ახალი ამბები

რუსულ-ქართული სასაზღვრო დისკუსიები ეუთოში

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთოს საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის შეწყვეტის შემდეგ, ეუთოს ეგიდით ქართველი მესაზღვრეების წვრთნის პროგრამის ვადებთან დაკავშირებით თბილისსა და მოსკოვს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა აგორდა.


ეუთოში ქართველი მესაზღვრეების წვრთნის პროგრამის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ვეტო დაადო ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის ვადის გაგრძელებას რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე. რუსეთი მხარს უჭერს მესაზღვრეთა მომზადებას, თუმცა თბილისი და მოსკოვი რამდენიმე საკითხე ვერ თანხმდებიან, მათ შორისაა წვრთნის პროგრამის განხორციელების ადგილმდებარეობა.


ეს საკითხი 10 მარტს ვენაში ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზეც იქნა განხილული. საქართველოს ხელისუფლებამ, რომლის განცხადებითაც ეუთოს ფარგლებში მესაზღვრეების წვრთნის პროგრამას ჩაშლის საფრთხე  რუსეთის „არაკონსტრუქციული“ პოზიციის გამო ემუქრება, ვენაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გომიაშვილი გაგზავნა, რომელიც სხდომაზე  თბილისის პოზიცია გააჟღერა, რაც შემდეგში მდგომარეობს:


1. ქართველ მესაზღვრეთა წვრთნის უზრუნველყოფა ადგილებზე, ანუ მთებში;
2. წვრთნის განხორციელება შესაბამისი – ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის აღჭურვილობით;
3. წვრთნის დაწყება არაუგვიანეს 2005 წლის 1 აპრილისა.


რუსეთი სთავაზობს ეუთოს და საქართველოს მესაზღვრეების წვრთნას არა უშუალოდ მათი დისლოკაციის ადგილას ანუ მთაში, საზღვარზე, არამედ საზღვრიდან მოცილებით და  საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის (BMO) დროს გამოყენებული ტექნიკისა და ხელსაწყოების მხოლოდ შეზღუდული ნაწილის გამოყენებით.


რუსეთის წარმომადგენელმა ეუთოს მუდმივ საბჭოში ალექსეი ბოროდავკინმა ვენაში 10 მარტს გამართულ სხდომაზე რუსეთის პოზიცია გააჟღერა და აღნიშნა, რომ „ეუთოში საზღვრის მართვის გამოცდილების ან შესაძლებლობის არარსებობის გამო, უმჯობესია ქართველ მესაზღვრეთა წვრთნა საზღვარგარეთ განხორციელდეს, ეუთოს წევრ ქვეყნებში უკვე არსებულ სასწავლო ცენტრებში“.


როგორც ჩანს,  რუსეთი ცდილობს გამორიცხოს იმის მცირედი შესაძლებლობაც კი, რომ ქართული მხარე მესაზღვრეთა წვრთნის პროგრამას საზღვრის მონიტორინგის მიზნით გამოიყენებს.  ბოროდავკინის თქმით, „რუსეთის ფედერაცია არ დაუჭერს მხარს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მონიტორინგის ფუნქციების ეუთოს ქართველ მესაზღვრეთა  წვრთნის პროგრამის პროექტში შეთავსების ნებისმიერ მცდელობას“.  


რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროსთვის  მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა განაცხადა, რომ თავისი „არაკონსტრუქციული“ პოზიციის გამო, რუსეთი ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სრულიად განმარტოებული დარჩა.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა „ძლიერი მხარდაჭერა“ გამოხატეს საქართველოს პოზიციის მიმართ.


„სამწუხაროა, რომ ეუთომ ვერ შეძლო დადებითად ეპასუხა მისი წევრი ქვეყნის დახმარების თხოვნაზე. მოვუწოდებთ ყველა წევრ სახელმწიფოს დაეხმაროს საქართველოს და იმუშაოს დახმარების დეტალებზე“, განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა პოლ ჯოუნსმა.  


ეუთოს მუდმივ საბჭოზე გაკეთებულ განცხადებაში, ევროკავშირის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „წვრთნა უკეთესად განხორციელდება ადგილზე, იმ რაიონში, სადაც მან რეალური შედეგი უნდა გამოიღოს“.


გარდა ამისა, ევროკავშირმა მზადყოფნა გამოხატა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგის მისიის განხორციელებაზე, რასაც ქართული მხარე ითხოვს. „ამჟამად ევროკავშირი სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს“,  ევროკავშირის განცხადებაში.


თუმცა, როგორც ჩანს, ქართულ მხარეს მცირე იმედი აქვს იმისა, რომ მისი მცდელობა მესაზღვრეთა წვრთნის პროგრამასთან დაკავშირებით დადებით შედეგს გამოიღებს. რადიო “თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გიორგი გომიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს კონკრეტული მაგალითი ქართველი მესაზღვრეების წრვთნის პროგრამის თაობაზე “ალბათ უფრო არის სისუსტე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა, სადაც რუსეთი მონაწილეობს და სადაც ნებისმიერი წევრი სახელმწიფო ვეტოს უფლებით სარგებლობს“.


 

მსგავსი/Related

Back to top button