ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეუთოში რუსეთის არაკონსტრუქციულ პოზიციაზე საუბრობს

რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა ეუთოს ფარგლებში ქართველი მესაზღვრეების წვრთნის დაგეგმილ პროგრამასთან დაკავშირებით რუსეთის არაკონსტრუქციულ პოზიციაზე ისაუბრა.   


“ეუთოს ფარგლებში მესაზღვრეების წვრთნის პროგრამა ალბათ შეიძლება ჩაიშალოს იმავე მიზეზით, რის გამოც შეწყდა ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისია საქართველოში [რუსეთის მიერ ვეტოს დადების შედეგად]”, განაცხადა გიორგი გომიაშვილმა.


მისი თქმით, რუსეთი სთავაზობს ეუთოს და საქართველოს მესაზღვრეების წვრთნას არა უშუალოდ წვრთნის ადგილას ანუ მთაში, საზღვარზე, არამედ საზღვრიდან მოცილებით.


“რუსეთი გვთავაზობს წვრთნის პროგრამის განხორციელებას ყოფილი საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის (BMO) დროს გამოყენებული ტექნიკისა და ხელსაწყოების მხოლოდ შეზღუდული ნაწილით“, დასძინა გიორგი გომიაშვილმა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეს საკითხი 10 მარტს ვენაში გამართულ ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე დააყენა. სხდომაზე გამოსვლისას გომიაშვილმა საქართველოს პოზიცია დააფიქსირა მესაზღვრეების წვრთნის საკითხთან დაკავშირებით, რაც მოიცავს:


1. ქართველ მესაზღვრეთა წვრთნის უზრუნველყოფას ადგილებზე, ანუ მთებში;
2. წვრთნის განხორციელებას შესაბამისი – ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის აღჭურვილობით;
3. წვრთნის დაწყებას არაუგვიანეს 2005 წლის 1 აპრილისა.


რადიო “თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გიორგი გომიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს კონკრეტული მაგალითი ქართველი მესაზღვრეების წრვთნის პროგრამის თაობაზე “ალბათ უფრო არის სისუსტე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა, სადაც რუსეთი მონაწილეობს და სადაც ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს ვეტოს გამოყენების უფლება აქვს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button