ახალი ამბები

ინტერვიუ ეკონომიკის განვითარების მინისტრთან

საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით საქართველოს ხელისუფლება “ამ ეტაპზე არ აპირებს მაგისტრალური გაზსადენების პრივატიზებას.“ როგორც ცნობილია, ამ საკითხმა აქტუალურობა მას შემდეგ შეიძინა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თებერვალში განაცხადა, რომ გაზსადენების პრივატიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რუსულ “გაზპრომთან“ მიმდინარეობს.

ქვეყანაში მიმდინარე საპრივატიზაციო პროცესთან დაკავშირებით, 13 მარტს “სივილ ჯორჯია“ ეკონომიკის განვითარების მინისტრს ლექსო ალექსიშვილს ესაუბრა. 15 მარტს, ეკონომიკის სამინისტრომ ახალი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა რუსთავის მეტალურგიული, აზოტის, ვაგონშემკეთებლი, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობბაზა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, წელს პრივატიზაციიდან მინიმუმ 400 მლნ ლარის მიღება იგეგმება.

ლექსო ალექსიშვილმა ასევე ისაუბრა, ეკონომიკაში დაგეგმილ რეფორმებზე, კერძოდ – დერეგულაციის პროცესზე და კომენტარი გააკეთა სამომხმარებლო ფასების ზრდასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ინფლაციის არსებული დონე “განსაკუთრებულ საშიშროებას არ უქმნის ეკონომიკას, თუმცა სასურველია იყოს დაბალი.“

აპირებს თუ არა ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას და მიმდინარეობს თუ არა ამის თაობაზე მოლაპარაკებები რუსულ კომპანია “გაზპრომთან“? 


საკითხი ასე არ დგას. სახელმწიფო ამ ეტაპზე არ აპირებს მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას.


სახელმწიფომ მიიღო შემოთავაზება გაზსადენის ყიდვის თაობაზე “გაზპრომისგან“. თუკი სახელმწიფო დააყენებს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების საკითხს, იგი [“გაზპრომი“] მზად არის მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენ მათი წინადადება განვიხილეთ.


ცალსახად ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გვჭირდება მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა, არ არის. არც ამის საჭიროებაა ჯერ–ჯერობით. საკითხის დრამატიზირება, რომ გაზსადენს “გაზპრომი“ შეიძენს, არ არის საჭირო. გაზპრომმა მხოლოდ საკითხი დასვა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ.

იმის გამო, რომ ეს ობიექტი სტრატეგიულ ობიექტების ნუსხაშია შეტანილი და კანონი [პრივატიზაციის შესახებ] კრძალავს ასეთი ობიექტების გაყიდვას, ჩვენ ცალსახად ვერ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ეს საკითხი საკანონმდებლო ცვლილებების დონეზე უნდა იყოს განხილული. ასე მარტივად ჩვენ ამას ვერ გავყიდით და არც დგას ეს საკითხი.


რაც შეეხება ენეროობიექტების პრივატიზებას, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ამ მხრივ? 


ჯერ–ჯერობით მუშავდება გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ამ პროცესს. რა იქნება, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საბოლოო სურათი ჯერ არ არსებობს. მუშავდება ახალი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს “საქართველოს გაერთიანებეული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ და გენერაციის ობიექტების ერთობლივ პაკეტში გაყიდვას. საკმაოდ საინტერესო და ნორმალური მოდელია. შესაძლოა ამ მოდელზე დაყრდნობით მივიღოთ განაცხადები დაინტერესებული კომპანიებისგან.


უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ვრცელი პროცესი იქნება თავისი შინაარსით. ეს არ იქნება ერთთვიანი ან ორთვიანი პროცესი, არამედ უფრო ხანგრძლივი, რომელიც მოგვცემს პარტნიორებთან მეტი ინტენსივობით მუშაობის საშუალებას. ამით კი მოგვეცემა საბოლოო მოდელის გამოკვეთის საშუალება.


შეძლებენ თუ არა რუსული კომპანიები ენერგოობიექტების პრივატიზებაში მონაწილეობის მიღებას?


ეს იქნება რუსული თუ ამერიკული, თუ ნებისმიერ სხვა წარმოშობის კომპანია მნიშვნელობა არა აქვს.


საუბარია პრივატიზაციაზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ეფექტური მართვის შესაძლებლობა, კონკრეტული შედეგი. კონკრეტული შედეგი კი არის მარტივი: საქართველოში უნდა გამოსწორდეს ენერგომომარაგება, მოსახლეობას 24 საათი უნდა მიეწოდებოდეს ელექტროენერგია, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ენერგოკრიზისი –  ეს არის მთავარი პირობა. 


უახლოეს პერიოდში რომელი ობიექტების პრივატიზებას გეგმავს სამინისტრო?


15 მარტს გამოცხადდება განაცხადების მიღება რუსთავის მეტალურგიულ, აზოტის, თბილისის ვაგონშემკეთებელ, ბათუმის ნავთობგადამამუშავებლ ქარხნებზე და ნავთობბაზაზე. ეს ოთხი ძირითადი ობიექტია, რომელიც იქნება გამოტანილი საპრივატიზაციოდ. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 1 მაისი იქნება.


