ახალი ამბები

სააკაშვილი: რუსული ბაზების გასვლით ორივე მხარე მოგებული უნდა დარჩეს

საქართველოს პრეზიდენტი ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსული ბაზების გაყვანის შემდეგ ამჟამად ბაზებზე დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.


“არ მინდა ისინი დაიჩაგრონ, საქართვლოს ხელისუფლება მათი მხარდამჭერია. ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ოსი, აფხაზი – თანაბარი უფლებების მქონე საქართველოს მოქალაქეები არიან“, განაცხადა პრეზიდენტმა 11 მარტს რეგიონალური ტელევიზიების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. 


ახალქალაქში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქმებულნი.


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის ბაზების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით მუშაობას სპეციალური კომისია ორი თვის ვადაში დაასრულებს. პრეზიდენტი მიიჩნევს , რომ წარმატების შემთხვევაში ორი ქვეყნის “ერთობლივ დიპლომატიურ გამარჯვებად“  შესაძლოა იქცეს აღნიშნული მოლაპარაკებები.


პრეზიდენტი, რომელიც ბაზებთან დაკავშირებით პარლამენტის 10 მარტის დადგენილებას “მწვავეს“ უწოდებს, აცხადებს, რომ მოსკოვიდან “გარკვეული სიგნალები“ მოდის, თუმცა რუსეთთან არსებული პრობლემების ორ თვეში სრულად მოგვარებას გამორიცხავს.
 
“ბაზებთან დაკავშირებით მყარი პოზიციები გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ცივილიზებულად მივაღწევთ შეთანხმებას, სადაც არ იქნება შელახული რუსეთის ინტერესები, მაგრამ საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იქნება ბოლომდე დაცული. მე არ მინდა ვინმე მოგებული ან წაგებული დარჩეს. ორივე მხარე უნდა დარჩეს მოგებული“, განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი/Related

Back to top button