ახალი ამბები

რუსი სენატორი საქართველოს პარლამენტის დადგენილებაზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ მარგელოვმა განაცხადა, რომ “თუ საქართველოს რუსული ბაზების დაუყოვნებლივ გაყვანა სურს, ამ შემთხვევაში მოსკოვს არ აქვს არც სურვილი და არც რაიმე აზრს ხედავს იმაში, რომ ამას შეეწინააღმდეგოს“. თუმცა, აქვე დასძინა, რომ რუსული მხარე მოითხოვს მყარ გარანტიებს იმის თაობაზე, რომ რუსულ ბაზებს საქართველოში მესამე ქვეყნის ჯარები არ ჩაანაცვლებენ.


მარგელოვმა საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის მიერ 10 მარტს მიღებულ დადგენილებაზე, რომელიც რუსული ბაზების კანონგარეშედ გამოცხადებას ითვალისწინებს.


“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ერთი ძალა ქრება, მეორე ჩნდება.  ვაკუუმი ძალიან სწრაფად ივსება და ვფიქრობ, რომ საქართველოს წინაშე რუსეთის დამსახურების გათვალისწინებით, მოსკოვს აქვს უფლება მოითხოვოს იმის გარანტიები, რომ რუსეთის ჯარების გამოყვანა არ გახდება მიზეზი სხვა ზესახელმწიფოს ჯარების შემოყვანისა“, განაცხადა მიხეილ მარგელოვმა.


რუსეთი დაჟინებით მოითხოვს თბილისისგან შეიტანოს ჩარჩო ხელშეკრულებაში ის დებულება, რომელიც კრძალავს მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზების განლაგებას საქართველოში. ქართული მხარე აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზები არ განლაგდება, თუმცა არ ეთანხმება ამ დებულების შეტანას ჩარჩო ხელშეკრულებაში.


რუსი სენატორის თქმით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ პანკისის ხეობიდან “ტერორიზმის საფრთხე“ აღარ იარსებებს.


“თუ საქართველო რუსული ბაზების დაუყონებლივ გაყვანას მოითხოვს, ამ შემთხვევაში მოსკოვს არ აქვს არც სურვილი და არც რაიმე აზრს ხედავს იმაში, რომ ამას შეეწინააღმდეგოს. თუმცა, უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუ მოსკოვი საპასუხოდ ულტიმატუმს წაუყენებდა საქართველოს და მოითხოვდა დამაჯერებელ გარანტიებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერორიიდან რუსეთს აღარ შეექმნებოდა ტერორიზმის საფრთხე“, განაცხადა მარგელოვმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ გარდა სამხედრო ბაზებისა, რუსეთს “მთელი რიგი სხვა ბერკეტები გააჩნია თბილისზე ზეწოლის განსახორციელებლად“.  
   

მსგავსი/Related

Back to top button