგივონ“, წერს იაკოვენკო.


რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტის დროს რუსული “ბაზების ლიკვიდაციის ძირითადი პარამეტრები“ შეთანხმდა, თუმცა მარტის ბოლოს მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე “ქართულმა მხარემ კვლავ გაამკარცა პოზიციები“.


“როგორც ჩანს, ვიღაცა ცდილობს შეინარჩუნოს მიზეზი CFE–ის რატიფიცირების და მისი ამოქმედების გასაწელად“, ასკვნის იაკოვენკო.


რუსულ–ქართული მოლაპარაკებები სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის ვადებთან დაკავშირებით 23–25 მარტს გაიმართა მოსკოვში, თუმცა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 7–8 აპრილს არის დაგეგმილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button