ახალი ამბები

კონფლიქტის მოგვარება და საზღვრის მონიტორინგი საქართველო-ეუთოს ურთიერთობების პრიორიტებია







სალომე ზურაბიშვილი და დიმიტრი რუპელი
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის  დიმიტრი რუპელის საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზანს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა. 1 აპრილს გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა და დიმიტრი რუპელმა ამ საკითხების დეტალებზე ისაუბრეს.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ეუთო უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას ქართველ მესაზღვრეთა მომზადების თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისი განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს როგორც ეუთოში, ისე ევროკავშირში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგის ჩასანაცვლებლად. დიმიტრი რუპელმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მთელი ყურადღება უნდა მიექცეს სამშვიდობო გეგმას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გააჟღერა. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ უმოკლეს პერიოდში ორგანიზაცია ოფიციალურად მიიღებს საქართველოს მთავრობის დეტალურ გეგმას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების თაობაზე.


საზღვრის მონიტორინგი/მესაზღვრეთა მომზადება 


მას შემდეგ, რაც გასულ დეკემბერს ეუთომ შეწყვიტა საზღვრის მონიტორინგის მისია რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე რუსეთის მიერ ვეტოს დადების გამო, საქართველო და მისი დასავლელი პარტნიორები აქტიურად ეძებენ ახალ ფორმატს საერთაშორისო მონიტორინგის აღსადგენად. ამჟამად, თბილისი ეუთოს ეგიდით ქართველ მესაზღვრეთა მომზადების საკითხს აყენებს და პარალელურად ევროკავშირს საზღვარზე დამკვირვებელთა გამოგზავნას სთხოვს.


“რა თქმა უნდა, საზღვრის მონიტორინგის მისიის განხილვას ვერ გავექცევით. ამ კუთხით, გარკვეული სამომავლო ნაბიჯები უკვე მომზადებულია. სამწუხაროდ, წინა მონიტორინგის მისია დასრულდა, ახლა უნდა მოვძებნოთ გზები, რათა დავეხმაროთ ქართველ მესაზღვრეებს განახორციელონ თავიანთი მოვალეობები. ეუთო სავარაუდოდ ძალიან მალე, შესაძლოა მომავალ კვირას მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალი მისიის ფორმატის, მიზნის შესახებ“, განაცხადა დიმიტრი რუპელმა პრეს-კონფერენციაზე.


“თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი [რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთოს დამკვირვებელთა მისიის] მონიტორინგის აღდგენაა, თუ როგორ და რა ფორმით შეიძლება აღდგეს იგი. ეს საკითხი კვლავ განიხილება ეუთოში. მომავალ კვირას ეუთო მიიღებს გადაწყვეტილებას [ქართველ მესაზღვრეთა] მომზადების მისიის თაობაზე [ეუთოს ეგიდით]“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.   


ეს იყო ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, ცდილობს თუ არა საქართველო აქცენტი ეუთოდან ევროკავშირზე გადაიტანოს. საქართველოს საგარეო  საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ყველა ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავს.


“მე ვფიქრობ, ჩვენ ძალიან გრძელი და რთული პერიოდი გავიარეთ საზღვრის მონიტორინგის მისიის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ბატონმა რუპელმა აღნიშნა, სავსებით ნათელია, რომ ეს მისია ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური იყო და სამწუხაროა, რომ იგი დაიხურა. ჩვენ ალტერნატიული ვარიანტების ძიების პროცესში ვართ და ალტერნატივებს განვიხილავთ, როგორც ურთიერთშემავსებელ ვარიანტებს და არა როგორც ცალკე პროცესს“, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


“ძალიან მადლიერნი ვართ ევროკავშირის, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება თბილისში მისიის გახსნის თაობაზე, რომელსაც მონიტორინგის მანდატი ექნება და საწყის ეტაპზე სამ დამკვირვებელს გააერთიანებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს პირველი ნაბიჯია და შემდგომში მისია გაიზრდება. ჩვენ ვიცით, რომ ეუთო ცდილობს [ქართველ მესაზღვრეთა] მომზადების მისიის განხორციელებას. ასევე ვიცით, რომ ამჟამად სხვა ვარიანტებიც განიხილება: ეს მოხდება ეუთოს ეგიდით, თუ ევროკავშირის ან ევროკავშირისა და ჩვენი უკრაინელი პარტნიორის ერთობლივი მონიტორინგის მისიის ფარგლებში. ამგვარად, ეს იმ დიდი თავსატეხის განსხვავებული ელემენტებია, რომლებიც დაგვეხმარება ჩავანაცვლოთ საზღვრის მონიტორინგის მისია, რომლისთვისაც ჩვენ ეუთოს მადლიერნი ვართ“, დასძინა მან.


მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ფრთხილობს გამოაგზავნოს დამკვირვებელთა ფართომასშტაბიანი მისია, იგი დათანხმდა რუსეთის საზღვართან არსებული სიტუაციის შესასწავლად ორი ან სამი სამოქალაქო დამკვირვებლის საქართველოში მივლინებას, როგორც ეს ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ 18 მარტს დაადასტურა.


“ვეტოზე მიბმული“


ამავდროულად, საქართველო უკვე მეორედ ცდილობს ეუთოს ეგიდით ქართველ მესაზღვრეთა მომზადების საკითხი დასვას. ეუთომ მარტში ვერ შეძლო ამ საკითხის სხდომაზე გატანაც კი, როგორც თბილისი აცხადებს, მოსკოვის “არაკონსტრუქციული პოზიციის“ გამო. რუსეთის ამ “არაკონსტრუქციულიობის“ გამო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა გასულ თვეს სინანულით მიანიშნა “იმ საერთაშორისო ორგანიზაციების სისუსტეზე, სადაც რუსეთი მონაწილეობს და სადაც ნებისმიერი წევრი სახელმწიფო ვეტოს უფლებით სარგებლობს“.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ “რთულია გადაწყვეტილების მიღება“ 55-წევრიან ორგანიზაციაში, სადაც გადაწყვეტილებები კონსენსუსის წესით მიიღება.


“საზღვრის მონიტორინგის მისიის შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა ერთი წევრი ქვეყნის ვეტო და ალბათ გესმით, რომელი ქვეყნისაც; ამგვარად, ეს თავად ორგანიზაციაზე და იმ ხალხზე, ვინც მას მართავს არ იყო დამოკიდებული. უბრალოდ ჩვენ არსებულ წესებზე ვართ მიბმულნი, რომლებიც შესაძლოა შესაცვლელია კიდეც – არ ვამბობ, რომ ჩვენ არსებულ წესებს შევცვლით, მაგრამ ისინი შეიძლება შეიცვალოს, ისე როგორც ევროკავშირში, სადაც აღარ არსებობს კონსენსუსის წესი ბევრ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენც წინაშეც დგას“, განაცხადა დიმიტრი რუპელმა.


“ჩვენ ტრანსფორმაციის პროცესში ვართ. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია რეორგანიზაციას განიცდის. შესაძლოა წარსულში უფრო ადვილი იყო გადაწყვეტილებების მიღება, ვიდრე ახლა. მაგალითად, ეუთოში გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსის საფუძველზე ხდება, რაც ნიშნავს 55 წევრს ქვეყანას შორის სრული თანხმობის მიღწევას.  არადა,  55 ქვეყანა საკმაოდ დიდი რაოდენობაა და გადაწყვეტილებების მიღებაც სირთულეებს აწყდება“,  დასძინა მან.


კონფლიქტის მოგვარება


ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი რუპელის განცხადებით, ეუთო დაინტერესებულია საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. “ჩვენს პოლიტიკურ ლექსიკონში არ შედის სხვა ტერმინი“, აცხადებს იგი. 
 
“ეუთო დაინტერესებულია დახმარება აღმოუჩინოს მხარეებს კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის შესახებ მიღწეული შეთანხმებების განხორციელებაში“, განაცხადა რუპელმა. მისი თქმით, სლოვენიის ხელმძღვანელობა, რომელმაც მარტში ლონდონის სტრატეგიულ კვლევათა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ “ქართული-ოსური დიალოგის“ პირველ შეხვედრას უმასპინძლა, კვლავაც მზად არის პროცესის განვითარების მხარდასაჭერად.


“სანამ სამხრეთ ოსეთის პრობლემა აქტუალურია, მთელი ყურადღება უნდა მიექცეს სამშვიდობო გეგმას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო სხდომაზე გააჟღერა“, განაცხადა მან და აქვე დასძინა, რომ ორგანიზაცია დაიწყებს “უფრო პრაქტიკული ვარიანტების განხილვას“, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა უფრო დეტალურ გეგმას წარუდგენს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებელთა მისიის გაზრდის საკითხი დააყენა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, ეუთოს ადამიანთა უფლებების დაცვის ოფისის გახსნის საჭიროების თაობაზე.


“ჩვენთვის [ქართული მხარისთვის] ძალიან მნიშვნელოვანია გალში და საერთოდ აფხაზეთში, პირველ პლანზე დადგეს ადამიანის უფლებების დაცვა, რადგან ეს არის გადამწყვეტი იმ დევნილების დასაბრუნებლად, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიის გარეშე, იმ პირობებში ვერ დაბრუნდებიან“, განაცხადა ზურაბიშვილმა.   
 

მსგავსი/Related

Back to top button