skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა და საქართველომ სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებები განაახლეს

ქართული და რუსული მხარეები 23–25 მარტს, მოსკოვში ორმხრივი ურთიერთობების პრობლემურ საკითხებზე მოლაპარაკებებს მართავენ. სავარაუდოდ, საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების საკითხი მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება. მოლაპარაკებები მიზნად ისახავს საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შემცირებული ვადების განსაზღვრას.


ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ, შეხვედრის დაწყებამდე მოლაპარაკებების გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოლაპარაკებები სამხედრო ბაზების საკითხის განხილვით დაიწყება და შემდეგ მხარეები სხვა  – ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის, სავიზო რეჟიმის გამარტივების, საზღვრის დელიმიტაციის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხებს განიხილავენ. 


რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ სავოლსკიმ 23 მარტს “ინტერფაქს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მოსკოვის პოზიციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსკოვი საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ახალ წინადადებებს შესთავაზებს თბილისს, რომლებიც სრულად ითვალისწინებს ქართული მხარის ინტერესებს. თუმცა, მან დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.


“ჩვენი აზრით, ეს წინადადებები სრულიად ითვალისწინებს ქართული მხარის ინტერესებს. თუმცა, ამ დეტალებზე საუბარი მოლაპარაკებების მსვლელობის პროცესში არასწორი იქნება“, განაცხადა იგორ სავოლსკიმ.


10 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელმა გენერალმა ანატოლი მაზურკევიჩმა რუსეთის “ოფიციალური პოზიცია“ გააჟღერა და აღნიშნა, რომ რუსეთს სულ მცირე სამი-ოთხი წელიწადი დასჭირდება სამხედრო ბაზების საქართველოდან გასაყვანად.


რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე რუკშინმა 16 მარტს განაცხადა, რომ ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანისთვის სამი–ოთხი წელი ის “მინიმალური ზღვარია”, რომელსაც  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დათანხმდება.


მოსკოვის განცხადებით, სწორედ ეს პერიოდი და ასობით მილიონი დოლარია საჭირო იმ ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც საქართველოდან გაყვანილ რუს სამხედროებს დასჭირდებათ. 


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 22 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზების გაყვანა 250-300 მლნ აშშ დოლარი დაუჯდება. “ამ თანხაში შედის ჯარის და ტექნიკის გაყვანა, სამხედროების საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილება, დისლოკაციის ახალი ადგილის მოწყობა, შეიარაღების შესანახი ბაზის აშენება“, იუწყებიან “რია ნოვოსტი“ და „ინტერფაქსი“ 22 მარტს სერგეი ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


ივანოვის თქმით, ეს “დამატებითი ტვირთი იქნება რუსეთის ბიუჯეტისთვის”. “ჩვენი [რუსეთის] ფინანსთა სამინისტრო თანხებს მას შემდეგ გამოყოფს, რაც [თბილისთან] მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერება და ძალაში შევა შესაბამისი დოკუმენტი“, განაცხადა ივანოვმა.


23-25 მარტს დაგეგმილი მოლაპარაკებები მხარეთა პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება 10 მარტს რუსული სამხედრო ბაზების კანონგარეშედ გამოცხადების თაობაზე. დადგენილება ავალებს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიიღოს ზომები საქართველოში განლაგებული რუსული ბაზების წინააღმდეგ, თუ მხარეები 2005 წლის 15 მაისამდე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ბაზების გაყვანის “გონივრულ” ვადებზე. დოკუმენტი რუსული ბაზების გაყვანის საბოლოო ვადად 2006 წლის 1 იანვარს განსაზღვრავს.


“ინტერფაქს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხზეც გააკეთა კომენტარი. ეს საკითხი ასევე გათვალისწინებულია მოლაპარაკებების დღის წესრიგში. “იმას გარდა, რომ ჩვენი წინადადებაა ანტიტერორისტული ცენტრი [ახალქალაქსა და ბათუმში განლაგებული] სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის გამოყენებით შეიქმნას, ჩვენ ვთავაზობთ [თბილისს], რომ ცენტრმა ფუნქციონირება ბაზების გაყვანამდე დაიწყოს“, განაცხადა სავოლსკიმ.


მან აქვე აღნიშნა, რომ ანტიტერორისტულ ცენტრს არაფერი აქვს საერთო სამხედრო ბაზებთან. ქართულმა მხარემ უკვე გამოთქვა ეჭვი იმის თაობაზე, რომ მოსკოვი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნით ცდილობს უბრალოდ სახელი გადაარქვას სამხედრო ბაზებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button