ყველა პოტენციურ შემსყიდველს მიეცემათ სრულყოფილი ინფორმაცია თითოეული საწარმოს შესახებ და თავად შეაფასებენ, რამდენად უღირთ მონაწილეობის მიღება.


თითოეული ამ საწარმოს საწყისი ფასი თუ არის განსაზღვრული? 


ფასები ჯერ–ჯერობით მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული, სავარაუდო ფასები არსებობს, მაგრამ ჩვენ ველოდებით ფასების დაფიქსირებას  შემოსული განაცხადებიდან.


იგეგმება თუ არა მადნეულის პრივატიზება? 


ეს ობიექტი საპრივატიზაციოდ მზადდება. ამაზე  ინტენსიურად და სწრაფ ტემპში მიმდინარეობს მუშაობა. სავარაუდოდ მადნეულის პრივატიზაციის შესახებ განაცხადების მიღებას აპრილიდან დავიწყებთ.


ის მსხვილი ობიექტები, რომლებიც უკვე გაიყიდა – “ჭიათურმანგანუმი“ და “საოკეანო სანაოსნო“ ახალი მფლობელების ხელშია უკვე გადასული, თუ ჯერ  ყველა პროცედურა არ დასრულებულა?


არსებული კანონი ითვალისწინებს, რომ საბოლოო მფლობელობაში კომპანიას ობიექტი გადაეცემა, როცა სრულად იქნებ გადახდილი თანხები. ამ კომპანიებთან სახელმწიფომ უკვე გააფორმა კონტრაქტები.


დღეს იურიდიული დეტალების დადგენა მიმდინარეობს, რადგანაც  ობიექტები არ არის მარტივი თავისი შინაარსით და შესაბამისად იურიდიული თვალსაზრისითაც, საკმაოდ რთული დეტალებია. მთავარია, რომ ეს პროცესი სწრაფად დასრულდეს, რადგან თანხების მიღება ამ პროცესის დასრულებაზეა დამოკიდებული, რის შემდეგაც უკვე მოხდება საკუთრებაში გადაცემა.


“საოკეანო სანაოსნოსთან“ ეს პროცესი უფრო მალე დასრულდება  – სავარაუდოდ, მარტის ბოლოს ან აპრილის შუა რიცხვებში.


რაც შეეხება “ჭიათურმანგანუმს“, თავიდანვე განსაზღვრული იყო, რომ ეს პროცესი საბოლოოდ წლის ბოლოს დასრულდებოდა.
 
რა რაოდენობის თანხები შემოვიდა უკვე ჩატარებული პრივატიზაციიდან და რა რაოდენობის თანხები შემოვა წელს?


დაახლოებით 47 მლნ ლარი უკვე შემოვიდა და ეს თანხები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში უკვე აისახა.


რაც შეეხება სავარაუდო თანხებს, რაც პრივატიზებიდან იგეგმება  მიმდინარე წელს 400 მლნ ლარი იქნება მინიმუმი. ეს  დამოკიდებული იქნება პრივატიზაციის განხორციელების ტემპზე. თუ სწრაფად წავა ეს პროცესი, მაშინ შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს თანხები. გაანგარიშებით კი 400 მლნ ლარია.


როგორც ცნობილია, იგეგმება ცვლილებები “პრივატიზაციის შესახებ კანონში“. კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი?


არსებული კანონით, თუ პირველივე ცდაზე ობიექტი არ გაიყიდებოდა, მაშინ ავტომატურად ნახევრდებოდა ამ ობიექტის საწყისი ფასი. თუ კიდევ არ გაიყიდებოდა მაშინ კიდევ მცირდებოდა.


მომზადდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ფასის 50%-ით შემცირების მიზანშეწონილობას, მის ავტომატურ ან ეტაპობრივ შემცირებას, განსაზღვრავს ეკონომიკის სამინისტრო. მისაღებია, რომ ფასის დაწევა ნელ-ნელა მოხდეს და არა ერთბაშად, 50%–ით.


ამ ცვლილების დადებითი მხარე ისაა, რომ სახელმწიფო ქონება იაფად არ გაიყიდება, თუმცა არსებობს უარყოფითი მხარეც: შესაძლოა პრივატიზების პროცესი გაიწელოს .

თქვენი წინამორბედი – კახა ბენდუქიძე – აქტიურად უჭერდა მხარს ეკონომიკის ლიბერალიზაციას, კერძოდ, იგეგმებოდა დერეგულაციის პროცესი. ამ მხრივ რა მდგომარეობაა?


რაც შეეხება დერეგულაციას და საერთოდ ეკონომიკაში არსებულ სახელმწიფო რეგულირების მარწუხებს, რომელიც სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის კერძო ბიზნესის განვითარებას, სამინისტროს მოვალეობაა, რომ ასეთი სახის ბარიერები მაქსიმალურად მოხსნას. სახელმწიფო ბიუროკრატიამ  საშუალება უნდა მისცეს კერძო ბიზნესს ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, მშენებლობა, კომუნიკაციები, ენერგეტიკა, თავისუფლად შემოდიოდეს ბაზარზე, ვითარდებოდეს და ყველანაირი პირობა ჰქონდეს, რათა მოგება მიიღოს.


