ახალი ამბები

მოსკოვი რუსი სამხედროებისთვის ქართული ვიზების გაცემის შეფერხებას აპროტესტებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ განაცხადა, რომ ქართული მხარე აგრძელებს რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეფერხებას.  იაკოვენკოს მხედველობაში ჰქონდა ქართული მხარის მიერ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ჯარების ახალი სარდლისთვის ა. ბესპალოვისთვის ვიზის გაცემასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემა.


ქართულმა მხარემ შეისწავლა ბესპალოვის ბიოგრაფია და მისი წარსული მოღვაწეობისა და საჭირო დოკუმენტის არ ქონის გამო ვიზის გაცემა მიზანშეუწონლად მიიჩნია.


“ჩვენ ბესპალოვის კანდიდატურა აფხაზეთში რუსული სამშვიდობოების მეთაურის პოსტზე დავბლოკეთ, რის შემდეგაც იგი უკვე რუსეთის ჯარების სამხრეთ კავკასიის ჯგუფის სარდლად წარადგინეს. ეს რუსეთის მხრიდან თავხედობაა“, განუცხადა 12 თებერვალს “სივილ ჯორჯიას“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.


თუმცა აქვე დასძინა, რომ ვიზის გაცემისთვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ბესპალოვი შეძლებს თბილისში ჩამოსვლას და მოვალეობის შესრულებას.

ამ საკითხის მოგვარებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ–რუსული მოლაპარაკებების პროცესთან აკავშირებს.


“დარწმუნებული ვართ, რომ ბესპალოვისათვის ქართული ვიზის გაცემის საკითხის მოგვარება, ისევე როგორც იმ პრობლემათა გადაწყვეტა, რაც სირთულეებს უქმნის რუს სამხედროებს საქართველოში, ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის [მოსკოვსა და თბილისს შორის] მოლაპარაკებათა დაწყებას“, აცხადებს იაკოვენკო რუსეთის საგარეო უწყების მიერ 11 მარტს გავრცელებლ ინფორმაციაში.


18 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტის დროს მხარეები შეთანხმდენენ მარტ–აპრილში მოლაპარაკებების გამართვაზე რუსეთ–საქართველოს შორის არსებულ ყველა პრობლემატურ საკითხზე, მათ შორის სამხედრო თემაზეც. 

იაკოვენკო აცხადებს, რომ რუსული მხარე მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის და ურთიერთხელსაყრელი შეთანხმებების მისაღწევად. თუმცა მოლაპარაკებები ჯერ–ჯერობით არ დაწყებულა.

მსგავსი/Related

Back to top button