მიმაჩნია, რომ ეკონომიკა უნდა გავათავისუფლოთ ყოველგვარი მარწუხებისგან, მოვახდინოთ მისი ლიბერალიზაცია და დერეგულაცია. სწორედ ამ გზით ვითარდება ჩვენი რეფორმა, რომელიც  ვიმედოვნებთ, რომ თავის შედეგს გამოიღებს. 
 
დერეგულაციის მხრივ მთავარი აქცენტი ამ ეტაპზე მშენებლობასა და ტრანსპორტის სფეროზე გადავიტანეთ, სადაც შესაძლებელია რეფორმის სწრაფად და მარტივად გატარება. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ასევე სტანდარტები –  “საქსტანდარტში” დღეს არსებული სისტემის მოდერნიზება.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამოქალაქო ავიაციაზე. ცოტა ხნის წინ მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც ლიბერალიზაციის განსაკუთრებული ზომებს ითვალისწინებს ამ მიმართულებით. დღეს უცხოურ ავიაკომპანიებთან არსებული ორმხრივი ხელშეკრულებებით არის უამრავი შეზღუდვები. 


ბრიტანეთთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რაც იძლევა საშუალებას, რომ ქართულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა თავად გადაწყვიტონ რა სიხშირით იფრინონ. ანალოგიური შეთანხმებები მზადდება სხვა ქვეყნებთანაც.


დღეს საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია გამოხატავს სურვილს იფრინოს თბილისში და გამოიყენოს იგი, როგორც სატრანზიტო ბაზა, მაინც ვერ ქმნის სასურველ ბაზარს.


ამ მხრივ უკვე დაწყებულია მუშაობა. შეხვედრები მქონდა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც მზად არიან გაზარდონ ფრენების სიხშირე. ავსტრიის ავიახაზები ზაფხულისთვის რეისებს სამამდე გაზრდის. ასევე თურქეთის ავიახაზები უახლოეს პერიოდში 4-მდე, შემდეგ კი 7-მდე გაზრდის ფრენების რაოდენობას, რომელიც განხორციელდება არა მარტო თბილისიდან, არამედ ბათუმიდანაც. 
 
სავალუტო ფონდის მისიამ , რომელიც საქართველოში 24 თებერვლიდან 7 მარტამდე იმყოფებოდა, აღნიშნა, რომ სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დონე 2004 წლის ივნისში დაფიქსირებული 3.6%-დან დეკემბრის ბოლოსთვის 7.5%-მდე გაიზარდა, ხოლო 2005 წლის იანვრის ბოლოსთვის 9.2% შეადგინა. რამ განაპირობა ეს?

ძირითადად სამომხმარებლო საქონელზე ფასები გაიზარდა წლის ბოლოს და რამდენიმე გარემოებით იყო გამოწვეული.


პირველი, ეს გახლავთ გარკვეულ სამომხმარებლო საქონელზე აქციზის ზრდა. მეორე, ფისკალური სისტემის მოწესრიგებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანები რეგულარულ რეჟიმში იღებენ ხელფასს. ძირითადად ამ ორმა გარემოებამ განაპირობა ზრდა.


ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა სასაქონლო ჯგუფებზეა ფასები აწეული. ეს არის სიგარეტი, რაც აქციზის ზრდით არის გამოწვეული და უძრავი ქონება, რაც იმის ინდიკატორია, რომ  საქართველოში კაპიტალი უცხოეთიდან შემოდის. ამასთანავე დაფიქსირდა ევროპიდან შემოყვანილ ავტომობილებზე ფასების ზრდა, რაც გასული წლის განმავლობაში დოლართან მიმართებაში ევროს გამყარებითაც აიხსნება.


გასული წლის განმავლობაში გარკვეული ჩავარდნა იყო სოფლის მეურნეობის კუთხითაც, რამაც გარკვეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების და საბოლოო ჯამში ინფლაციის დონის ზრდა განაპირობა.  


ინფლაციის ტემპი არ არის საგანგაშო, ერთნიშნა ინფლაცია თავისთავად არის ნორმალური მაჩვენებელი. თავის შინაარსით იგი არ იწვევს განსაკუთრებულ დარტყმას ან ეკონომიკაზე ან სოციალურ ჯგუფებზე.  


რა თქმა უნდა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს ტენდენცია არ იყოს ძალიან მზარდი. სახელმწიფო აკონტროლებს ფულის მასას და საშიშროება იმისა, რომ ინფლაცია მიაღწევს არასასურველ ნიშნულს, გამორიცხულია.

თავისთავად 7-8%–იანი ინფლაცია განსაკუთრებულ საშიშროებას არ ქმნის ეკონომიკაში, თუმცა სასურველია იყოს დაბალი. 

მსგავსი/Related

Back to top button